დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"სუს-ი მთავარი კომპრომატი და უარესიც: საშიშროება გახდა თავადვე ხელისუფლებისთვის" 16.09.2021 13:03

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ დავით ზარდიაშვილის ბლოგს:

 

მოდით, ისევ სჯულიერებას მოუხმოთ და სჯულით, ანუ - „მართლად განვსაჯოთ.“ ეს ნიშნავს - ნუ დაუჯერებთ აღქმებს, არამედ დაუჯეროთ ფაქტებს და ფაქტებიდან გამომდინარე მყარ არგუმენტებს:

 

ის, რომ თურმე ტოტალური თვალთვალისა და მიყურადების სისტემა არსებობს, ოდენ აღქმაა, რაც ასეთი „სისტემის“ ვითომდა გატეხვით - ე.ი. ამ „ფარული ჩანაწერების“ გამომზეურებით შეიქმნა; მაშასადამე, თუ ეს სისტემა არსებობდა, ფაქტია - იგი „გატყდა“; თავისთავდ, ეს უკვე არგუმენტია - ასეთი სისტემის არსებობას აზრი არა აქვს, რადგან იგი აუცილებლად გატყდება ისეთი პოლიტიკური სისტემის პირობებში, რაც დღეს გვაქვს. ტოტალური თვალთვალისა და მიყურადების სისტემა - მხოლოდ ტოტალიტარულ ან ავტორიტარულ პოლიტკურ სისტემაში არსებობს, სხვაგვარად - თავად ამ, მიყურადების სისტემის კონტროლია ოქსიმორონი. ცხადია, წინა რეჟიმმა სცადა ასეთი კვაზი-სისტემის შექმნა, მაგრამ - ეს მცდელობა ბოლოს კრახით დასრულდა; რატომ და იმიტომ, კახელისა არ იყოს - "გამაადგა რო?"

 

არა მგონია, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ვინმე ისეთი სრული ტუტუცი იყოს, წინა რეჟიმის სირეგვნეზე მაინც არაფერი ესწავლა; თავადვე შეენახა საკუთარი ყელის გამოსაჭრელად ასეთი უკონტროლო იარაღი - მიყურადებისა და თვალთვალის სისტემა, რაც აუცილებლად გატყდებოდა და მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდებოდა; და თანაც, ეს იარაღი საკუთარი ხელითვე მიერთია მოწინააღმდეგისთვის - აჰა, ბოლო მომიღეო!

 

ამიტომაც: მთავარი არგუმენტი, რომ ასეთი სისტემა, როგორც ფაქტი, არ არსებობს და მხოლოდ აღქმაა, სწორედ ეს არის - მის არსებობას არატოტალიტარული და არაავტოკრატიული ხელისუფლების პირობებში არავითარი აზრი არა აქვს.

 

ფაქტია და არა აღქმა: მოსმენების და თვალთვალის ე.წ. სისტემა, რაც ახლა თითქოსდა გატყდა, ე.ი. გამომზეურდა, ხელისუფლებისთვის არა მხოლოდ ფუჭი ყოფილა, არამედ - უკიდურესად სახიფათოც;

 

ასევე ფაქტია და არა აღქმა: ხელისუფლებას იგი იმ მიზნით, რისთვისაც, როგორც წესი, ასეთ სისტემებსა ქმნიან, ინახავენ და იყენებენ ხოლმე - ე.ი. სხვათა საკონტროლოდ და დამორჩილებისთვის, არც და ვერც გამოუყენებია, რადგან ბოლოსა და ბოლოს ამ გიჟვრაცუა ოპოზიციასა თუ „ამოტელა მოყაყანე შანტრაბას“, თავს რომ ჟურნალისტობას უწოდებს და ბალაგანის მასხარაობით არის „ნონ სტოპ“ რეჟიმში დაკავებული, დიდი ხანია ადგილზე მოსვამდა და ასე არ „გააბლატავებდა“;

 

რაც მთავარია, ასევე ფაქტია და არა აღქმა: აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ ტოტალური თვალთვალისა და მიყურადების არსებობა რიგით მოქალაქეებს მძაფრად არ ეგრძნოთ ამ სისტემის „გატეხვამდეც“; ტოტალიტარიზმიც გავლილი გვაქვს და სააკაშვილის კვაზი-ავტორიტარიზმიც; ყველას გვიგრძვნია და არ შეგვეშლება, რომ ასეთ სისტემას, თუკი ის მართლა არსებობს - ისეთი პირქუში სახე, ჩახრინწული ხმა, მყრალი სუნი, მწარე გემო და შეხებისას ისეთი საოცარი სუსხი აქვს, რომ წარმოუდგენელია - მკვდარი უნდა იყო, არაფერიც ვერ იგრძნო.

 

ამიტომაც: მეორე მთავარი არგუმენტი, რომ ეს სისტემა არ არსებობს ეგაა - მის გატეხვამდე, ე.ი. მიყურადების დამამატკიცებელი ე.წ. მასალების გამოზეურებამდე, ასეთი სისტემის არსებობა არავის უგრძვნია 5-დან ერთი მაინც რომელიმე შეგრძნებით: სპეციფიური, ოდენ მისთვის დამახასიათებელი ან სახით, ან ხმით, სუნით, გემოთი ან შეხებით. ხოლო რაც არავის უნახავს, არც გაუგია, არც შეხებია, არც გემო გაუსინჯავს მისი და ვერც მისი მყრალი სუნი უგრძვნია, როგორც წესი - არ არსებობს. და თუკი არსებობს - როგორც "საგანი თავისთავად", რაც არაფერში გამოიყენება ისეა გულდაგულ გაუჩინარებული, ანდა - მაშ, ჩვენ უკვე მკვდრები ვყოფილვართ!

 

მეორეს მხრივ, როგორც რუსები ამბობენ, „ნეტ დიმა ბეზ აგნია“. ანუ - უდავოდ, არსებობს რაღაც, უწინარეს ყოვლისა ეს გამომზეურებული მასალები, რაც, როგორც სისტემის გატეხვის მტკიცებულება, გამოიყენება ამ სისტემის აღქმისთვის. ამჟამად - აშკარად გამოიყენება ისეთი სისტემის იმიტაციური მოჩვენების შესაქმნელად, რაც ხელისუფლების კომპრომეტირების გზით "ხალხს ააბუნტებს". რა არის ეს, რასთან გვაქვს საქმე - როცა არსებობს სისტემის „გატეხვის“ მტკიცებულება, ხოლო თავად სისტემა, აშკარად - არა?!

 

უდიდესი ალბათობით შეიძლება თქმა, რომ საქმე გვაქვს არა სისტემასთან, არამედ სააკაშვილის მიერ დატოვებული კვაზი-სისტემის უარეს დეგრადაციასთან, მის უმახინჯეს იმიტაციასთან, ანუ - საბოლოო ჯამში, უსისტემობასთან.

 

ფაქტია და არა აღქმა: სტრუქტურა, რომელსაც სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური, სუს-ი ჰქვია, მთავარი კომპრომატი და უარესიც: საშიშროება გახდა თავადვე ხელისუფლებისთვის; ეს ქმნის უკიდურესად სახიფათო აღქმას - თუკი ვინმე ამ ქვეყანაში მართლაც ამბოხს და ხელისუფლების დამხობას აპირებს, დიდი ალბათობით, სუს-ი მისთვის მთავარი იარაღი და დასაყრდენი იქნება. დიახ, ეს ჯერ ფაქტი არ გახლავთ, მაგრამ ისეთი აღქმაა, რაც ფაქტადაც შეიძლება იქცეს.

 

ახლა ხელს ხოჯევანიშვილის, ქემოკლიძისა და ა.შ. ანუ - გახარიასკენ იშვერენ. ალბათ - საფუძვლიანადაც. მაგრამ: თქვე კაი ხალხო, თქვე კაი დედმამიშვილებო, ჩვენიანები კი ხართ, მაგრამ უნდა შემოგიძახოთ: მანდ არა გყავდათ სუყველა, ეგენი - თუ ასეთი ნაძირლები, მოღალატეები და ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილნი იყვნენ, კი მაგრამ - აქამდე გეძინათ?! ან სად არის გარანტია, რომ იგივე „კოლექტიური ხოჯევანიშვილები“ დღესაც არ გისხედან მანდვე?

 

გამოფხიზლდით: ეხლა მაინც აღიქვით (ფაქტებს რომ თავი დავანებოთ) - რომ გეძინათ, აგერ, ძალიან მწარედაც შემოგილაწუნეს. ახია თქვენზე, ახი! მაგრამ ჩვენ რაღა დავაშავეთ?!

 

ამიტომაც: ახლა მაინც გამოიღეთ ხელი და ეს სუსია თუ უკვე - რაღაცა ჯანდაბა, გაწმინდეთ დროზე, სანამ არა მარტო ეგ, არამედ ბოლოსა და ბოლოს, მთელი ქვეყანაც ავგიას თავლას არ დაემსგავსება!

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები