"ექს-პრეზიდენტის დაბრუნებას ქართველთა უმრავლესობაში აღფრთოვანება არ გამოუწვევია“ - უცხოური პრესა

რუსეთის გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“ (Новая газета, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსით) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მიშა წავიდა - პენსიაც აღარ გაზრდილა“, რომელშიც ავტორის - გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტის ირინა ტუმაკოვას - შთაბეჭდილებაა გადმოცემული თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 10 ოქტომბერს ჩატარებული მიტინგის შესახებ.

 

„საქართველოში მიტინგები რეგულარულად ტარდება: მაგალითად, 10 ოქტომბერს ანტიკოვიდური შეზღუდვების მოწინააღმდეგეები მიტინგობდნენ, მანამდე ერთი დღის წინ ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები შეიკრიბნენ, უფრო ადრე კი აქცია რუსთავის საპყრობილესთან გაიმართა ლოზუნგით „მიშა მაგარია“. სხვათა შორის, ეს ლოზუნგი 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჩნდა. „მიშა“ იმ პერიოდში მართლაც მაგარი იყო:  იმდროინდელი ფანტასტიკური რეფორმების ნაყოფი, რომლებიც ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში განხორციელდა, დღესაც შესამჩნევია. ის, თუ რა მოუვიდა პრეზიდენტს მმართველობის მეორე ვადის დროს, საქართველოში სადაო საკითხს წარმოადგენს. სწორედ მიშას [ნეგატიური] ცვლილებით აიხსნება ის ფაქტი, რომ ექს-პრეზიდენტის დაბრუნებას სამშობლოში - 8 წლის შემდეგ - ქართველთა უმრავლესობაში აღფრთოვანება არ გამოუწვევია“, - წერს ავტორი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიიდან მისი უკრაინაში საქმიანობის ეპიზოდებს იხსენებს.

 

„რადგანაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სასამართლომ დამნაშავედ აღიარა და მას პატიმრობის განაჩენი გამოუტანა, სამშობლოში იგი სპეცოპერაციის რეჟიმით დაბრუნდა. ხელისუფლებამაც, შესაბამისად, ექს-პრეზიდენტი სპეცოპერაციის რეჟიმით დაიჭირა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

როგორც ავტორი წერს, არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ნერვიულობდა: მის ჩასვლას თვითმფრინავით ციდან ელოდნენ, ის კი ზღვით შევიდა. ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში სამი დღე სხვადასხვა ქალაქებში სეირნობდა და ვიდეოს აქვეყნებდა, ხელისუფლება კი მოსახლეობას ატყუებდა, მიშა უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში ისვენებს, საქართველოში არ ჩამოსულაო... საბოლოოდ კი, პირველ ოქტომბერს, უეცრად პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა - დაჭერილია და რუსთავის საპყრობილეშია გადაყვანილიო. ამასობაში კი არჩევნები ჩატარდა, მისი შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა - ოპოზიციამ მმართველი პარტია ძალიან შეავიწროვა: ქვეყნის 20-მდე ქალაქში, მერების არჩევისას, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს. ექს-პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ ამაში თავისი როლი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ შეასრულა“.

 

„მაგრამ დღეები გადიოდა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მისი სოლიდარობის მიტინგის ჩატარებას აგვიანებდნენ. ბოლოს დადგინდა, რომ მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლა 10 ოქტომბერს გაიმართებოდა, ამისთვის ყველაფერი მომზადდა, მაგრამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გამოცხადებული გლოვის დღის გამო მიტინგი 14 ოქტომბრისთვის გადაიტანეს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორი, რომელიც 10 ოქტომბერს პარლამენტის წინ ჩატარებულ ოპოზიციის (დეპუტატ თაკო ჩარკვიანის ინიციტივით) საპროტესტო აქციას ესწრებოდა, ესაუბრება რიგით მოქალაქეებს - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომელთა თქმით, 14 ოქტომბრის მიტინგი უფრო ფართო და მასშტაბური იქნება. „მიშამ საქართველო სახელმწიფოდ გადააქცია, მანამდე ქვეყანა მხოლოდ ტერიტორია იყო. მიშას პრეზიდენტად არჩევამდე ელექტროდენს დღეში მხოლოდ რამდენიმე საათს გვაძლევდნენ, პენსია კი მხოლოდ ოთხი დოლარი იყო, მისი არჩევის შემდეგ კი დენიც გვქონდა და პენსიაც 15-ჯერ გაიზარდა. მიშა წავიდა და პენსიის მატებაც შეჩერდა“ - ასეთია ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერთა პოზიცია.

 

„მართალია, ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ მაინც მივხვდი, თუ რას ლაპარაკობდა თაკო ჩარკვიანი და ყველა, რომელიც მიტინგზე გამოვიდა: შერისხული ექს-პრეზიდენტის სახელის გარდა, ხშირად გაისმოდა სიტყვები - კორუფცია, ოკუპაცია, რუსეთი, პუტინი... შემდეგ ისევ პუტინი, რუსეთი, ოკუპაცია, კორუფცია...მოედანზე შეკრებილი ადამიანები გამომსვლელებს ისე ხარბად უსმენდნენ, თითქოსდა ეს ყველაფერი მათ პირველად გაიგეს“, - ასე ამთავრებს პუბლიკაციას ავტორი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები