დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"რუსეთის დაბომბვებთან შედარებით, კიევის ყველაზე საშიშ მტერს დასავლეთის აპათია წარმოადგენს“ - The Observer 28.11.2022 15:50

„ყოველდღიურად ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ასობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს კლავს. რუსების ოკუპაციისაგან გათავისუფლებულ რაიონებში უამრავი ნაწამები ადამიანის ცხედრებია აღმოჩენილი. რუსეთის არმია სამხედრო დანაშაულებს სჩადის და ასე გრძელდება დაუსრულებლად. მკვლელები ყოველდღიურად დაუსჯელები რჩებიან“, - ასე იწყება ბრიტანულ გაზეთ „ობსერვერში“ (The Observer – „გარდიანის“ საკვირაო გამოშვება) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „რუსეთის დაბომბვებთან შედარებით, კიევის ყველაზე საშიშ მტერს დასავლეთის აპათია წარმოადგენს“ (ავტორი - საიმონ ტისდოლი).

 

„რუსეთის არმიის ყოველდღიური შეუჩერებელი სარაკეტო დარტყმები უკრაინის ცას და მიწას აზანზარებს - ინგრევიან ქალაქები, სოფლები, სკოლები, საავადმყოფოები, ელექტროსადგურები. მოსკოვი აღარ აცხადებს, რომ მის მიზანს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. კრემლი სამოქალაქო მოსახლეობას ატერორებს. ვლადიმერ პუტინი ზამთრის ომს აწარმოებს, რომ მოსახლეობას სითბო, წყალი, სინათლე შეუწყდეს და შიმშილი დაიწყოს. ყოველდღიურად რუსეთის დიქტატორი პრეზიდენტი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს სჩადის.

 

რუსეთის არმია, რომელიც მკვლელი გენერლები სარდლობენ, არაკომპეტენტური საველე მეთაურები ხელმძღვანელობენ, კონტროლიდან გასული ველური“ ჯარისკაცებისაგან შედგება, როლებიც უკრაინელ ხალხს გენოციდს უწყობენ და ამას საქვეყნოდ აკეთებენ, ყველას დასანახავად.

 

გასულ კვირას ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ძალიან კარგი. თუ ასეა, მაშინ გაეცით ბრძანება ვლადიმერ პუტინის დასაპატიმრებლად! გამოწერეთ ორდერი რუსეთის პრეზიდენტისა და მისი ბანდის დასაჭერად! გააძევეთ ქვეყნიდან რუსეთის ცრუ-დიპლომატები, დასაჯეთ მათი ხელმძღვანელები, დახურეთ საზღვრები... თუ თქვენი რეზოლუცია მხოლოდ თავმომწონე ევროპოზიორობად დარჩება?

 

რა თქმა უნდა, ეს კითხვა რიტორიკულია. პასუხი ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, ევროპული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ კრიტიკულ ეტაპზე თანდათან სუსტდება: ევროპას უამრავი პრობლემა აქვს - ჰუმანიტარული, მიგრაციული, ენერგეტიკული კრიზისები...

 

ომის მხეცობები თითქოსდა ნორმალურად აღიქმება და მას ყურადღებას აღარ აქცევენ. სადაა დასავლეთის აღშფოთება? სადაა ჩვენი შინაგანი მრისხანება? ომის დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ დასავლური საზოგადოებრივი აზრი მიჩუმდა, დაკარგა სიმწვავე, თითქმის ჩაკვდა. ყოველდღიური უბედურება რუტინად იქცა. ადამიანები შოკს აღარ განიცდიან და უკვე არც უკვირთ. ისინი თავს უღონოდ გრძნობენ. დიახ, ბევრს ისევ სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის დამარცხება ჯერ კიდევ შორს არის, არც სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იწყება... ომი დაღლილობას იწვევს, რაც აპათიაში გადადის.

 

იტალიასა და გერმანიაში უკიდურესი მემარჯვენეები ჩივიან, რომ მათ „ყელში ამოუვიდათ“ ომთან დაკავშირებული ძვირადღირებული „გვერდითი მოვლენები“. ცენტრალურ ევროპაში პრორუსული აქციები იმართება. ვლადიმერ პუტინს ნება ეძლევა, რომ მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის ხოცვა გააგრძელოს.

 

ზამთარი ახლოვდება: ჯერ მხოლოდ ნოემბერია, უკრაინისთვის მთავარი პრობლემები წინ არის. როგორც კი დაბომბილი ელექტროსადგურების აღდგენა ხდება, ისინი იმწუთასვე განმეორებით იბომბებიან, რუსული რაკეტები ენერგიის წყაროებს ანადგურებენ. „პუტინს სურს, რომ უკრაინა უკრაინელების გარეშე დარჩეს“, - ამბობს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოსაგან რუსეთის მოქმედების წინააღმდეგ მტკიცე ქმედით ნაბიჯებს ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.

 

გაეროს შეფასებით, თებერვლის ბოლოდან დაწყებული, უკრაინიდან 7,8 მილიონი ადამიანი ლტოლვილად იქცა, კიდევ უფრო მეტი - იძულებით გადაადგილებულ, დევნილ ადამიანად. ამჟამად უკრაინის მოსახლეობა დილემის წინაშე დგას: „გაიყინოს თუ გაიქცეს“, - ამბობს იან ეგელანი, ნორვეგიის ლტოლვილთა საქმეების საბჭოდან.

 

ჯანმოს რეგიონული დირექტორის ჰანს კლიუგეს თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა თავის ისტორიაში ყველაზე საშინელ პერიოდში იმყოფება. არავინ იცის, თუ როგორ გადაიტანენ ამ ზამთარს უკრაინელები“.

 

ნატოს ქვეყნები უკრაინას გულუხვად ჰპირდებიან დიდ თანხებს, მაგრამ დახმარება ხშირად აგვიანებს. დასავლეთს რომ ომის დაწყების ჟამს მხედველობაში მიეღო ვლადიმერ ზელენსკის თხოვნა მძიმე ტექნიკისა და ჰაერსაწინააღმდეგო თანამედროვე შეიარაღების  მიწოდების თაობაზე, ახლა ფრონტებზე და ქვეყნის საჰაერო თავდაცვაში ასეთი არასასიამოვნო და არასახარბიელო მდგომარეობა არ იქნებოდა. უკრაინელები თავიდან აიცილებდნენ რუსების მიერ მოწყობილ რაკეტული დაბომბვების ჯოჯოხეთს. თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება შეცდომის გამოსწორება.

 

უკრაინის ომი უკვე ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ თანამდევ მოვლენად გადაიქცა. მცირდება თუ არა საზოგადოებრივი მხარდაჭერა უკრაინელებისადმი? ამ კითხვაზე პასუხს Eupinions-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა გვაძლევს: ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის 57% ჯერ კიდევ არის პროკიევურად განწყობილი, თუმცა მატულობს მშვიდობის მომხრეთა რაოდენობაც: გერმანელების 60%-ს ომის დიპლომატიური მოლაპარაკებით შეწყვეტა სურს.

 

აშშ-ში უკრაინის სამხედრო წარმატებებმა საზოგადოება თვითდამშვიდებამდე მიიყვანა, შესაბამისად, იკლო ყურადღებამ. უფრო მეტიც - რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ უკრაინისადმი დახმარება ძველებური ტემპით აღარ გაგრძელდებაო.

 

თვითონ უკრაინაში ანტირუსული და პროდასავლური განწყობა ძალიან მაღალია, თვით იქაურ ეთნიკურ რუსებს შორისაც. გამოკითხულთა 89% რუსებს გენოციდში ადანაშაულებს.

 

უკრაინელი ხალხი მრისხანე ძალას წარმოადგენს. მათ აჩვენეს, რომ ყველა მტერზე გამარჯვება შეუძლიათ. მაგრამ უნდა ეშინოდეთ თუ არა მათ მეგობრებისა? ევროპისა და აშშ-ის მხარდაჭერის შესუსტება უკრაინისათვის, ალბათ, ყველაზე საშიშ საფრთხეს წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინის სწორედ ამის იმედი აქვს. შეუძლია თუ არა დასავლეთს, მშვიდი ცხოვრების სანაცვლოდ, მასობრივ მკვლელობებზე და სუვერენული ერის განადგურების მცდელობაზე თვალის დახუჭვა? ეს თანამედროვე დემოკრატიის ყველაზე დიდ გამოცდას წარმოადგენს.

 

ყოველდღიურად უკრაინისათვის სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ერთი რამ ცხადია: ზამთარი ხანგრძლივი იქნება“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები