"თბილისში იმყოფებიან უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც ზეთისხილის წარმოებაში სურთ ინვესტიციის განხორციელება" - გიორგი სვანიძე

თბილისში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 26 ნოემბერს კი, დედაქალაქი ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

 

სესიას ზეთისხილის უმსხვილესი 43 მწარმოებელი ქვეყანა ესწრება.

 

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩამოსულები არიან უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც ზეთისხილის წარმოების სექტორში სურთ ინვესტიციის განხორციელება.

 

„ჩვენ ვმასპინძლობთ მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს საქართველოში. ჩამოსულია 48 ქვეყნის წარმომადგენელი. როგორც იცით, საქართველო მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და პრეზიდენტად მე ამირჩიეს.


დღეს ტარდება საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია.  26 ნოემბერი იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო კალენდარში, როგორც ზეთისხილის დღე. ესეც შარშან მოხდა, საქართველოს პრეზიდენტობის დროს. ამასაც პარალელურად ასამბლეის ფარგლებში ვზეიმობთ საქართველოში.


საქართველო გახდა ამ საერთაშორისო საბჭოს წევრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლომ საქართველო გაიცნო და წარმოაჩინა თავი, როგორც ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყანა.


მსოფლიო რუკაზე საქართველო ამ დიდი ოჯახის წევრი გახდა. სესიაზე სიტყვით გამოვა არაერთი  ევროკომისარი, რომელიც მაღალი რანგის ინტიტუტის წარმომადგენელია.


ასევე, ქვეყანაში ჩამოსულია კერძო სექტორი, აქ არიან ფონდების წარმომადგენლები, რომლებსაც აინტერესებთ საქართველო, როგორც საინვესტიციო ქვეყანა; აინტერესებთ ზეთისხილის დარგში ინვესტიციის განხორციელება.


სტუმრებს შორის არიან: ევროპიდან, ბრიტანეთიდან, საუდის არაბეთიდან, რომლებსაც კონკრეტულად ამ სექტორში სურთ ინვესტიციის განხორციელება,” – განაცხადა გიორგი სვანიძემ.

 

შეგახსენებთ, 24-26 ნოემბერს, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები