დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"რეჯეფ ერდოღანმა დარტყმა ზუსტად გათვალა" 11.07.2020 12:58

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

„თურქეთის ხელისუფლებამ წმინდა სოფიას ტაძრისათვის მეჩეთის სტატუსის აღდგენის სახით დარტყმა მიაყენა არა „ქრისტიანულ-კათოლიკურ“ ევროპას (სადაც, ტრადიციულ რელიგიას და რწმენას, ფაქტიურად, ძველებური მნიშვნელობა აღარ აქვს), არამედ მართლმადიდებლობას, ანუ იმ ყველა ქრისტიან-მართლმადიდებელს, რომლებიც კვიპროსზე, საქართველოში, ბულგარეთში, საბერძნეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ბელარუსში, უკრაინაში, რუსეთში ცხოვრობენ...

 

"რეჯეფ ერდოღანმა დარტყმა ზუსტად გათვალა.

 

ის სახელმწიფოები, სადაც მართლმადიდებლობაა გავრცელებული, საკმაოდ სუსტნი არიან. მოსწონს თუ არ მოსწონს ზოგიერთს, ისტორიულად მუსლიმანური ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, ქრისტიან-მართლმადიდებლების დამცველად, რუსეთის იმპერია გამოდიოდა (რომელსაც, რასაკვირველია, თავისი ინტერესებიც ჰქონდა...), მაგრამ ახლა, 21-ე საუკუნეში, წინა ასწლეულებთან შედარებით, განსხვავებული ვითარებაა: რუსეთი და თურქეთი ერთანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო ინტერესებით. მოსკოვი ანკარის წინააღმდეგ გამოსვლებს ერიდება. და საერთოდ, დღეს უფრო ადვილად და მასშტაბურად იყიდება ის, რაც ადრე მასობრივად არ იყიდებოდა - რწმენა.


მართალია, უკვე ისმის განცხადებები მართლმადიდებელი ქვეყნების ეკლესიებისაგან, რომ „თურქეთის გადაწყვეტილება მიუღებელი და საწყენია“, რომ „პრეზიდენტი სცდება თავისი ანტიქრისტიანული პოზიციით“, რომ „წმინდა სოფიას არ დავთმობთ“ და ა.შ.

 

კი, ვიყვირებთ, მაგრამ მაინც დავთმობთ. უფრო ზუსტად, უკვე დავთმეთ.

 

ფაქტია, რომ მართლმადიდებელ სახელმწიფოებს შორის გათიშულობაა... მსგავსი განცხადებები ყოველთვის არ მოწმობს მტკიცე პოზიციის გამოვლენას. ხშირია ლიტონი სიტყვები...

 

პოლიტიკოსები და ქვეყნის ლიდერები ჩუმად არიან. ისინი თურქეთს პარტნიორად მიიჩნევენ „თავიანთი ქვეყნების უზენაესი მიზნის მისაღწევად“ და რწმენის გამო სიტუაციის გამწვავებას თავს არიდებენ. მათთვის - დღევანდელი პოლიტიკოსებისათვის - მართლმადიდებელი რწმენისათვის დაღუპული ჯარისკაცების უსახელო საფლავები მხოლოდ ისტორიული „გადმონაშთი“, ისტორიული „ბოდვაა“ და მეტი არაფერი.

 

მაგრამ საბოლოო ჯამში რეჯეფ ერდოღანმა მაინც შეცდომა დაუშვა. არსებობს უძველესი თქმულება: „ნუ ააშენებ შენი რწმენის ტაძარს სხვის ძვლებზე, თორემ გარდაცვლილთა სულები შურს იძიებენ“.

 

როგორც დაიშალა და დაინგრა ოსმალეთის იმპერია, რომელმაც მართლმადიდებელთა სისხლით დატბორა უძველესი ბიზანტიური ტაძრები, ასევე დაინგრევა რეჯეფ ერდოღანის ოცნებები ნეოოსმანური იმპერიის აღსადგენად, და იდეის ნანგრევებში ჩაიმარხება თვით პრეზიდენტიც, რომელმაც ასე უმდაბლესი მოქმედებით შეურაცხყო მსოფლიოს მართლმადიდებლობის წმინდა სიმბოლო...“.

 

(ამონარიდი სტატიიდან)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები