დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ზუგდიდის გაკვეთილები - სახელმწიფო და მედია ცხელ წერტილში 28.10.2020 21:04

უკვე თითქმის ერთი კვირა გავიდა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შემდეგ, რომელმაც ერთი დღით მთელი საქართველო ტელეეკრანებს მიაჯაჭვა. ეს დრო, რასაკვირველია, არ არის საკმარისი სრულყოფილი ანალიზის გასაკეთებლად, მაგრამ რამდენიმე საყურადღებო დასკვნის გამოტანა დღესაც შესაძლებელია:

 

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა ფორმალურად კრიმინალურ შინაარსს ატარებდა, ის აშკარად შეიცავდა ტერორისტული ქმედების ნიშნებსაც: საბრძოლო, საარმიო შეიარაღების გამოყენება, მძევლების აყვანა, შენობის დაკავება და ა.შ. − ეს ყველაფერი აშკარად წააგავდა 2002 წელს ტერორისტების მიერ მოსკოვის „ნორდ-ოსტის“ თეატრის დაკავების სცენარს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლასიკური ტერორისტული აქტისაგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიტიკური მოთხოვნები არავის წამოუყენებია.

 

გარდა ამისა, აშკარაა, რომ ამ ტიპის თავდასხმა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მთელი ქვეყნისთვის და, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურებისთვისაც. ამის გამო საწყის ეტაპზე ყველა მიმართულებით შეინიშნებოდა პანიკა და დაბნეულობა, რაც თანდათან აღმოიფხვრა. ამავე დროს ნათელია, რომ, ისევე როგორც ჩატაევის ტერორისტული თავდასხმის დროს, პერიმეტრის დაცვასა და კონტროლთან ერთად პრობლემად რჩება საინფორმაციო განზომილება: გაირკვა, რომ ჩატაევის ოპერაციის მსვლელობაში დაშვებული შეცდომებიდან „გაკვეთილების“ სწავლა ვერ მოხერხდა.

 

ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ზუგდიდში არ შექმნილა ოპერატიული საინფორმაციო შტაბი და პრესასთან ურთიერთობებისთვის არ გამოყოფილა პირი, რომელიც მედიის მუშაკებს სისტემატურად მიაწოდებდა ოპერატიულ ინფორმაციას.

 

პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ზუგდიდის თავდასხმის დროს ვერ მოხერხდა ელექტრონული და მობილური კავშირგაბმულობის საშუალებებზე კონტროლის დროული დამყარება და თავდამსხმელისთვის საინფორმაციო ველის სრული დახშობა ისევე, როგორც ვერ მოხერხდა ბოროტმოქმედის რეალური სახის წარმოჩენა და, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა რობინ ჰუდის კეთილშობილური იმიჯის დასამსხვრევად, რომელიც მედიასა და, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში დამკვიდრდა.

 

ზუგდიდის ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემად რჩება „ცხელ წერტილში“ მასმედიის წარმომადგენელთა არასათანადო საქმიანობა. ამ ასპექტში აშკარად იკვეთება ძალოვანი სტრუქტურებისა და მასმედიის მუშაკთა მონაწილეობით ერთობლივი წვრთნების ჩატარების აუცილებლობა.

 

ქვემოთ გთავაზობთ მასმედიის მიერ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას დაშვებული შეცდომების არასრულ ჩამონათვალს, რასაც ჟურნალისტებმა და, მთლიანად, საზოგადოებამ სამომავლოდ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

 

• თავდასხმის პირველ ფაზაში ჟურნალისტები (განსაკუთრებით, სატელევიზიო გადამღები ჯგუფების წარმომადგენლები) არ ითვალისწინებდნენ და ვერ აცნობიერებდნენ, თუ რას აშუქებდნენ და „ცხელი ნიუსმეიკინგის“ პროცესში თავდამსხმელის სამიზნედაც კი იქცნენ; როგორც გვახსოვს, გამტაცებელმა ორი ტყვია ესროლა ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორს, რომელიც ძალიან მიუახლოვდა ბანკის ფილიალს. ეს გარემოება აშკარად მიგვანიშნებს ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისის მართვის საკითხებში მასმედიის წარმომომადგენელთა დაბალი განათლების დონეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიის მუშაკებს ვითარების გაშუქებისას მას შემდეგაც კი არ გამოუყენებიათ საგანგებო აღჭურვილობა, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ საქმე გვქონდა შეიარაღებულ თავდასხმასთან. ამით ისინი ერთი მხრივ საფრთხეს უქმნიდნენ საკუთარ სიცოცხლეს და მეორე მხრივ, კიდევ უფრო ურთულებდნენ ამოცანას სამართალდამცველებს.

 

• ტელევიზიებმა ვერ ან არ გაითავისეს, რომ დაუშვებელია ბოროტმოქმედისთვის პირდაპირი ეთერის დათმობა მის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად („მთავარმა არხმა“ სამართალდამცველები მხოლოდ მოგვიანებით ჩააყენა საქმის კურსში). ამ ქმედებამ თავდამსხმელს საშუალება მისცა, წინასწარ დაგეგმილი სქემის მიხედვით ჩაეგდო ხელში „საინფორმაციო ველი“ და მოეპოვებინა „ოპერატიული უპირატესობა“, რამაც, თავის მხრივ, მისთვის მეტად ხელსაყრელი პირობები შექმნა. ამ უპირატესობის მიღწევის შემდეგ თავდამსხმელმა ოსტატურად გამოიყენა ფსიქოლოგიური ბრძოლის ელემენტები და საზოგადოებაში დაიწყო ე.წ. „სტოკჰოლმის სინდრომის“ ჩანერგვა;

 

• ტელევიზიები კვლავინდებურად ვერ იკავებენ თავს ოპერაციის დეტალების პირდაპირ ეთერში გაშუქებისგან (საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება, ძალოვანი სტრუქტურების განლაგების ადგილები და ა.შ.); ეს კი უშუალო საფრთხეს უქმნის ოპერაციის მიმდინარეობას და საგრძნობლად უადვილებს თავდამსხმელს კონტრზომების მიღებას. ზუგდიდის მაგალითზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რომ საინფორმაციო ფილტრის არარსებობამ დეზორგანიზაცია შეიტანა ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

 

• ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან (ინფორმაციის სწრაფად მოპოვებისა და სენსაციურობის მიღწევის მიზნით), როგორც ჩანს, იყო პირდაპირი კონტაქტის დამყარების მცდელობა შენობაში მყოფ მძევლებთან სოციალური ქსელებისა თუ მობილური კავშირის მეშვეობით, რაც ასეთი სიტუაციებში კატეგორიულად დაუშვებელია. სავსებით შესაძლებელია, ამგვარ ქმედებას მოვლენების ტრაგიკული სცენარით განვითარება მოჰყვეს;

 

• მედიასაშუალებების ნაწილი (ისევ და ისევ კონკურენტების დასწრების მიზნით) გადაუმოწმებელსა და მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო თავდასხმის პირველ ეტაპზე. ამგვარი „ჟურნალისტიკა“, ბუნებრივია, აბნევს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და ხელმძღვანელობას, რომელსაც უწევს კრიზისის მართვა და ვისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ოპერატიული ვითარების სწორი აღქმა;

 

• ხშირად მედია გადაუმოწმებელი ინფორმაციის ან, სულაც, ჭორის საფუძველზე ცდილობდა მიეღო შეფასებები და კომენტარები საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებისგან და გვთავაზობდა საკუთარ ვერსიებს თავდამსხმელის სავარაუდო პროფესიის, ვინაობისა თუ სხვა დეტალების შესახებ, რაც უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობის პროცესში განსაკუთრებით საშიშია და, შესაძლოა, თავდამსხმელის წისქვილზე „დაასხას წყალი“, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არასწორი ვერსიის გავრცელებით შეიძლება საფრთხე შეექმნათ ან, სულ ცოტა, მორალური ტრავმა მიიღონ სრულიად უდანაშაულო ადამიანებმა და დაზარალდეს სხვადასხვა ინსტიტუტის რეპუტაცია.

 

 

 

 

mediacritic.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები