დღე: 26

ღამე: 17

USD 2.7191

EUR 3.202

„არ მესმის, რას ნიშნავს ეს...“ - ინფექციონისტი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაზე 25.11.2021 17:24

 

დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ალბათ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ და საქართველოში გარკვეულ დაწესებულებაში იმოქმედებს უვადო პასპორტი,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს.


მისივე თქმით, ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში საჭირო იქნება, მოქალაქეებმა გამოიყენონ ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით შეუერთდა და იქ პასპორტის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა.


ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებული ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებული ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არა მგონია, ვინმეს ეს უკვირდეს. ჩვენ გვაქვს ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე უფრო რთულია, - აღნიშნა ტიკარაძემ.


როგორც ცნობილი გახდა, პირველი დეკემბრიდანვემწვანე პასპორტებისმექანიზმი ძალაში შედის, მოქალაქეებს აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა ევალებათ კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე. “მწვანე პასპორტისმოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.


ასევე, პირველი დეკემბრიდან რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ. კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, პსრ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

 

აღნიშნულ საკითხებზე ჯორჯიან თაიმსი ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა:

 

- როგორ შეაფასებთ ჯანდაცვის მინისტრ - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომ საქართველოში უვადო, ხოლო საზღვარგარეთ 6 თვიანიმწვანე პასპორტიიმოქმედებს?

- არ მესმის ზოგადად რას ნიშნავს ეს. ჩემი აზრით, „მწვანე პასპორტსუნდა ჰქონდეს ვალიდაცია. ვგულისხმობ, რომ დაავადების გადატანის შემდეგ ვალიდურობა 6, ან მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში უნდა მიენიჭოს. მუდმივად ვირუსის გადატანის შემდეგ, "მწვანე პასპორტის" აღება, ხელს არ შეუწყობს ვაქცინაციის პროცესს, ასევე ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას. არის კვლევები და მონაცემები, სადაც ჩანს, რომ ინფიცირებიდან 16 -17 თვის გასვლის შემდეგ რეინფიცირების მაღალი რისკებია.  აქედან გამომდინარე, დაავადების გადატანის შემდეგ მწვანე პასპორტს გარკვეული ხანდაზმულობა უნდა ჰქონდეს.

 

- რას ელოდებით პირველი დეკემბრის შემდეგ? გაიზრდება თუ არა აცრილთა რაოდენობამწვანე პასპორტისშემოღების შემდეგ?

- ვფიქრობ, მწვანე პასპორტის შემოღება ეპისიტუაციაზე და ვაქცინაციის პროცესზე პოზიტიურად აისახება. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. მხოლოდ მწვანე პასპორტის იმედად არ უნდა ვიყოთ. საჭიროა აქტიური შეხვედრები მოსახლობასთან, იმ ინფორმაციის მიტანა, რომ ვაქცინაცია ნიშნავს ბევრ გადარჩენილ სიცოცხლესა და მძიმე პაციენტების შემცირებას.

 

- რამდენად სწორი იყო ამ სიტუაციაში შეზღუდვების მოხსნა?

- შეზღუდვები მწვანე ბარათიდან გამომდინარე მოიხსნა. ის წესები, რომლებსაც მწვანე ბარათი გვავალდებულებს, შეზღუდვებს ჩაანაცვლებს. რამდენად ეფექტური იქნება, ამას დრო გვიჩვენებს და ვნახავთ. როგორც აღვნიშნე, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

 

- როგორ იმუშავა წამახალისებელმა ლატარეამ ვაქცინაციის პროცესზე?

- ალბათ ისე ვერა, როგორც ელოდნენსტატისტიკაზე დაკვირვებით ვხედავ, რომ პენსიონერებისთვის 200 ლარიანმა დანამატმა გარკვეული შედეგი მოიტანა. თუმცა, რაც შეეხება ლატარეას, მის ეფექტურობაზე ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით.

 

- კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და თითქოს აღარ ვართ შოკირებულები, ინფიცირებულთა რაოდენობის დაკლებაზეც აღარ ვზრუნავთ. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს? ხომ არ შევეგუეთ?

არ შევეგუეთ, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გარეშე ამას ვერ შევცვლით, ამისთვის სწორად უნდა ვიმოქმედოთ. სწორი მოქმედება კი, პირველ რიგში ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვაა.  ამ ეტაპზე, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, იმისთვის, რომ დაავადების სწრაფ გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ. სხვანაირად გაჭირდება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. სტაბილიზაციის გარეშე კი, საუბედუროდ, ვერ შევამცირებთ მძიმე პაციენტების  რაოდენობას და მაღალი ლეტალური შედეგი გვექნება. იმისთვის, რომ ჩვენ განვტვირთოთ ჰოსპიტლები და ნაკლები ადამიანი დაიღუპოს, მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია და ვაქცინაცია.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge