დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რატომ არ ყოფილა გეი აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2012 წლამდე? - ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი 24.06.2021 23:05

ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი (საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრები):

რა არის „პრაიდი“?
ქართულ უცხო სიტყვათა ლექსიკონში ეს სიტყვა ასე განიმარტება - „ლომის, ვეფხვისა და მისთანათა ოჯახი“, ხოლო ინგლისურ ენაში სიტყვა „pride“ „სიამაყეს“ ნიშნავს. ლგბტ თემი 5 ივლისს თბილისის ცენტრში სწორედ პრაიდის გამართვას აპირებს.
სიძლიერით, სილამაზით და სიამაყით გამორჩეული ადამიანების შედარება ლომებთან და ვეფხვებთან ხშირად გვხვდება მსოფლიო ლიტერატურაში. ჩვენი ეროვნული საუნჯე „ვეფხისტყაოსანიც“ ხომ ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული მსოფლიო შედევრია. მართალია, საკუთარი თავის გაიგივება სიძლიერით, სილამაზით და სიამაყით გამორჩეულ ლომებთან და ვეფხვებთან მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლებს მოუვიდათ აზრად და მთელ მსოფლიოში თავიანთ მანიფესტაციებს სწორედ „პრაიდებს“ უწოდებენ, მაგრამ მათ ვერავინ დაუშლის, თუ რას დაარქმევს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას. ეს მათი უფლებაა და ჩვენ, ანუ დანარჩენებს, შეგვიძლია მხოლოდ ჩვენთვის შევაფასოთ, გვანან თუ არა ისინი სიძლიერით, სილამაზით და სიამაყით გამორჩეულ ლომებსა და ვეფხვებს.
მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ ლგბტ თემი საკუთარი უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში აგრესიულად ცდილობს დაანგრიოს ის მორალუ-რზნეობრივი ნორმები და რელიგიური დოგმები, რომელიც კაცობრიობამ საუკუნეთა მანძილზე ჩამოაყალიბა და რომლის საფუძველზეც დადგენილია ცხოვრების თანამედროვე წესები. შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებული ეს წესები სულ რაღაც 30 წელიწადში უკვე საკმაოდ შეარყიეს მთელ მსოფლიოში. სწორედ 30 წლის წინ გამოქვეყნდა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დასკვნა, რომ არც ერთნაირსქესიანთა სიყვარული, არც ბისექსუალიზმი და არც ტრანსგენდერობა არ არის არაბუნებრივი მოვლენები და ისინი არ წარმოადგენენ ფსიქიკურ გადახრებს. ანუ, რადგან ფსიქიკური გადახრა არ არის, ე. ი. ნორმაა, ხოლო რადგან ნორმაა, ამიტომ აბსოლუტურად ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ ლგბტ ადამიანებს, როგორც ჰეტეროსექსუალებს. ამის შემდეგ ლგბტ თემმა არა მხოლოდ სრულ თანასწორობას მიაღწია, არამედ მოინდომეს და აგრესიული ქმედებებით ბევრგან მიაღწიეს კიდეც ტრადიციული ღირებულებების მატარებელ ადამიანებზე უპირატესობის მოპოვებას. ჩვენ აქ არ ჩავუღრმავდებით კონკრეტულ მაგალითებს, მხოლოდ ბოლო მაგალითს მოვიტანთ:
ათიოდე დღის წინ, ივნისის შუა რიცხვებში უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლითაც იკრძალება ლგბტ პროპაგანდა სკოლებში და ლგბტ საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის! ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის შეფასებით ეს კანონი განასხვავებს ხალხს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე და არღვევს ევროპული გაერთიანების ძირითად პრინციპებს, რის გამოც მან კანონს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ ის ევროკომისიის ყველა უფლებამოსილებას გამოიყენებს ევროპის მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ანუ მისი მოთხოვნით, ბავშვებს სკოლაში უნდა ასწავლონ, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ისინი საპირისპირო სქესს შეიყვარებენ თუ თავისივე სქესის წარმომადგენლებს და ვინც იტყვის, რომ ნორმა მხოლოდ განსხვავებულ სქესიანთა სიყვარული და ურთიერთლტოლვაა, ის იქნება სამარცხვინო.
არავინ დავობს იმაზე, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა დევნა დასაგმობი და სამარცხვინოა. თუმცა, საზოგადოებრივ საფრთხეს იწვევს მათი მისწრაფება, რომ რადაც უნდა დაუჯდეთ სექსუალური ნიშნით თავიანთი განსხვავებულობა გამოხატონ ე. წ. პრაიდებისა და საზოგადოების მიმართ გამომწვევი ფორმების დემონსტრირებით, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას განიხილავს მისი ცხოვრების წესში, მორალურ-ზნეობრივ და ტრადიციულ ფასეულობებში უხეშ ჩარევად, რის გამოც მათ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა, რომელიც ხშირად არასასურველ აგრესიაში გადადის. როდესაც საზოგადოების 90%-ზე მეტს ეუბნებიან, რომ შენი ცხოვრების წესი, მორალურ-ზნეობრივი კატეგორიები, რელიგია და მისი სწავლება უბრალოდ, სამარცხვინოა და ამიტომ შენც სამარცხვინო ადამიანი ხარ, ასეთ ადამიანებს ბუნებრივად უჩნდებათ ამის მქადაგებლების მიუღებლობა და სურვილი, რომ დაიცვან საკუთარი ოჯახები მიუღებელი იდეოლოგიის მქადაგებლებისგან. ეს რა თქმა უნდა, იწვევს აგრესიას, რაზეც ლგბტ აქტივისტებისგან ხშირად მოგვისმენია „მომაკვდინებელი“ კითხვა - „რა, ლგბტ პროპაგანდით ჰეტეროსექსუალი ჰომოსექსუალად გადაიქცევა?“ და კიდევ: „სხეული ჩემი საკუთრებაა, როგორც მინდა ისე მოვიხმარ და არავისა აქვს ამის გამო ჩემი განსჯის უფლება!“
თუ ჰეტეროსექსუალს მუდმივად უქადაგებ, რომ ერთნაირსქესიანთა სიყვარული და მათ შორის სექსუალური ურთიერთობა სრულიად ბუნებრივი მისწრაფებაა და თანაც, ეს მხოლოდ ძლიერი, ლამაზი და ამაყი ლომის მსგავსი თანამედროვე ადამიანების ხვედრია, რა თქმა უნდა, ასეთი სიყვარულის გამოცდის ცდუნება ბუნებრივად წარმოიშობა. მერე შეიძლება მოეწონოთ კიდეც. ისევე როგორც, თუ გამოჩნდებიან კანიბალები, რომლებიც ყოველდღიური პროპაგანდით, ადამიანის ხორცის ჭამით მიღებულ სიამოვნებაზე გამუდმებით ესაუბრებიან საზოგადოებას ტელესივრციდან, მოაწყობენ მასობრივ ღონისძიებებს, რომლებზეც მონაწილეებს შესთავაზებენ გემრიელად შემწვარ ან მოხარშულ ადამიანის სხეულის ნაწილებს, თანაც ეტყვიან, რომ კანიბალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება სამარცხვინოა, რადგან სხეული კერძო პირის საკუთრებაა და სიკვდილის შემთხვევაში მას შეუძლია ის კანიბალებს უანდერძოს შესაჭმელად, ამ ყველაფრის აკრძალვა ხომ ანტილიბერალურ ქმედებად უნდა ჩაითვალოს? ასეთივე ლოგიკით, რადგან სხეული ჩემი საკუთრებაა, რატომ უნდა იკრძალებოდეს დედიშობილად გამოჩენა საზოგადოებაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსით დაკავება?
ამ კითხვებზე პასუხი ან ულტრალიბერალურია და ყველა ზემოთ აღწერილი ქმედება დიახაც, დასაშვებია, ან ეს ყველაფერი საზოგადოებრივი მორალიდან გამომდინარე, დაუშვებელია. თუ ვაღიარებთ საზოგადოებრივი მორალის, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, რელიგიისა და მარადიული ღირებულებების არსებობის აუცილებლობას, მაშინ ეს პრაიდები და ლგბტ აქციები საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გამოსაწვევად და მათი პროვოცირების მიზნით არ უნდა ტარდებოდეს, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის მთავარ მოედანზე, რადგან ეს ჯგუფები ამით არა ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებას უგზავნიან გამოწვევას და შემდეგ თავებს დევნის მსხვერპლებად წარმოაჩენენ. ეს არ არის ხელისუფლებასა და საზოგადოების რომელიღაც სეგმენტს შორის დასარეგულირებელი საკითხი, ეს არის საზოგადოების შიგნით მიუღებლობის პრობლემა, ხოლო რადგან შეუძლებელია ყველა ქვეყნის ტრადიციებს, ზნეობას და მორალს ერთი კრიტერიუმით მივუდგეთ, ამიტომ გულუბრყვილობა იქნება, თუ კავკასიის რომელიმე ქვეყანას ცხოვრების წესით შევადარებთ მაგალითად, ნიდერლანდებს ან ფინეთს თუნდაც ლგბტ თემთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ასეთ პირობებში სრული უპასუხისმგებლობა და პროვოკაციაა მოთხოვო ხელისუფლებას, რომ 100 კაცის დასაცავად დაერბიოს, დაასახიჩროს და დააპატიმროს ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგოდ გამოსული ათასობით ადამიანი, რადგან ხელისუფლების ვალდებულება საზოგადოებრივი სიმშვიდის დაცვაა და არა საზოგადოებრივი განხეთქილებისა და დაპირისპირების წახალისება.
ერთიც საკითხავია: რატომ არ ყოფილა გეი აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2012 წლამდე? ეს თავისთავად ბადებს ეჭვს - ხომ არ არის მათი 2013 წლიდან გააქტიურება დაკავშირებული პოლიტიკურ კონტექსტთან და ხომ არ უწყობენ ამას ხელს ნაცმოძრაობის აქტივისტები სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განხეთქილება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ამჟამინდელი ხელისულფება „ანტიდასავლური ღირებულებების მატარებელი“, „ბნელი“ და „ჩამორჩენილია“, რადგან ვერ ახერხებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისგან რამდენიმე ათეული (თუ ასეული) ლგბტ აქტივისტისათვის პრაიდის ჩატარების უზრუნველყოფას?
თუ ლგბტ ჯგუფებს მართლა საკუთარი უფლებების დაცვისათვის ბრძოლა და რეალურად არსებული პრობლემების გადაჭრა სურთ, ამის მიღწევა არა პროვოკაციული პროპაგანდისტული ღონისძიებებით, არამედ სამართლებრივი გზებითაც სავსებით შესაძლებელია, რის საშუალებასაც ქართული კანონმდებლობა ნამდვილად იძლევა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ