დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ვატო სურგულაძე - უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება დაინფიცირების რისკებს გაზრდის 21.10.2020 13:59

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, ჯანდაცვის ჯგუფის წევრი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება დაინფიცირების რისკებს გაზრდის, ხოლო 1-ელ ნოემბერს გამოცდების დანიშვნა რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების უფლებებს არღვევს. ამის შესახებ სურგულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, პანდემიის ზრდის პირობებში უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია. ვატო სურგულაძემ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებმა საგამოცდო დღედ 31 ოქტომბერი და 1-ელი ნოემბერი დანიშნეს, რის გამოც სტუდენტები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვევა.

 

,,უნივერსიტეტი არის ინფექციის გადაცემის ყველაზე საშიში ზონა. გერმანიის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, როდესაც მოხსნეს ყველა შეზღუდვა, ბოლოს გაიხსნა უნივერსიტეტები. ჩვენთან ჯერ არ შეიძლება სასწავლო დაწესებულებების გახსნა, რადგან უმრავლესობა არ არის მზად იმისათვის, რომ მიიღონ სტუდენტები და ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ სწავლა. ისიც გვესმის, რომ დისტანციური სწავლება არ არის ისეთი ხარისხიანი, როგორიც უშუალოდ სასწავლო პროცესია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველდღე იზრდება დაინფიცირებულების რაოდენობა, შეიძლება მივიღოთ უნივერსიტეტის კლასტერი, მაშინ, როდესაც ბევრ უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერსაც კი დანიშნეს გამოცდები. ბევრი სტუდენტი არის ჩამოსული რაიონიდან და მათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება, ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მივმართავთ მთავრობას, რომ უნივერსიტეტში სწავლება უნდა შეწყდეს,”- განაცხადა სურგულაძემ.

 

,,ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წევრის თქმით, მთავრობა ოპოზიციური პარტიების რჩევებს არ ითვალისწინებს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

 

„ქვეყანაზე გული შეგვტკივა და არ გვსურს რეალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩვენი ინიციატივა იყო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებისთვის ტესტის ჩატარება, ჩვენ ვთქვით, რომ აჭარაში კარვების დადგმა უარეს შედეგს მოიტანს-თქო და არ გაითვალისწინეს, გუშინ კი აღიარეს, რომ ეს იყო შეცდომა,”- განმარტა ვატო სურგულაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები