დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"საქართველოში, პარტიულობის მიუხედავად სულ ორად ორი პოლიტიკურ-მსოფლმედველობრივი ბანაკია" 21.06.2021 12:13

ხანდისხან მეჩვენება, რომ საქართველოში, პარტიულობის მიუხედავად სულ ორად ორი პოლიტიკურ-მსოფლმედველობრივი ბანაკია - "სოფლისტებისა" და "სოფისტებისა", - ამის შესახებ დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ჩვენ, სოფლისტები ვამბობთ, სოფელი - ძირითადი საკითხია პოლიტიკისა, რადგან ქართულად სოფელი არა მოლოდ დასახლებაა, არამედ იგივეა, რაც ბერძნებისთვის იყო - "პოლსი", ე.ი. „მუნ ყოფიერებაა“, იგი - ადამიანის სამკვიდროა; სოფელზე ზრუნვაა პოლიტიკაც, ისევე როგორც საერთოდაც - ზოგადად წუთისოფელიც, მეტიც - სხვა არც არაფერია, მხოლოდ ეს არის; აი დღეს, ეს კონკრეტული მნიშვნელობით - სამკვიდრო, ე.ი. ქართული სოფელი ყოფნა-არყოფნის საფრთხის ქვეშაა; იგი, როგორც სამართალ-სუბიექტი, რეალურად აღარც არსებობს: თავი დავანებოთ იმას, რომ მას არა აქვს სუბიექტობის მთავარი ნიშანი - სათემო საკუთრება, იგი წარმოადგენს სრულიად უნიკალურ შემთხვევას სამართლის ისტორიაში - ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს საკუთარი ტერიტორიისა და ადმინისტრაციის გარეშე. აი, სწორედ ეს არის ანტი-სოფლური, "სვეტსკი" სოფიზმი: სოფელს, რომელიც ცალკე ადმინისტრაციულ (ქართულად - „სამართავ“ ) ერთეულად, მიიჩნევა, აღარც საკუთრივ თავისი ტერიტორია აქვს - სოფლის საზღვრები დღეს აბსოლუტურად გაურკვეველია, დაუფიქსირებელ- დაურეგისტრირებელია, უარესიც - სამართალს იგი პრაქტიკულად აღარც ახსოვს, რადგან არაფერში სჭირდება; და ასევე: სოფელს აღარც თავისი - საკუთრივ სოფლის ადმინისტრაციული (ქართულად „მმართველობის“) ორგანო აღარ ჰყავს; ე.ი. არის ის, რაც აღარ არის და ვერ იქნება.

 

სოფისტების არგუმენტი იგივეა, რაც ზოგადად იყო ისტორიულად მათთვის დამახასიათებელი: ობიექტურ წანამძღვრებს მოკლებული ვითომ ფორმალური, ისეთი ლოგიკა, რომლითაც, შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ მაგ. მზე - ბებოს ბოსტანში მოყვანილი გოგრაა, რადგან გოგრაც მრგვალია და ყვითელი.

 

...მახსენდება ანეკდოტი, რაც ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა კონსტიტუციონალისტმა და გამორჩეულად კვალიფიციურმა იურისტმა - თენგიზ შარმანაშვილმა წლების წინ მიამბო; ადრე, „წინა ცხოვრებაში“, იგი ენათმეცნიერი გახლდათ; ჰოდა, მაშინ ენათმეცნიერების ინსტიტუტს ევალებოდა „მოძმე სოციალისტური ქვეყნებისათვის“ ასპირანტების მომზადება; ჩამოიყვნეს ერთი ვიეტნამელი ახალგაზრდა, ასწავლეს ენათმეცნიერებისა და გრამატიკის „უმაღლესი პილოტაჟი“ და საკანდიდატო დისერტაციაც დააწერინეს; დადგა დისერტაციის დაცვის საზეიმო დღეც, დიდის ამბით გამოიყვანეს დაცვაზე და იმანაც, გასაოცრად დაიწყო სადისერტაციო თემის - „ვიეტნამური ენის გრამატიკაში კაუზატივის შესახებ“ ღრმად-მეცნიერული ამბების საერთაშორისო "კარგი" რუსულით მოყოლა, ამ სიტყვებით: „კაუზატივა, კაკ ტაკავოვა, ვ ვიეტნამსკომ იაზიკე - ნეტ...“ ანუ ქართულად - „კაუზატვი, როგორც ასეთი, ვიეტნამურ ენაში არ არსებობსო...“ და მერე, საათნახევარი „განიხილავდა“ იმას, რომ არსებულიყო, რა იქნებოდა იგი...

 

ანტი-სოფლისტი სოფისტებიც ასე არიან, ვიეტნამელი ასპირანტივით: განიხილავენ და ყაყანებენ იმაზე, რაც არ არის და გვისაბუთებენ, რომ იყოს, რა იქნებოდა. სოფელი, ე.ი. ძირითადი საკითხი პოლიტიკისა, მათ რიცხვშია.

 

ეგეც არაფერი: ასევე მათ რიცხვშია „ნატოს ასპირანტურის“ სხვა, უფრო აქტუალური სადისერტაციო საკითხებიც.

 

არადა, თვითმმართველობის არჩევნებია და თურმე, სოფისტებისთვის - 43% კარს არის მომდგარი!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ