დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

დაღუპვის პირას მყოფი სარესტორნო სექტორისთვის ეს დახმარება საკმარისი არ არის - შოთა ბურჯანაძე 14.05.2021 15:13

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შენდეგ, სარესტორნო სექტორი, როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოშიც მნიშვნელოვნად დაზარალდა. რესტორნების მფლობელები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც, ობიექტების დაკეტვა და თანამშრომლების გათავისუფლება მოუწიათ.

 

მათ დასახმარებლად, თბილისის მერია დედაქალაქში არსებულ 400 რესტორანს ერთჯერადად  ფინანსურად დაეხმარება. 

 

დაანონსებული ფინანსური დახმარება 5 000 ლარია, იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ დახმარებას რესტორნები მომავალი კვირიდან მიიღებენ.

 

რა პრინციპით შეირჩა რესტორნები? რატომ მხოლოდ დედაქალაქში და არა სხვა რეგიონში? საკმარისია თუ არა აღნიშნული თანხა იმისათვის, რომ სარესტორნო სფეროში არსებული კრიზისი დაიძლიოს?

 

ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“  ესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლი შოთა ბურჯანაძე ესაუბრა.

 

„თავად ვმონაწილეობდი  რესტორნების შერჩევაში და ძირითადად საუბარი იყო საშუალო და მცირე ობიექტებზე, რომლებიც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. სწორედ ამ პრინციპით შევარჩიეთ, თუ რომელი შეიძლება ჩათვლილიყო მცირე და საშუალო რესტორნად.


აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის და ეს ყველაფერი მისი კომპეტენციის ფარგლებში გაკეთდა. ჩვენ, რესტორატორთა ასოციაციის სახელით, კომუნიკაცია გვქონდა დიდი ქალაქების მერებთან და საკრებულოებთან, მათ შორის იყვნენ: ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და გორის. მათ ეს იდეა გავაცანით და შევთავაზეთ, რომ დახმარებოდნენ  სფეროში არსებულ მცირე და საშუალო ტიპის რესტორნებს. ველოდებით პასუხს. იდეა ძალიან მოეწონათ და ახლა დახმარებისთვის სახსრებს ეძებენ .


მაგალითად, ქუთაისის მერიამ განაცხადა, რომ რესტორნების დახმარებას ურჩევნია ჰოსტელებს დაეხმაროს. თუმცა, ჯერ  მაგ კუთხით  ნაბიჯი არ გადაუდგამთ,“ - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

 

მისი თქმით, აღნიშნული თანხა სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად საკმარისი არაა.

 

„ჩვენი სფერო თითქმის დაღუპვის პირასაა. მაგრამ ეს ის თანხაა, რომელიც შეიძლება მათ „ოპერეიშენზე“ დასჭირდეთ. ეს თანხა 400 რესტორანს მინიმალური დავალიანების დაფარვის შესაძლებლობას მისცემს,“ - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 400 რესტორნის ფინანსური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები