საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. (საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი მისამართებით)
რა რეგულაციები უნდა დაიცვან და რომელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა გამოცდებზე?
"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ინფორმაციას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ.
აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე, 21 ივნისის 11:00 საათიდან შეუძლიათ.
საგამოცდო ბარათზე კონკრეტულად მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
იმისათვის, რომ გამოცდაზე აბიტურიენტი დაუშვან, მას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად აუცილებელად უნდა ჰქონდეს საგამოცდო ბარათი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა მონაწილეს აფრთხილებს, რომ ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შემდეგი რეგულაციები იმოქმედებს:
პროცესს არ გამოეთიშებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდებათ. საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე, მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრება. ცენტრი უფლებამოსილია დამატებით სესიაზე მოიწვიოს გამოსაცდელები, ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ. ამასთან, დამატებითი სესია თითო საგანში მხოლოდ ერთხელ გაიმართება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ საგამოცდო სესიის მონაწილეთა განსაზღვრა მოხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.
რეკომენდაციების შესაბამისად, გასული წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი. პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა. კონდიციონერები ირთვება 30°გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. ცენტრი წელსაც მოაწყობს სპეციალურ სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.
აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი რეკომენდაციებით:
1. მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
2. ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
3. დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.
გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში - წყალი პლასტმასის ბოთლით, დამატებითი პირბადე და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, რომ ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი და აუცილებლად, დაიცვან ზემოთ ხსენებული რეკომენდაციები.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სტანდარტული ტარიფით.
ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებითი მოძრავებს:
1. მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;
2. მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177, №173 და №39 სკოლებამდე;
3. მეტრო „ვარკეთილიდან” №117 სკოლამდე;
4. მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.
საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის 06:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს.
პ.ს. მასალა მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge