დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ფაქტები და მოვლენები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის „მისტიკურ“ დაბრუნებასთან დაკავშირებით 13.10.2021 15:59

რუსული გაზეთის „ლიტერატურნაია გაზეტას“ (Литературная газета) დღევანდელ, 13 ოქტომბრის ნომერში (№41) გამოქვეყნებულია ცნობილი თბილისელი ჟურნალისტის ვადიმ ანასტასიადის სტატია სათაურით „სააკაშვილის გაფაჩუნება: დაბრუნება დეტექტიური სიუჟეტით“, რომელშიც განხილულია ფაქტები და მოვლენები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის „მისტიკურ“ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

„მიხეილ სააკაშვილმა, სატვირთო მანქანაში დამალულმა, არალეგალურად გადმოკვეთა როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამით ორივე ქვეყნის კანონები დაარღვია. საერთოდ კი, ექს-პრეზიდენტის ქცევის ანალიზისას, ერთი რამ შეიძლება ითქვას: იმ სახელმწიფო მოღვაწისგან, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან სერიოზული დამოკიდებულების პრეტენზია აქვს, მსგავსი მოქმედება დაუშვებელია - მას არანაირად არ მატებს ღირსებას ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა ამგვარი ნაბიჯით.

 

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის მიდრეკილება სხვადასხვა ავანტიურებისადმი კარგად არის ცნობილი. ამის მაგალითები ბევრია, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღება, რომელიც საქართველოს თავისი ტერიტორიის 20%-ის დაკარგვად დაუჯდა.

 

გავიხსენოთ ციტატა, რომელიც წარმოთქმულია იმ დროს, როცა ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე იმყოფებოდა. „კაცობრიობამ უფალს მადლობა უნდა შესწიროს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატარა საქართველოს ხელმძღვანელია და არა რომელიმე გიგანტი ბირთვული სახელმწიფოს - აშშ-ის, რუსეთის ან ჩინეთის ლიდერი, რომლებთაც გლობალური მასშტაბის „ფაჩუნის“ გამოწვევა შეუძლიათ. არადა, მიხეილ სააკაშვილს, ალბათ, მსგავსი რაღაც ძალიან უნდოდა“.

 

დიახ, მიხეილ სააკაშვილის მიდრეკილებას ავანტიურიზმისადმი ნამდვილად ვერავინ უარყოფს. მაგრამ ის, რაც ამ დღეებში თბილისში მოხდა, ავანტიურიზმი კი არა, წმინდა წყლის სიგიჟეა. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ სააკაშვილი მოატყუა - შენ ჩამოდი და როგორც კი ხალხი დაგინახავს, იმავწუთს რევოლუცია დაიწყებაო. მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე, „მატარებელმა უკვე ჩაიარა“, რევოლუციაზე არავინ ფიქრობს. თანაპარტიელები ახლა თავიანთ ლიდერს ამართლებენ და გმირის შარავანდედით მოსავენ - „გაბედული ნაბიჯი გადადგა თანამემამულეების გამოსაფხიზლებლადო, მთავრობის წინააღმდეგ“, მაგრამ ასეც რომ იყოს, კითხვა მაინც ჩნდება: რატომ დაბრუნდა ექს-პრეზიდენტი ფარულად და არა ლეგალურად, ყველას დასანახად, რასაც მას ის ადამიანები მოუწოდებდნენ, რომლებიც მისი 9-წლიანი პრეზიდენტობის დროს დაზარალდნენ?

 

მოკლედ, გამოდის, რომ ცრუ დაპირების მსხვერპლი ახლა თვითონ მიხეილ სააკაშვილი გახდა: მოატყუეს, ჩამოიყვანეს და რევოლუციის ლიდერობის ნაცვლად, პატიმრის სტატუსი მიიღო. მისი მდგომარეობა ადამიანურად დასანანია, შეიძლება შეგეცოდოს კიდეც, მაგრამ როგორც იტყვიან, „ქარს დათესავ, ქარიშხალს მოიმკი“.

 

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას - „ეს არჩევნები მმართველი პარტიისადმი ნდობის რეფერენდუმი იქნებაო“, მან ეს „რეფერენდუმი“ წააგო. იმ პარტიამ, რომელიც მუდმივად ჟონგლირებდა ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ტერმინებით „რეჟიმი“, „აგონია“ და „კატასტროფა“, რომელმაც პირიქით, 2003-2012 წლებში თვითონ მიიყვანა საქართველოს მოსახლეობა აგონიამდე, ხოლო ქვეყანა -  კატასტროფამდე, რევანშის აღება ვერ მოახერხა. მოსახლეობის უმრავლესობამ ოპოზიციის მოწოდებები უარყო, „ქართული ოცნება“ კვლავ მასზე წინ აღმოჩნდა“, - ასკვნის ავტორი.

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ