დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

არსიანის მთები მოგზაურებს იწვევს 10.08.2020 13:53

თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუ“-ს Anadolu Ajansı») მიერ 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „არსიანის მთები მოგზაურებს იწვევს“ (ავტორი - იუსუფ ოქური) საუბარია საქართველოს საზღვართან მდებარე ართვინის პროვინციის შავშეთის რაიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, ბუნების სილამაზეზე და ა.შ.


„თურქეთის მოსახლეობა, მთელი მსოფლიოს მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გავლენის ქვეშ იმყოფება. ადამიანები ცდილობენ გაექცნენ ქალაქის ცხოვრებას და ბუნების წიაღში, მშვიდ და წყნარ გარემოში დაისვენონ. ერთ-ერთი ასეთი ადგილია არსიანის მთებში მდებარე შავშეთის რეგიონი.


შავშეთმა „მშვიდი ქალაქის“ სტატუსი მიიღო ამავე სახელწოდების საერთაშორისო მოძრაობის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მილანში (იტალია) 2015 წელს გაიმართა. შავშეთი, რომელიც არსიანის მთებში ზღვის დონიდან 2500-3500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს, ტურისტებისა და მოგზაურების ყურადღებას იპყრობს ტბებით, ხის არქიტექტურით, ეროვნული პარკებით და ისტორიული ძეგლებით“, - ნათქვამია სტატიაში.


ავტორი ესაუბრება ტურისტებს, რომლებიც შავშეთს სამოთხის მსგავს ადგილად მიიჩნევენ. მათი თქმით, არსიანის მთებში ცხელ ზაფხულშიც კი თოვლის ნახვა შეიძლება. აქ არის ბევრი ენდემური მცენარეც. ერთ-ერთ მთიდან, რომელსაც ადგილობრივები „ჩანჩიანს“ ეძახიან, საქართველოს ტერიტორიაც მოჩანს.


როგორც გიდი ბარიშ დემირი ამბობს, არსიანის მთებში ბევრი ტურისტული მარშრუტია ფეხით მოსიარულეებისთვის, რომლებთაც აქვთ შესაძლებლობა უფრო ახლოს გაიცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება, კულტურა და ტრადიციები.  „სპეციალური მარშრუტია შექმნილი ისტირიული ტბეთის მონასტრის დამთვალიერებლებისთვისაც“, - აღნიშნავს ბარიშ დემირი.


წყარო: https://www.aa.com.tr/tr/turkiyede-yaz/artvinin-arsiyan-yaylasi-sukunet-arayan-dogaseverleri-agirliyor/1934396

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები