53 წლის ექს-პრეზიდენტმა სამშობლოში უეცარი დაბრუნებით ყველა საგონებელში ჩააგდო... - რას წერს უცხოური პრესა

ცნობილ ფრანგულ გაზეთ „ლე მონდ“-ში (Le Monde) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საქართველოში დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი დილემის წინაშე დგას“ (ავტორი - ფაუსტინა ვინსენტი), რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობაა განხილული - რა პერსპექტივა ელოდება მას წინ: დაუმატებენ სასჯელს თუ შეიწყალებენ...

 

პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია:

 

 

„რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მატულობს საქართველოს ხელისუფლების ფიქრები: რა უნდა უყონ მიხეილ სააკაშვილს? 53 წლის ექს-პრეზიდენტმა სამშობლოში უეცარი დაბრუნებით ყველა საგონებელში ჩააგდო... რამდენიმე საათის ყოყმანის, უნდობლობისა და ერთგვარი პანიკის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა: ქართული სასამართლოს მიერ 2018 წელს გამოტანილი ვერდიქტის თანახმად, იგი საპყრობილეში მოათავსეს. გამოქვეყნდა მისი დაკავების ამსახველი ვიდეოკადრებიც: ხელბორკილებიანი მიხეილ სააკაშვილი ორ სამართალდამცველს მიჰყავს, იგი იღიმება და მისი ღიმილი თითქოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოწვევას ჰგავს.

 

საქართველოს მთავრობისათვის საძულველი მტრის - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება როკამბოლის სტილით (როკამბოლი - მთავარი პერსონაჟია მე-19 საუკუნის ფრანგი მწერლის  პონსონ ტერაიას ავანტიურისტული რომანებისა, რომლებშიც იგი მკითხველს მოულოდნელი მოქმედებით აკვირვებს - ს.კ.) კიდევ ერთ საფიქრელად იქცა 2020 წლის არჩევნების შედეგად გამოწვეულ კრიზისთან ერთად. „ახლა ხელისუფლებას ერთდროულად სამი პრობლემის გადაჭრის წინაშე დგას: მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მუნიციპალური არჩევნების სადაო შედეგები და 2020 წლის არჩევნებით გამოწვეული კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. საქართველოს მთავრობა ცდილობს აჩვენოს, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ის სიტუაციას მაინც აკონტროლებს“, - ამბობს „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ მკვლევარი ოლესია ვართანიანი.

 

„ყველა, ვინც კი ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, მას მხარს უჭერს არა იდეოლოგიის, არამედ ინტერესის - ფულის გამო“, - ამბობს თორინკე გორდაძე, „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო იმსტიტუტის’ მეცნიერ-თანამშრომელი, - „ამჯერად ის საარჩევნო მანქანა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას აძლევდა, უკვე შეირყა, ძველებურად ვეღარ მუშაობს“.

 

 

მართალია, მმართველმა პარტიამ ზოგადად არჩევნებში ისევ გაიმარჯვა, მაგრამ მსხვილ ქალაქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა საკმარისი ხმები ვერ მიიღეს. არის გაყალბების ფაქტებიც, რაც, ოპოზიციური პარტიების გარდა, ეუთოს დამკვირვებელთა ჯგუფმაც დააფიქსირა და დაგმო.

 

აშკარაა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სამშობლოში დაბრუნებით მაინც ვერ მოახერხა მოსახლეობის დარაზმვა ისე, როგორც მას სურდა და იმედი ჰქონდა. დაპატიმრების წინ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლებს საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდა, თუმცა მის მოწოდებას გამოხმაურება თითქმის არ მოჰყოლია. ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ კი საერთოდ უარი განაცხადა აქციაში მონაწილეობაზე. თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დეპუტატი ნონა მამულაშვილი ამბობს, ექს-პრეზიდენტი ამჟამად პოლიტპატიმარია და ამ ფაქტს არჩევნების მეორე ტურზე გავლენის მოხდენა შეუძლია - „იგი საბრძოლოდ არის განწყობილი“.

 

ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის ბედის გაურკვეველია. 2018 წელს გამოტანილი განაჩენით მას ჯერ-ჯერობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მაგრამ არავინ იცის, იქნება თუ არა ახალი სასამართლო დამატებითი სასჯელით: „ჩვენთან, საქართველოში, დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს“, - აცხადებს ნონა მამულაშვილი, - მთავრობა ცდილობს ასეთი მდგომარეობა როგორმე მეორე ტურამდე გააჭიანუროს... არადა, მოსახლეობა შეშფოთებულია, სიტუაცია ფეთქებადსაშიშია....

 

 

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაიცავს, რადგან იგი უკრაინის მოქალაქე და უკრაინის სახელმწფო მოსამსახურეა.. თუმცა თბილისი შეუდრეკელი რჩება: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იგი თავის წინამორბედს არ შეიწყალებს.

 

 წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები