დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ამერიკელებმა კოვზი ნაცარში ჩაუგდეს, დაბლოკეს ნაცებიც, გახარიაც და ყური აუწიეს კობახიძე-ოცნებასაც"​ 20.04.2021 12:31

რუსეთი - აშშ-ევროკავშირი 0:3 - რუსეთი მასპინძლად იმიტომ წერია, რომ საკუთარ სტადიონზე (ოღონდ არა დედაქალაქში, არამედ საქართველო-უკრაინაში) თამაშობდა, მაგრამ მაინც მშრალად აგებს პირველი თამაშის მერე (არჩევნების შედეგების აღიარება საქართველოში აშშ-ევროკავშირის მიერ, ნაც-ოპოზიციის და გახარიას დაბლოკვა და უკრაინასთან პირისპირ უომარი დგომა - სამი გოლი საკუთარ კარში) - ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში აცხადებს.

 

მისი თქმით, აშშ-ევროკავშირმა ჩინებული პოლიტტექნოლოგიური კომბინაცია ჩაუტარა რუსებს და ქართულ უნიჭო პოლიტელიტას და იძულებული გახადა ისინი დათანხმებულიყვნენ(ასეთებს სწორედაც რომ უნდა აიძულო).

 

"რუსებმა უფლება მისცეს ნაცებისა და ბოკერიას გუნდის გარდა უმნიშვნელო სუბიექტებს - შესულიყვნენ პარლამენტში. ნაცებიც შევიდოდნენ, რომ გახარიას ემარჯვა და ოცნებიდან 6 კი არა, 16 დეპუტატი რომ წამოეყვანა, რითაც ოცნება კარგავდა უმრავლესობას პარლამენტში(76-1), გადააყენებდნენ მთავრობას და დანიშნავდნენ რიგგარეშე არჩევნებს, რომელზეც გახარია და მისი პარტია ჩაანაცვლებდა ღარიბაშვილსა და ოცნებას. ამერიკელებმა კოვზი ნაცარში ჩაუგდეს, დაბლოკეს დროულად ნაცებიც, გახარიაც და ყური აუწიეს კობახიძე-ოცნებასაც და აიძულეს აქტზე ხელმოწერა.

 

ამის მერე ნაცების პარლამენტში შესვლა რუსებისთვის აზრს კარგავს, ამიტომ მათ გამოიყენებენ ისევ ახალი ქაოსის შესაქმნელად და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტისათვის, რომელსაც ახლა უკვე სხვა წონა და ფასი დაედო. ამ არჩევნებზე დასავლეთი დროებით მხარს დაუჭერს ღარიბაშვილს გახარიას პარტიის დასასუსტებლად (მათ აუკრძალეს ოცნებას თვითდაზიანებების მიყენება ნაცებისა და გახარიას სასარგებლოდ, უმრავლესობის დაშლა, გახარია-ნაცების მიტინგებზე ხალხის მიყვანა, ფინანსური და სატელევიზიო ხელშეწყობა და ა.შ.). რაც შეეხება უკრაინის თემას, აშშ-მ რუსეთს უკვე არა მარტო სანქციები, არამედ ეკონომიკური ომი გამოუცხადა- რუსულ ბიზნეს და პოლიტელიტას ანგარიშები აშშ-დასავლეთის ბანკებში აქვთ, ამასთან რუსული რუბლი მთლიანად დოლარზეა მიბმული ჩვენი ლარივით, რაც ნიშნავს უდიდეს ეკონომიკურ ბერკეტებს რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამის გამო რუსეთი ვერ გაბედავს უკრაინაში ომს და მცირე პროვოკაციების მერე უკან გაბრუნდება მალევე. ოცნება ახლა არჩევანის წინაშეა - თუ მან ვერ გაუძლო რუსების ზეწოლას და ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება გაუნაწილა გახარიას პარტიას, მაშინ 2022 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ორივე დაღმა დაექანება. გუშინდელი შეთანხმება ხელს უხსნის ახალი, რეალურად პროდასავლური ძალების გამოჩენას დღევანდელი პოლიტელიტის ნაცვლად, რომელთა სრული ლუსტრაცია(პრორუსულობა და მოსკოვიდან მართვა) სახეზეა უკვე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შანსი ჩნდება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ..."- აცხადებს ვაჟა შუბითიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები