ლოგიკური იყო თუ არა საქართველოს უარი „კავკასიური ექვსეულის“ ფორმატში მონაწილეობის თაობაზე

სომხურ გაზეთში „გოლოს არმენიი“ (Голос Армении) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რა აქვთ საერთო ერთმანეთთან „3+3“ პლატფორმას და მიხეილ სააკაშვილის ბედს?“ (ავტორი - ბოგდან ათანესიანი), რომელშიც საინტერესოა თვალსაზრისია გადმოცემული თურქეთის მიერ ინიცირებულ „კავკასიური ექვსეულის“ (3+3) პლატფორმისა და ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ურთიერთკავშირის შესახებ.

 

„ჩვენ არ შეგვიძლია გეოპოლიტიკურ პროექტში მონაწილეობა მოსკოვთან ერთად“, - ეს მინისტრ დავით ზალკალიანის სიტყვებია. არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. საქართველოს უარი „კავკასიური ექვსეულის“ (რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) ფორმატში მონაწილეობის თაობაზე სრულიად ლოგიკური იყო... 

 

განა ვინმეს შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტის მოულოდნელი დაბრუნება იმ მომენტში, როცა საქართველოს ხელისუფლება პლატფორმაში თავის მონაწილეობის ავ-კარგს „წონიდა“, სუფთა შემთხვევითობა იყო? და თუ ეს მართლა არ იყო შემთხვევითობა, განა ლოგიკური არ არის ვივარაუდოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლელმა კურატორებმა სპეციალურად დააბრუნეს საქართველოში (მანამდე არ ჩადიოდა) ახალი რევოლუციის მოწყობის მუქარით, რომ საქართველოს მთავრობას არ გაეჭიანურებინა თავისი უარი მოსკოვისა და ანკარის ინიციატივაზე?

 

 

გამოდის, რომ თუ ოფიციალურ თბილისს თავისი დასავლელი გეოპოლიტიკური მოკავშირეების ხვევნა-კოცნიდან თავის დახსნა არ ჰქონდა ჩაფიქრებული, მაშინ იმის აწონ-დაწონვაზე ფიქრი მაინც შეეძლო, თუ რამდენად შეათავსებდა თავის პროდასავლურ ორიენტაციას „3+3“ის პლატფორმასთან, სადაც ოკუპანტი რუსეთიც მონაწილეობდა. ალბათ, სწორედ „ქართული ოცნების“ ეს ყოყმანი უნდა დაესრულებინა მიხეილ სააკაშვილის „დესანტირებას“ თავის სამშობლოში.

 

ჩვენ მოწმენი ვართ სრულიად პარადოქსული და უნიკალური სიტუაციისა, როცა საპყრობილეში თუ საავადმყოფოში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ერთსა და იმავე დროს  „თაფლაკვერისა“ და „მათრახის“ როლს ასრულებს დასავლეთისათვის საქართველოს შესანარჩუნებლად, მისი პოლიტიკის ფარვატერში.

 

ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტს შეუძლია მშვიდად იჯდეს, წყნარად მოიხადოს პატიმრობის ვადა და იმ პოლიტიკურ იმპოტენტად გადაიქცეს, რომელსაც მთელი თავისი მიმზიდველობა უკვე დაკარგული აქვს... ან უბრალოდ, მოკვდეს საკანში და შეუმჩნევლად ჩაილექოს ქართული საზოგადოების ხსოვნაში, როგორც გამოყენებული და უკვე უვარგისი ისტორიული მასალა. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ნელ-ნელა ჩაიფერფლოს, წამებულის მსგავსად და მმართველი პარტიისათვის ტირანული ხელისუფლების სამუდამო იარლიყად დარჩეს... და ბოლოს, მას შეუძლია განუწყვეტლივ მოაწყოს პროტესტები ციხის შიგნით და მის კედლებს გარეთ, იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხეილ სააკაშვილი ნანატრ ხელისუფლებაში დაბრუნდება.

 

დამნაშავე, სახელმწიფოს სიმბოლო, გმირი, წამებული... შეიძლება საპყრობილეში მჯდარი მიხეილ სააკაშვილისაგან ყველანაირი სახის გამოძერწვა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დამყოლი იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი თავისი დასავლელი მეგობრების წინაშე. საერთოდ კი, თუ მინისტრ დავით ზალკალიანის გამონათქვამებიდან ვიმსჯელებთ, ვაშინგტონსა და თბილისის ურთიერთობაში ხორკლები უკვე აღმოფხვრილია. ეს ნიშნავს, რომ ყბადაღებულ „3+3“-ის პლატფორმა, უახლოეს პერსპექტივაში რეალიზებული არ იქნება, მოუსვენარ მიშიკოს კი საპყრობილეში ყოფნა მოუწევს იმ გიჟის სტატუსით, რომელიც ძალაუფლებისაკენ დაუოკებელმა ვნებამ დაღუპა“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები