დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ფრაერი სიხარბემ დაღუპა“ - Deutsche Welle 13.04.2021 14:43

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») გამოაქვეყნა სტატია საინტერესო სათაურით „ფრაერი სიხარბემ დაღუპა“: არაერთმნიშვნელოვანი საინტერესო ისტორიები“, რომელშიც სიხარბის ამსახველ ფაქტებზეა საუბარი.

 

გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით:

 

„როგორც ცნობილია, ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, სიხარბე ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად ითვლება. მას ბევრი სინონიმი აქვს: ძუნწობა, გაუმაძღრობა, ანგარება, მომხვეჭელობა, „ვერცხლისმოყვარეობა“ და ა.შ. ხალხური სიბრძნე სიხარბის მიმართ ზიზღითაა გამსჭვალული: მაგალითად, არის ასეთი ანდაზა - „უკვე კუბოს უმზადებენ,ის კი მაინც ფულს აგროვებს“. ლექსიკონებში კი „სიხარბე“ ასეა განმარტებული: „მიდრეკილება მატერიალური სიკეთის მიღების მიზნით“.

 

მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანები ხარბები ხდებიან არა მხოლოდ მატერიალური სიკეთის მიღების თვალსაზრისით. ეს თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი გამოფენაზე (ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვირტუალურად) გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მხარის ისტორიის მუზეუმში, შტუტჰარტში.

 

ნობელის პრემიის ლაურეატი, ქიმიური იარაღის შემქმნელი

 

ექსპოზიცია, რომელიც თითქმის 300-მდე ექსპონატისგან შედგება - დოკუმენტებისგან, ფოტოსურათებისგან, მხატვრული ობიექტებისგან, ვიდეოებისაგან და ა.შ., მნახველებს 31 ისტორიას მოუთხრობს, რომლებიც ქრონოლოგიურად სამ საუკუნეს მოიცავს. „თუმცა ყველა მათგანი არ არის თავისი შინაარსით ერთმნიშვნელოვნად კრიტიკული და დამგმობი... სურვილი იმისა, რომ მეტი გქონდეს და მეტს მიაღწიო - ეს ხომ მეცნიერებისა და საბაზრო ეკონომიკის მამოძრავებელი მოქმედებაა. ასე რომ, თემა ძალზე არაერთმნიშვნელოვანია“, - ხაზს უსვამს პაულა ლუტუმ-ლენგერი, მუზეუმის დირექტორი, რომლისთვისაც არაერთმნიშვნელოვანი „გაუმაძღობის“ ერთ-ერთ მაგალითად ითვლება გერმანელ ქიმიკოსთან - ფრანც ჰაბერთან დაკავშირებული ისტორია.

 

ფრანც ჰაბერმა ნობელის პრემია ამიაკის სინთეზის სამრეწველო პროცესის შემუშავების გამო მიიღო, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა აზოტოვანი სასუქების იაფი წარმოება, მოსავლიანობის დონის მკვეთრი გაზრდა და საბოლოო ჯამში, პლანეტაზე შიმშილის ფაქტების შემცირება. მაგრამ ფრანცს უფრო მეტის მიღწევა უნდოდა, თანაც საქმე ფულში კი არ იყო (მას არ ჰქონდა მერკანტილური ადამიანის იმიჯი), არამედ „ცოდნის ხარბად მიღებაში“, როგორც იგი ამბობდა მოგვიანებით.

 

ქიმიკოსის მეცნიერული პატივმოყვარეობა ისე შორს წავიდა, რომ მან დაიწყო მომწამლავი ნივთიერებების შემუშავება, რომლებიც გერმანელებმა პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. ფრანც ჰაბერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ იგი თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და ცოდნა სამშობლოს ძლიერებას მოახმარა. მაგრამ რამდენად სამართლიანია, რომ ამ კაცს მეცნიერი და პატრიოტი ვუწოდოთ იმის შემდეგ, როცა იგი სპეციალურად მიდიოდა ფრონტის ხაზზე, რათა პირადად ენახა, დაკვირვებოდა და თავად დარწმუნებულიყო იმაში, თუ როგორ მოქმედებდა ადამიანებზე მის მიერ შექმნილი მომწამლავი გაზი...

 

მუზეუმის დირექტორი იქვე განმარტავს: „აკვირდებოდა არა იმიტომ, რომ იგი სადისტი იყო, არამედ იმიტომ, რომ პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მომწამლავი გაზის  სასიკვდილო ეფექტურობა გაეძლიერებინა...“.

 

სპორტული ფეხსაცმელები, რომლებსაც მფლობელი არ იცვამს

 

გამოფენის სხვა ისტორიები მოგვითხრობენ იმ ფაქტებზე, თუ როგორ მოურიდებლად აგროვებდნენ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები არისტოკრატები საეკლესიო ფასეულობებს (როცა გერმანიაში მონასტრების დახურვა დაიწყეს), როგორ მიითვისა აფრიკული კულტურის ნიმუშები გერმანელმა უფროსმა ლეიტენანტმა კამერუნში 1919 წელს (ეს ქვეყანა იმ დროს გერმანიის კოლონია იყო) და იმის შესახებაც, თუ როგორ ძარცვავდნენ და იტაცებდნენ გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები ებრაელთა ქონებას, თვითონ ებრაელებს კი საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ.

 

დღემდე ეძებენ (და პოულობენ) გერმანელი ნაცისტების მიერ კონფისკებულ ან ჩალის ფასად შეძენილ და შემდეგ გადამალულ იმ ნახატებს, მხატვრულ ღირებულებებს, რომლებიც ადრე ებრაელებს ეკუთვნოდათ.

 

ექსპოზიციის კიდევ ერთი განყოფილებაში ნაჩვენებია შოპინგის ექსცესების ამსახველი ფაქტები, რასაც გერმანელები „კაიფრაიშს“ უწოდებენ, ანუ „შეძენილის სიხარულით გამოწვეულ სიმთვრალეს“. ამ განყოფილებაშია გამოფენილი, მაგალითად, ლიმიტირებული რაოდენობით წარმოებული სპორტული ფეხსაცმელები, რომლებიც მავანმა ფანტასტიკურ ფასად იყიდა, მაგრამ ერთხელაც არ ჩაუცვამს და მხოლოდ საკუთარი სიხარბე დაიკმაყოფილა.

 

„ჰიტლერის დღიურებისათვის“ - საპყრობილეში

 

შტუტჰარტის მუზეუმის გამოფენა წარმატების ავადმყოფური წყურვილის შესახებაც გვიყვება - იმ აღიარებაზე, რომელმაც 1983 წელს გერმანიის მასმედიის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია.

 

ჟურნალ „შტერნ“-ის რედაქციამ იმ დროს სენსაციის შესახებ განაცხადა: „ჩვენ ადოლფ ჰიტლერის დღემდე დამალული დღიურები ვიპოვეთ, მთელი 60 ეგზემპლარიო“.

 

ამ ისტორიას „შტერნი“ დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა, რათა გემრიელი ლუკმა ხელიდან არ გაეშვა, ჟურნალის ტირაჟი მუდამ მაღალი ყოფილიყო და კოლოსალური შემოსავლები მიეღო, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, მას თავიდანვე საეჭვო სუნი ასდიოდა. დიდების მოპოვების სწრაფვით დაბრმავებულ ჟურნალს ნორმალურად არ ჩაუტარებია „დღიურების“ ისტორიული ანალიზი, არც ქაღალდისა და მელნის ექსპერტიზა არ გაუკეთებია და როცა საქმე საქმეზე მიდგა, ყველაფერი ერთდროულად „გასკდა“...

 

ხმაურიანი პრეზენტაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქმე უხეშ გაყალბებას ეხებოდა. „შტერნ“-მა „დღიურებისთვის“ დიდი ფული გადაუხადა რეპორტიორს, რომელიც შუამავლის როლში გამოდიოდა, მან კი, თავის მხრივ, იმ მავან პიროვნებას, რომელმაც რაიხსფიურერის „დღიურების“ ფალსიფიცირება განახორციელა. მართალია, ფალსიფიკატორს და შუამავალს თავი ციხეში ამოაყოფინეს, მაგრამ დახარჯული ფულის დიდი ნაწილი დღემდე ვერ იპოვეს.

 

შტერნის“ რედაქციის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა, მაგრამ გამოცემის რეპუტაცია ისე შეილახა, რომ „შავი ლაქა“ ჯერაც ვერ ჩამოირეცხეს. დღეს გერმანიაში ჟურნალ „შტერნის“ დანახვისას უეჭველად ის სკანდალური ისტორია ახსენდებათ. როგორც ერთი ჟარგონული ანდაზა ამბობს - „ფრაერი სიხარბემ დაღუპაო“, გამოფენაზე ამ „სიბრძნის“ დამადასტურებელ მრავალ ფაქტს ნახავთ.

 

წყარო: https://p.dw.com/p/3rKmB

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები