„დონ სეზარ დე ბაზანი“ - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პრემიერა გაიმართა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, 17, 19 და 27 ნოემბერს, სპექტაკლის „დონ სეზარ დე ბაზანი“ პრემიერა გაიმართა. 


შემქომედებითმა ჯგუფმა მაყურებელს ნაწარმოების უფრო თამამი, თანამედროვედ გააზრებული ვერსია შესთავაზა, - ულამაზესი კოსტიუმებითა და დეკორაციით, არაჩვეულებრივი მუსიკითა და ქორეოგრაფიით.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსს" თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, სპექტაკლში შერწყმულია დრამის, ოპერისა და ბალეტის ელემენტები. დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, დამდგმელი მხატვარი - მანანა გუნია, ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალური გაფორმება კი, ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.


მონაწილეობენ: ნიკო ნანიტაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, ვანო დუგლაძე, ქეთი ჩაჩუა, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი ჯიქურიძე, შალვა ანთელავა, რატი გოგუაძე, სანდრო ლელუაშვილი, არჩილ სულაქველიძე, გიორგი ოქრუაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, სალომე წურწუმია, ნინო შუშიაშვილი, ხატია მელქაძე, ლევან ხვთისიაშვილი.

 

 

დონ სეზარ დე ბაზანი - რომანტიკოსი გმირი, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს „რუი ბლაზიდან“ იღებს სათავეს. პირველად, მეცხრამეტე საუკუნეში, კომპოზიტორმა ჟიულ მასნემ დაწერა ამ ნაწარმოების მოტივებზე თავისი ოპერა „დონ სეზარ დე ბაზანი“. ხოლო ფილიპ დიუმანუასა და ადოლფ ფილიპ დენერის პიესა უზომო პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა კავშირში და ხშირად იდგმებოდა კიდეც სხვადასხვა თეატრში. პიესა საფუძვლად დაედო რამდენიმე მხატვრულ ფილმსაც.

 


პიესა „დონ სეზარ დე ბაზანი“ არაერთხელ დადგმულა ქართულ თეატრში: 1953 წელს, დოდო ალექსიძის მიერ დადგმული სპექტაკლი რუსთაველის თეატრში; 1982 წელს მარჯანიშვილის თეატრში გოგი თოდაძის მიერ დადგმული წარმოდგენა, ხოლო მოზარდ მაყურებელთა თეატრში ეს პიესა 1968 წელს თემურ ჩხეიძემ დადგა (მხატვარი მიხეილ ჭავჭავაძე, მუსიკა დავით ტურიაშვილის) და სხვა.

 

თეატრალური პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს , ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები