დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს 22.06.2021 17:45

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ  თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს.



 საკრებულო დღეს, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის" თეიმურაზ ბასილაიას უფლებამოსილების ცნობას განიხილავდა, რა დროსაც საკრებულოში მივიდა, სუს-ის რეგიონალური სამსახურის ყოფილი უფროსის,"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, 2020 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული,  ირაკლი გაწერელიას მეუღლე,  ფატი შენგელია, რომელმაც თეიმურაზ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა.


 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე შევიდა, რის გამოც მას საკრებულოს წევრის უფლება-მოსილება შეუწყდა. ანა წითლიძის ადგილმონაცვლე საკრებულოში ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი თეიმურაზ ბასილაია იყო.


 
ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი გაწერელიას მეუღლის ფატი შენგელიას თქმით, 2020 წელს, მომხდარი ავარიის გამო დაწყებული გამოძიების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე, სადაც ავარიის დეტალები განიხილებოდა, ენმ-ის არცერთი წარმომადგენელი არც ცენტრალური, არც რეგიონული ოფისიდან არ გამოცხადდა.


 
“ნამდვილად არ მინდოდა ზუგდიდიდან დამეწყო, მაგრამ ვხედავ, მომიწევს. საკრებულოს წინ უნდა შევეგებო მას, ვინც გადააბიჯებს 9 წლიანი ბრძოლის გამო აქ ჩახოცილ, მთელი ცხოვრება თანამდგომ, მებრძოლ, ბიჭებს. (იკა იცი რაო??? სასამართლო პროცესზე კი დაგტოვეთ თქვენი სულები უპატრონოდო, მაგრამ საკრებულოს ვერ დავტოვებთო)”, – დაწერა სოციალურ ქსელში შენგელიამ.



თემურ ბასილაიას ფატი შენგელიასთვის მომხდარი ინციდენტის შემდეგ პასუხი არ გაუცია და საკრებულოს სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრ ბათლომე შელიასთან ერთად დატოვა.



შეგახსენებთ, შემზარავი ავტოავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მაშინ მოხდა, როცა ენმ-ის ზუგდიდისა და სამეგრელოს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, 2020 წლის 29 ნოემბერს თბილისში ჩატარებული შეკრების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ.  მიკროავტობუსს, სადაც ისინი ისხდნენ, უკნიდან ტრაილერი შეეჯახა.



 შეჯახების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი  გარდაიცვალა, ათმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებები  მიიღო.



გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები