დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"რუსეთს მიაჩნია, რომ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა" - რას წერს უცხოური პრესა 07.12.2021 16:53

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ რუს ექსპერტთან და პოლიტოლოგთან ფედორ ლუკიანოვთან, რომელიც მას კორესპონდენტმა ბენუა ვიტკინმა ჩამოართვა. მასალა დაბეჭდილია სათაურით „თუ უკრაინა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ძალების პლატფორმად იქცევა, მაშინ რუსეთი მას ეგზისტენციალურ საფრთხედ ჩათვლის“. ინტერვიუში საუბარია რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე, ნატოს გაფართოებაზე და ა.შ.

 

გთავაზობთ ფრაგმენტს პუბლიკაციიდან:

 

- რამდენად რთულია დღეს ევროპაში შექმნილი ვითარება? რამდენად განსხვავდება დღევანდელი სიტუაცია გაზაფხულზე არსებული ვითარებისაგან, როცა გამოცხადდა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა და ამით დაძაბულობა შესუსტდა?

 

- ჩვენ ამჟამად გარდამტეხ პერიოდში ვიმყოფებით. რუსეთს მიაჩნია, რომ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა, რომელიც 30 წლის წინ ჩამოყალიბდა, დღეს უკვე მიუღებელია. მართალია, ის იდეა, რომლის თანახმად, სახელმწიფოები თვითონ წყვეტენ, თუ რომელ ალიანსში გაერთიანდნენ, მიხეილ გორბაჩოვმა აღიარა, მაგრამ შემდეგ ნატოს თანმიმდევრულმა გაფართოებამ გვაჩვენა, რომ იდეა რუსეთისათვის მიუღებელი იყო და მოსკოვს ის არასოდეს არ დააკმაყოფილებდა. 

 

ამის პირველი სიგნალი დასავლეთს რუსეთმა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუგზავნა, საქართველოსთან ომის დროს... მაგრამ იმდენად, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] [დასავლეთისთვის] განსაკუთრებულ ფიგურას წარმოადგენდა, სიტუაცია სწრაფად მოგვარდა, რაიმე რეაქცია არ გამოვლენილა.

 

დღეს ჩვენ იქამდე მივედით, რომ რუსეთი ორ ძირითად საკითხს აყენებს: მოსკოვი მეტად აღარ შეეგუება ნატოს გაფართოების პრინციპს და ამ სიტუაციაში რუსეთისთვის უკრაინა „წითელ ხაზს წარმოადგენს. 

 

- ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე ევროპაში სერიოზულად არ განიხილება. მაშ რატომ არ აკმაყოფილებს რუსეთს სტატუს-ქვო და რატომ მოითხოვს რუსეთი წერილობით გარანტიებს?

- დასავლელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი ევროპელები რუსეთს სულ იმას უმეორებენ, რომ „ნუ ღელავთ, ჩვენი განცხადებები მათ მიღებაზე მხოლოდ სიტყვებია... მათთვის „არას“ თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთს ნატოში მიღების შანსი არ აქვთ“... და ამ დროს კი ნატოს ბუქარესტის 2008 წლის აპრილის სამიტის მემორანდუმში ჩაწერილია, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ეს ოფიციალური დოკუმენტია და მისი დენონსირება არ მომხდარა.


- რატომ დაიწყო კრიზისი დღეს? 2008 წლიდან დიდი დრო გავიდა...

- ამის ორი მიზეზი არსებობს: პირველი, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან, ძირითადად აშშ-სა და თურქეთის მხრიდან. ის, რომ დასავლეთი შესამჩნევად აძლიერებს კიევის სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთისთვის, ალბათ, უფრო სერიოზულია, ვიდრე ნატოში უკრაინის ოფიციალურ წევრად მიღება. მეორე მიზეზი იმით არის განპირობებული, რომ დონბასის პრობლემის მოგვარება ჩიხში შევიდა, მინსკის პროცესი ამოიწურა (იგულისხმება 2014 წელს მინსკში, ეუთოს ეგიდით გამართული უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს ხელმოწერილი ოქმები). იმავე დროს კი უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტთან [ვლადიმერ ზელენსკისთან] რაიმე არსებითი დიალოგი უკვე შეუძლებელია. დასკვნა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: პრობლემა ახლავე უნდა გადაწყდეს, რომ მოგვიანებით კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები