რა ელოდებათ იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყა - ავღანეთი კატასტროფის ზღურბლზე

ყველა სახელმწიფოს თავისი პრობლემები აქვს - ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთა პერსპექტივა, შეიძლება ითქვას, „ნისლით არის მოცული“, მათი ჰორიზონტი დაბურულია... ერთ-ერთ ასეთ ქვეყანას ავღანეთი წარმოადგენს, რომლის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ.

 

გთავაზობთ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას სათაურით „დანგრეული ეკონომიკა და საყოველთაო შიმშილი: ავღანეთი კატასტროფის ზღურბლზე“.

 

ტელეწამყვანი  იალდა ჰაკიმი ავღანეთშია დაბადებული. მისი ოჯახი ქვეყნიდან საბჭოთა ოკუპაციის დროს გაიქცა, 1980-იან წლებში, მაგრამ შემდეგ იგი - როგორც ჟურნალისტი - მრავალჯერ არის ნამყოფი თავის სამშობლოში. იალდა ამ ერთი კვირის წინათაც გაემგზავრა ავღანეთში - პირველად მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში თალიბები მოვიდნენ.

 

გთავაზობთ ჟურნალისტის შთაბეჭდილებებს, რომელიც მან „ბი-ბი-სი“-ს გაუზიარა:

 

„მე ვიცოდი, რომ როცა ჩემს სამშობლოში ჩავიდოდი, ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მომიწევდა: რამდენად შეიცვალა ქვეყანა პროდასავლური მთავრობის დამხობის შემდეგ? მოესწრებიან თუ არა ავღანელები მშვიდობიან პერიოდში ცხოვრებას? რა ელოდებათ იმ ქალებს და გოგონებს, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყა? მაგრამ ერთ კითხვას ვერანაირი პასუხი ვერ მოვუძებნე: რამდენი ძალა და მოთმინებაა საჭირო, რომ ყოველდღე, თვეობით, სამსახურში იარო და ამისთვის არაფერი არ მიიღო?

 

მე კი ძირითადად სწორედ ეს დავინახე: ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის არცერთი თანამშრომელი - ყანდაარელი მედიკებიდან ქაბულის საავადმყოფოს დამლაგებლამდე - არავინ არ იღებს ხელფასს იმ მომენტიდან, როცა წინა ხელისუფლება დაემხო და უცხოური დახმარება შეწყდა.

 

ისინი თვითონ უკვე უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, სამუშაოზე მაინც დადიან და როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან ადამიანებს, რომლებიც გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

 

ნასრინი ქაბულის ინდირა განდის სახელობის საავადმყოფოში მუშაობს დალაგებულად: „თუ ჩვენ სამსახურში არ გამოვალთ, ბავშვები დაიხოცებიან. როგორ შეიძლება მათი სასიკვდილოდ გაწირვა? - ამბობს იგი.

 

პატარა პაციენტების დიდი ნაწილი ძალიან სუსტები არიან უჭმელობის გამო, ვერ მოძრაობენ, მაგრამ მათი პალატები სუფთა უნდა იყოს, რომ ბავშვები რაიმე ინფექციით არ დაავადდნენ.

 

ნასრინის თქმით, მას ფული არ აქვს, რომ ტრანსპორტით გადაადგილდეს, ამიტომ სამუშაოზე ფეხით დადის - კვირაში რამდენიმე დღე მთის ფერდობზე ადის და ჩამოდის, 12-საათიანი ცვლის შემდეგ.

 

ჯანდაცვის სისტემის მუსაკები ძალიან ცუდ დღეში არიან ჩავარდნილები, მაგრამ უფრო უარეს და უმძიმეს სიტუაციაში მათი პაციენტები იმყოფებიან.

 

გაეროს შეფასებით, 23 მილიონ ავღანელს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. მოსახლეობის 95% მინიმალურადაც კი ვერ იკვებება.

 

საავადმყოფოს პალატებში, რომლებსაც ნასრინი ალაგებს, სურსათის კრიზისის ყველაზე პატარა მსხვერპლნი წვანან.

 

სამი წლის გულნარა ისეთი სუსტია, რომ ჩაცვივნულ თვალებს ძლივს ახელს, მას უკვე თმა სცვივა. როცა იღვიძებს, ტკივილებისაგან ტირის. ასეთი შედეგი მოაქვს შიმშილს ავღანელი ბავშვებისათვის

 

თალიბანის ოფიციალური წარმომადგენელი სუჰეილ შაჰინი ყველაფერში საერთაშორისო საზოგადოებას ადანაშაულებს: „ავღანელი ხალხი დასავლეთის პოლიტიკის გამო იტანჯება. დასავლეთში გაჰყვირიან, რომ ავღანეთში კატასტროფაა, ჰუმანიტარული კრიზისია... თუ ასეა, რას დამდგარან და გვიყურებენ? გააკეთონ რამე და ეს ტრაგედია თავიდან აგვაცილონ. ნუ შეუწყობენ ხელს თავიანთი ქცევით ჩვენს ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავებას“, - აცხადებს სუჰეილ შაჰინი.

 

ავღანეთის მოსახლეობის უმეტესობისათვის ერთი რამ აშკარაა: შიმშილის პრობლემა მხოლოდ საზღვარგარეთის დახმარებით გადაიჭრება. ეს განსაკუთრებით ნათელი ხდება, თუ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გადავხედავთ: როგორც კი უცხოური დახმარება შეწყდა, ისედაც მანამდე მძიმე სიტუაციაში მყოფი ეკონომიკა საერთოდ განადგურდა.

 

„მე აგურის გამოწვაზე ვმუშაობდი, - ამბობს ქუჩის შრომის ბირჟაზე მდგარი საშუალო ასაკის ავღანელი მამაკაცი, რომელიც რაიმე შემთხვევით სამუშაოს ელოდება, - ჩემი ყოველთვიური გამომუშავება მაშინ ყოველთვიურად 25 ათასი ავღანი (ანუ დაახლოებით 270 დოლარი) იყო, ახლა კი თვეში ორი ათას ავღანსაც (22 დოლარს) კი ვერ ვშოულობ“.

 

მას ოთხი ბავშვი ჰყავს და როგორც ამბობს, ყველა ავადმყოფობს, წამლის ფული კი არ აქვს: „მე ვერანაირ პერსპექტივას ვეღარ ვხედავ. ღარიბი ოჯახები მომავლის გარეშე არიან დარჩენილნი“, - ამბობს სასოწარკვეთილი ავღანელი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები