"სააკაშვილმა სწორად ვერ შეაფასა სიტუაცია ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში"- უცხოური პრესა

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთ“-ში (Cumhuriyet)  გამოქვეყნებული სტატიაში სათაურით „მიხეილ სააკაშვილი - კაცი, რომელმაც ორი ქვეყანა აურია“, განხილულია საქართველოში გამართული არჩევნების შედეგები ექს-პრეზიდენტის დაბრუნების ფონზე. (ავტორი - დენიზ ბერქთაი).

 

„საქართველოში ამას წინათ გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ორი თავისებურება ახასიათებდა: პირველი - ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ ამ არჩევნების შედეგებით  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა და მეორე - საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებით მოსახლეობა მხარს ოპოზიციას დაუჭერდა, მაგრამ არც პირველი და არც მეორე არ გამართლდა - მთლიანობაში გამარჯვება მაინც მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა... თუმცა მაინც რჩება ერთი „სახიფათო“ მომენტი: რადგანაც ქალაქების მერების არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდება“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

ავტორი ყურადღებას უთმობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიის ფაქტებს ორ ქვეყანაში - საქართველოში და უკრაინაში საქმიანობიდან:

 

საქართველოში მან რევოლუცია მოახდინა, ორჯერ იქნა არჩეული პრეზიდენტად, ქვეყანა რეფორმების განხორციელების ისეთ მოდელად გადააქცია, რომელსაც აშშ სამაგალითოდ თვლიდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. სამწუხაროდ, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით შეეცადა სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებას, რაც მისი უდიდესი შეცდომა იყო: იგი თვლიდა, რომ დასავლეთი მას მხარს დაუჭერს, რუსეთი კი, დასავლეთის შიშით, საომარ ვითარებაში ჩარევას ვერ გაბედავს. მაგრამ ომში საქართველო დამარცხდა, რას ქვეყანას ძვირად დაუჯდა... საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი, მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნების დამარცხებისა და პრეზიდენტობის ვადის დასრულების გამო, საქართველოდან აშშ-ში წავიდა, მოგვიანებით კი უკრაინაში.

 

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი 2014 წელს გამოჩნდა, პროდასავლური მაიდნის რევოლუციის დღეებში. ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი, აშშ-ის რეკომენდაციით, ჯერ თავის მრჩევლად, შემდეგ კი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. იმ დროისთვის უკრაინაში უკვე ბევრი ქართველი „სპეციალისტი“ იყო წასული, რომლებიც რეფორმატორებად იქნენ შეარცხულნი: მათგან ზოგი პოლიციის სფეროში დასაქმდა, ზოგიც ჯანდაცვაში, ზოგიც - მართლმსაჯულებაში. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების იმედები ვერ გაამართლა, ოდესაში სიტუაცია ვერ გამოასწორა და უფრო მეტიც - წინ აღუდგა ოდესის მერად გენადი ტრუხანოვის არჩევას და მას „რევოლუციით“ დაემუქრა. მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილს მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით იგი დაუპირისპირდა უკრაინის პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს... საბოლოოდ კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. მისმა მემკვიდრემ ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ყველა დანაშაული აპატია, მოქალაქეობა დაუბრუნა და ახალ თანამდებობაზე დანიშნა.

 

დღეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, დაპატიმრებულია და ციხეში იმყოფება. ჯერჯერობით მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში გამართული საპროტესტო აქციები ერთობ მცირერიცხოვანია. პატიმრის სტატუსმა იგი სახალხო გმირი ვერ გახადა. მართალია, იგი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ რამდენად დაეხმარება კიევი გათავისუფლებაში, გაურკვეველია. ცალკე საკითხია ის, თუ რა გავლენას (ზეწოლას) მოახდენს აშშ საქართველოზე...

 

მიხეილ სააკაშვილმა სწორად ვერ შეაფასა სიტუაცია ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ქვეყანაში სიტუაციის პოლარიზება ახლა მის გარეშეც გაგრძელდება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები