დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მზად არის თუ არა ევროკავშირი 2030 წლისათვის საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს 12.08.2021 15:57

რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გახდება თუ არა  საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი 2030 წლისათვის“, რომელშიც განხილულია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა (ავტორები - ეკატერინე პოსტნიკოვა და ელნარ ბაინაზაროვი).

 

„ევროკავშირი აღიარებს მისი სამი ასოცირებული წევრის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ სწრაფვას. როგორც „იზვესტიას“ ევროკომისიაში განუცხადეს, სამივე ქვეყანასთან დადებული შეთანხმებები იმას ნიშნავს, რომ მხარეთა მიზანს პოლიტიკური და ეკონომიკურ დაახლოება წარმოადგენს. მაგრამ კითხვას - მზად არის თუ არა ევროკავშირი 2030 წლისათვის საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც ეს თბილისს სურს, ევროკომისიაში პასუხი არ გასცეს. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვი სამივე ქვეყნის ევროპულ  პერსპექტივას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციის ავტორები იმოწმებენ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლის ვლადიმერ ჩიჟოვის ამასწინანდელ ნათქვამს, რომლის თანახმად, „იმ მომენტამდე, როცა მათი მიღების საკითხი აქტუალური გახდება, ჩვენ ვერ ვიცოცხლებთ“, ანუ ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის გაწევრების ალბათობა ძალიან მცირეა და თუ ეს როდისმე მოხდება, მხოლოდ შორეულ მომავალში.

 

სტატიაში საუბარია აგრეთვე ბათუმში გამართულ „ასოცირებული ტრიოს“ სამიტის შესახებ, რომლის დროსაც პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა, მაია სანდუმ და ვლადიმერ ზელენსკიმ, ევროსაბჭოს ლიდერის შარლ მიშელის თანდასწრებით, თბილისის, კიევისა და კიშინიოვის ევროპული მიზნები დააფიქსირეს.

 

„ექსპერტების აზრით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ტყუილი მოლოდინი აქვთ იმისა, რომ ევროკავშირი მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის კართან უკვე დგანან დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, ჩერნოგორია... ისინი თავიანთ საათს - წევრად მიღებას 2000-იანი წლების შუახანებიდან ელოდებიან.

 

„ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განზრახვა და სურვილი გასაგებია, მაგრამ ევროკავშირში მათი მიღების პერსპექტივა, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია“, - ამბობს „იზვესტია“-სთან საუბარში  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის („მგიმო“) ინტეგრაციული პროცესების კათედრის ხელმძღვანელი ნიკოლა კავეშნიკოვი, - ამჟამად ევროკავშირის გაფართოების პროცესი გაყინულია. დღეისათვის, შეიძლება ითქვას, არსებობს არაოფიციალური რიგი ევროკავშირში გაწევრების მიზნით, მაგალითად, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნების სახით. ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს დადგენილება, რომლის მიხედვით, ადრე მოხდება თუ გვიან, ისინი წევრად მაინც მიღებულნი იქნებიან. საკითხი მხოლოდ ვადებსა და რეფორმების სწრაფ რეალიზებას ეხება. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებს და უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციებსაც - იქ არიან ისეთი ძალები და ქვეყნები, რომლებსაც გაფართოებას არ მიესალმებიან და სურთ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება შორს გადაიდოს.

 

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა გეოგრაფიულ პრინციპზეც: მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - მოლდოვა და უკრაინა უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებს ესაზღვრებიან, სამხრეთ კავკასია, სადაც საქართველო მდებარეობს, ევროპისაგან საკმაოდ შორს არის და შეიძლება ითქვას, ევროპას არც მიეკუთვნება. არსებობს მაროკოს პრეცედენტი, რომელმაც ევროკავშირში მიღების განაცხადი ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს წარადგინა, მაგრამ მას მკაფიოდ აუხსნეს, რომ გეოგრაფიული პრინციპის გამო აფრიკული სახელმწიფო ევროპის კავშირის წევრი ვერ გახდება.

 

„საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრება „პროცედურულადაც კი არარეალურია: ამისათვის კანდიდატ ქვეყნებს ტერიტორიული დავები და პრეტენზიების არ უნდა ჰქონდეთ, - განმარტავს „იზვესტიასთან“ საუბარში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევების განყოფილების უფროსი ვლადიმერ შვეიცერი, - „უფრო მეტიც: ამჟამად ევროკავშირს იმდენი პრობლემები და თავის ტკივილი აქვს, რომ მას ვინმეს ბუქსირზე აყვანა აღარ შეუძლია“.

 

„ბრიუსელს შეუძლია ასეც განაცხადოს - „ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენი მიღების საკითხი ახლო მომავალში გადავწყვიტოთ“, მაგრამ ამ მიმართულებით ის რეალურად არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს, ჩამოთვლილი მიზეზების გამო“, - ასკვნის ვლადიმერ შვეიცერი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ