დღე: 23

ღამე: 12

USD 2.6788

EUR 2.8583

ნეტფლიქსის ახალ ფილმში მერილ სტრიპი პრეზიდენტად გვევლინება 27.09.2021 22:30

 

ლეგენდარული მერილ სტრიპი უამრავ საინტერესო და დაუვიწყარ როლში გვინახავს, თუმცა, პრეზიდენტის როლი არასდროს განუსახიერებია. და, აი, 72 წლის ოსკაროსან მსახიობს ამის შესაძლებლობაც მიეცა — ნეტფლიქსის ახალ ფილმში, Don’t Look Up, სტრიპს ჯენიფერ ლოურენსთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ვიხილავთ.

 

კინოსურათის რეჟისორი ადამ მაქკეია, როლებს კი ზემოხსენებულ ვარსკვლავებთან ერთად, ტიმოთი შალამე, არიანა გრანდე და ქეით ბლანშეტი განასახიერებენ.

 

რაც შეეხება ლოურენსსა და დიკაპრიოს, ისინი არცთუ პერსპექტიული ასტრონომების როლს ასრულებენ, რომლებიც მოსალოდნელი უბედურების წინ პოლიტიკოსების გაფრთხილებას ცდილობენ. უბედურება კი უზარმაზარი ასტეროიდია, რომელიც დედამიწას უახლოვდება. პოლიტიკოსების სკეპტიკური დამოკიდებულება გაფრთხილებისადმი ერთგვარი ირონიული მინიშნებაა დღევანდელ სიტუაციაზე, როცა კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობებს ბევრი უგულებელყოფს.

 

ლოურენსი, რომელიც ასტრონომიის კურსდამთავრებულ ქეით დიბიანსკის განასახიერებს, დარწმუნებულია, რომ ასტეროიდი პირდაპირ დედამიწას შეასკდება, ამიტომ, ცნობის გასავრცელებლად მედიას მიმართავს.

 

აი, მერილ სტრიპი კი აშშ-ის პრეზიდენტის როლშია, რომელიც ასტრონომების აღმოჩენას უფრო საეჭვოდ მიიჩნევს, ვიდრე სახიფათოდ.

"იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი შეხვედრა გვქონდა იმაზე, რომ 'სამყაროს დასასრული დადგა'?", — ეკითხება იგი მეცნიერებს.

 

რეჟისორი მაქკეი ადასტურებს, რომ სცენარის შექმნის ინსპირაცია კლიმატის ცვლილება იყო, თუმცა, პანდემიამ იდეა უფრო განავრცო. მისი თქმით, ფილმი იმაზეა, თუ როგორ ვურთიერთობთ დღეს ერთმანეთთან.

 

"ერთმანეთს ვეღარც ვესაუბრებით და ვეღარც ვთანხმდებით. ამდენად, ცხადია, ეს [ფილმი] კლიმატის ცვლილებაზეა, თუმცა, სიღრმისეულად თუ მივუდგებით, იმაზეც არის, თუ რა მოუტანა ინტერნეტმა, ტელეფონებმა და თანამედროვე სამყარომ ჩვენ შორის კომუნიკაციას".

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ