დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რას მიიღებს "ოცნება" ამერიკისგან, თუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს? 24.06.2021 17:34

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, არ შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ელჩების მოწოდება, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა შეეჩერებინა. ამის შემდეგ, აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი, რომელშიც, სასამართლოში "მიმდინარე დანიშვნების შეჩერებასთან" დაკავშირებული პუნქტები ყვითლად მონიშნა.

 

მეტიც, ​ელჩებმა მმართველ გუნდს წერილით მომართეს, სადაც, შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები შეახსენეს და ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ მათ აქვთ კონსტიტუციური ვალდებულება, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი უზრუნველყონ.

 

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან. მმართველი გუნდი კი, დოკუმენტის პუნქტებს არღვევს და გაწერილ ვალდებულებებს თავს არიდებს. 

 

როგორ უნდა გავიგოთ ამერიკის გზავნილი შესაძლო ფინანსური დახმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს მესიჯი, რბილად რომ ვთქვათ, მინიმუმ გაფრთხილება და თუ ხელისუფლებას უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას კონსტიტუცია ავალდებულებს, როგორ უნდა მოიქცეს "ოცნება", რომ შარლ მიშელის შეთანხმება არ დაარღვიოს და თან კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს, - ამ საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსი" დიპლომატ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა. 

 

ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და ამერიკის მესიჯი არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თითქოს ის "ქართულ ოცნებას" თითს უქნევს. მისი თქმით, ამერიკა ქვეყნებთან ურთიერთობას რეკომენდაციების საფუძველზე ინარჩუნებს და საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს მისი შეხედულებები. 

 

"გულახდილად რომ გითხრათ, ამერიკის საელჩოს ნაბიჯების შეფასება გამიჭირდება. ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების აზრის გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს. ხელისუფლებამ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და საჭიროა, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია სრულად იყოს გათვალისწინებული. ძნელია, სხვაგვარი პოზიცია მქონდეს.

 

ნუ ვეძებთ, რომ ეს იყო თითის დაქნევა, ან რაიმე მსგავსი. ამერიკა ქვეყნებთან ურთიერთობას შანტაჟის მეთოდებით არ აგებს, როგორც წესი, ეს ხდება რეკომენდაციებით. მოვლენათა განვითარება აჩვენებს, რომ ეს რეკომენდაციები არის ერთადერთი სწორი, რომელსაც გაზიარება სჭირდებოდა. შესაბამისად, ამერიკის ამგვარ განცხადებას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ,"- აცხადებს მენაღარიშვილი. 

 

რა დილემის წინაშეა "ქართული ოცნება," თუ კონსტიტუცია მოსამართლეების დანიშვნის ვალდებულებას ანიჭებს და ამავდროულად, ეს წინააღმდეგობაში მოდის შარლ მიშელის დოკუმენტთან, -  მენაღარიშვილი პასუხობს, რომ "ამასთან დაკავშირებით მას კონკრეტული რჩევა არ აქვს, რადგან, ეს თემა სახელმწიფოს მართვას ეხება."

 

"რა თქმა უნდა, კანონი უნდა იყოს დაცული, მაგრამ, ეს უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების დროს, არამედ მაშინაც, როცა ხელშეკრულებას აწერენ ხელს, ან რაიმე სახის შეთანხმება ხდება. სხვა შემთხვევაში, შეთანხმების დარღვევა ძალიან მტკივნეული იქნება და შეთანხმების დამრღვევ მხარეს ავტორიტეტს ულახავს,"- აღნიშნავს მენაღარიშვილი. 

 

დიპლომატი "ლელოს" ინიციატივასაც ეხმიანება, რომლის თანახმადაც, თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ეს ნაბიჯი მისთვისვე იქნება საზიანო. 

 

"ბატონი ხაზარაძე უნდა დაფიქრდეს, პარლამენტი რომ დატოვოს, რას მიიღებს ამით. რას აძლევს მსგავსი ქმედება სახელმწიფოს, ქვეყანას და კონკრეტულად მას, ვინც მსგავს ნაბიჯს გადადგამს?! ერთის მხრივ, ეს პირდაპირ შეტევაა პარლამენტის ქმედითუნარიანობაზე, მეორეს მხრივ, პრობლემებს ისევ ამ პარტიებს უქმნის,"- აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი და დასძენს, რომ როცა პოლიტიკოსი მსგავს განცხადებას აკეთებ, მისი მოსალოდნელი შედეგები სერიოზულად უნდა იყოს გაანალიზებული.

 

/თათია შაიშმელაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ