დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ეკოლოგიური კატასტროფა - რა ხდება მარმარილოს ზღვაში 17.06.2021 14:34

თურქული პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც მარმარილოს ზღვაში ხდება და რომელიც შეიძლება მალე შავ ზღვასაც დაემართოს. საქმე ეხება ფიტოპლანქტონის არნახულ გამრავლებას, რასაც ხელს უწყობს სამრეწველო ნარჩენები და მომწამვლელი, მავნე ნივთიერებები, რომლებიც მარმარილოს ზღვაში ჩაედინება. ფიტოპლანქტონი ზღვის ზედაპირზე და წყალქვეშ რუხი-მოთეთრო ლორწოს სახით არსებობს,  რომელიც ხელს უშლის წყალში ჟანგბადის შეღწევას და შესაბამისად, ყოველივე ცოცხალ არსებას დაღუპვით ემუქრება.

 

გაზეთი „თურქი“  («Türkiye») ბეჭდავს სტატიას სათაურით „წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ (ავტორი - ზინეთ ქოჯაბიქი), რომელშიც ნათქვამია: „მარმარილოს ზღვის ფსკერზე ისეა ლორწო მოდებული, რომ ხალიჩა გეგონება. თევზები ან დაიღუპნენ, ანდა ლორწოში „გაბმულები“ კომატოზურ მდგომარეობაში არიან. სურათი ისეთია, როგორსაც საშინელებათა ფილმებში ვხედავთ ხოლმე.

 

მყვინთავები, რომლებმაც ზღვის ფსკერი გამოიკვლიეს, თავიანთ გაოცებასა და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ. თურქეთის წყალქვეშა სპორტის მოყვარულთა ასოციაციის გარემოს დაცვის საბჭოს წევრი და ფოტოგრაფი მეჰფათ აქბაშ ჩიფჩი, რომელსაც მსოფლიოს უამრავი ადგილზე ჩაუყვინთავს და მრავალი არასასიამოვნო სურათის მნახველია, მისთვის მარმარილოს ზღვის ფსკერზე ნანახი ყველაფერს აჭარბებს: „ეს საშინელებაა. ასეთი ეკოლოგიური კატასტროფა არსად მინახავს“.

 

ჩვენი გაზეთთან საუბრისას მეჰფათ ჩიფჩიმ აღნიშნა, რომ ლორწო პრობლემად დაახლოებით ორი კვირის წინათ იქცა: „მარმარილოს ზღვაში ასეთი რამ ადრეც ყოფილა, სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ შემდეგ სწრაფად ქრებოდა. ახლა კი, როცა გავიგეთ, რომ გემლიკის უბეში ლორწოს სქელი ფენა იქმნებოდა, იმავწუთს გავემგზავრეთ. ადამიანი ჯერ ზედაპირს რომ შეხედავს, შეეშინდება, მაგრამ მერწმუნეთ, წყალქვეშ უფრო უარესი სიტუაციაა. აი, სურათებზე ჩანს, რომ ყოველგვარი სიცოცხლე ნადგურდება. თევზებზე რომ არაფერი ვთქვათ, ახლანდელ ლორწოს ვერ უძლებს ის მწვანე წყალმცენარეებიც კი, რომლებიც ადრე გამძლეობით გამოირჩეოდნენ. ისინიც კი იღუპებიან. მთელი ფსკერი ლორწოთია მოფენილი, ირგვლივ სქელი ფაფის მაგვარი წარმონაქმნია. წყალქვეშ ორნი ვიყავით და ჩემს მეგობარს ნახევარ მეტრშიც ვეღარ ვამჩნევდი“.

 

მეჰფათ ჩიფჩისთვის მარმარილოს ზღვის ასეთი მდგომარეობა ძალიან სამწუხაროა, რადგან მან ბავშვობა სწორედ გემლიკის უბის ნაპირზე გაატარა და ცურვაც იქ ისწავლა.

 

თურქეთის ხელისუფლება ცდილობს მარმარილოს ზღვაში მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები როგორმე შეამციროს. მეცნიერები ამბობენ, რომ ლორწოს წარმოქმნას და მისი გამრავლებას ამჯერად ხელი კორონავირუსმაც შეუწყო, როცა ადამიანთა თვითიზოლაციის დროს საყოფაცხოვრებო ნაგვის მოცულობა ძალიან გაიზარდა და ეს ყველაფერი უკონტროლოდ ზღვაში იყრებოდა. „მარმარილოს ზღვაში ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი კუბმეტრის მოცულობის ნაგავი იყრება. რასაკვირველია, ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მოვალეობაა, მაგრამ თითოეულმა მცხოვრებმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ბუნების, გარემოს დაცვა მისი მოვალეობაც არის. თუ ჩვენ მიდგომებს არ შევცვლით, უარესი მოხდება“.

 

წყაროები: https://inosmi.ru/social/20210616/249921530.html

https://www.turkiyegazetesi.com.tr/saglik/793369.aspx

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები