დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გაოცებასა და იმედგაცრუებას იწვევს მისი აღმატებულება აშშ-ს ელჩის პოზიცია - დავით ზარდიაშვილი 24.06.2021 14:31

რასაკვირველია, „ლელო“ მამუკასა და სრულიად ნაცების მუქარა, რომ ისინი განაახლებენ პარლმენტის ბოიკოტირებას (უფრო სწორედ - საბოტირებას), თუკი მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ შეწყდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესის წარმართვის ინსტრუმენტები და რესურსი დღევანდელ ამ ექსტრემისტულ ოპოზიციას პრაქტიკულად - არ გააჩნია, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"გაოცებასა და იმედგაცრუებას იწვევს მისი აღმატებულება აშშ-ს ელჩის პოზიცია: იგი კვლავ მოუწოდებს პარლამენტს, რომ სანამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს არ მიიღებენ, შეჩერდეს უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესი. სამართლებრივად, ეს მხოლოდ იმ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი სულ მინიმუმ შეჩერდება კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის („უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე“) და ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის 1-ელი პუნქტის (იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების შერჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს „უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“) მოქმედება!

 

სხვაგვარად, რაც არ უნდა ეწეროს ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტში, ცხადია, იგი კონსტიტუციასა და ორგანულ კანონის მოქმედებას ვერაფრით შეაჩერებს და ვერც ვერაფრით შეცვლის.

 

თუ ოპოზიცია ასე კატეგორიულია მოსამართლეების საკითხში, საბოტაჟით კი არ უნდა იმუქრებოდეს, არამედ, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები უნდა დააყენოს, ე.ი. კონსტიტუციასა და ორგანულ კანონში უნდა შეტანილი იქნას გარდამავალი დებულებები, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის ზემოაღნიშნული ნორმების მოქმედებას იქამდე შეაჩერებს, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ისეთ ახალ რედაქციას, სადაც ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებებია ასახული.

 

ასევე, თუ მისი აღმატებულება ქ-ნი ელჩი ისეთივე კატეგორიულია მოსამართლეების საკითხში, როგორც ეს, საბოტაჟის განახლებისკენ მიდრეკილი, მაშასადმე- კვლავაც ექსტრემისტული ოპოზიცია, მას უნდა შესაბამისი რჩევებით დაეხმაროს, რათა პოლიტიკური პროცესი არ გავიდეს სამართლის ჩარჩოებიდან. სახელდობრ - მომზადდეს და დაინიცირდეს ზემოაღნიშნული ცვლილებების პროექტი. ხოლო რადგან ქ-ნი ელჩის მხრივ ასეთი მიმართულების რჩევები არ ჩანს, მისი განცხადებები პარლამენტის ისევ საბოტირების და პროცესის კვლავ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლის წაქეზებად აღიქმება. რაც ცხადია, უკიდურესად სავალალო და შემაშფოთებელია!

 

და კიდევ ერთიც: მთლიანად პოლიტიკური პროცესი აჩვენებს, რამდენად მყიფეა ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, როგორც პოლიტიკური შეთანხმება. ნაცები მას დღემდე არც აწერენ ხელს, ხოლო „ლელო“ კი ნებისმიერ დროს მზად არის და მხოლოდ საბაბს ეძებს, რათა ისევ „ხელების გადაგრეხით“ შეიტანოს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში", - წერს დავით ზარდიაშვილი. 

 

ცნობისათვის, აშშ-ის საელჩო საქართველოში 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერებს შეახსენებს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოში "მიმდინარე დანიშვნების შეჩერებას" და რომ მათ აიღეს ვალდებულება, გატარდეს მართლმსაჯულების ღრმა და ინკლუზიური რეფორმა, ასევე, მიღებულ იქნეს ახალი კანონმდებლობა უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ