დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ლავრენტი ბერიას ცნობილი აგარაკი კოჯორში გაიყიდა 21.06.2021 23:24

თუ კოჯორში ერთხელ მაინც ყოფილხართ ლურჯ, არქიტექტურულად გამორჩეულ შენობას შენიშნავდით. საინტერესო ჩუქურთმები და ვიტრაჟული ფანჯრები ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევს. ამავე ტერიტორიაზე ორსართულიანი შენობა დგას. ეს შენობა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, ლავრენტი ბერიას საზაფხულო რეზიდენცია იყო. ამ ფუნქციის დაკარგვის შემდეგ, ტერიტორია წლები სახელმწიფო ბალანსზე იყო, შენობას ეს ეტყობა კიდეც - ჩალეწილია ფანჯრები, აყრილია იატაკი, კედლები დამწვარია, სახურავი კი ჩამოშლილია. განადგურებული შენობა ნელ-ნელა პირვანდელ იერსახისაც კარგავს.

 

თუმცა, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში სახელმწიფომ 22 560 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები 2 504 000 ლარად გაასხვისა. კოჯრის მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეულ აგარაკები 15 აპრილს 2 504 000 ლარად შპს „შპს იბეროტელმა“ იყიდა. 1 კვ.მ მიწის ფასი 110 ლარი გამოდის. აუქციონში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, ბიჯების რაოდენობა 434 იყო. მიუხედავად იმისა, რომ „იბეროტელს“ ქონების შესყიდვის დიდი სურვილი ჰქონდა, კომპანიის დირექტორი ივანე ბარბაქაძე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით არ იცის როგორ განავითარებენ აგარაკს, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა.

 

„როდესაც საბოლოოდ შევთანხმდებით პარტნიორებთან, დეტალებს შეგატყობინებთ. რამდენ ხანში გვექნება ინფორმაცია არ ვიცი, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რეალურად ვინც უნდა განავითაროს ტერიტორია, იმასთან ამ დრომდე მოლაპარაკებები გვაქვს“, - გვითხრა ივანე ბარბაქაძემ.

 

კოჯრის გამორჩეული აგარაკის ახალ მფლობელს საინვესტიციო ვალდებულები არ აქვს, თუმცა აუქციონის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ საპრივატიზებო ობიექტზე მიმდინარეობს წარმოება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესაბამისად, ინვესტორი ცნობილი შენობების იერსახის შეცვლას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.

 

შენობას ბევრი მითი და ისტორია უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, აგარაკი ბოლო მეფისნაცვლის მოღვაწეობის პერიოდშია აშენებული. 1925-იან წლებში ამ შენობაში 1921–24 წლებში რეპრესირებულთა დაობლებული ბავშვების თავშესაფარი იყო. გასაბჭოების შემდეგ კი კოჯორში ყველა შენობა საქალაქო სამმართველოს გადაეცა. მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეული ლურჯი შენობა, იმ დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს აგარაკი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიაზე ბავშვთა ბანაკი მოეწყო, მოგვიანებით კი ტერიტორია მიატოვეს და წლების განმავლობაში სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა. როგორ განავითარებს ახალი ინვესტორი  განადგურებულ ისტორიულ შენობებს, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო: commersant.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ