დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

თაკო ჩარკვიანი: თუ პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას არ აიღებენ, შესაძლოა, მათი ლიკვიდაცია მოხდეს 26.11.2020 17:46

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას არ აიღებენ, შესაძლოა, მათი ლიკვიდაცია მოხდეს.

 

მისივე თქმით, პარტიებს ლეგიტიმურობას ხალხი ანიჭებს და ეს სწორედ ხალხის ფულია.

 

„ჯერ ერთი, ორი დღე გვაქვს მე და ჩემს პარტიას, რომ უარი ვთქვათ და მე იმიტომაც დავდე სტატუსი „ფეისბუქზე“. ეს ერთგვარი გამოკითხვა იყო ჩემთვის, რადგან ამ წამსაც, როცა გესაუბრებით ჩემი პოზიცია არის, რომ არ ავიღოთ დაფინანსება. იმიტომ დავდე სტატუსი, რომ ამომრჩეველი შემოდის იქ და ძალიან საინტერესო პოლემიკა გაიმართა. მინდა გითხრათ, რომ იქაც აღმოვჩნდი უმცირესობაში ზუსტად ისე, როგორც პარტიაში გამართულ გუშინდელ პოლემიკაში. ახლა რაც შეეხება ლეგიტიმურობას, ლეგიტიმურობას არ გაძლევს ხელისუფლება, ლეგიტიმურობას გაძლევს ხალხი და ეს ფინანსები არის ბიუჯეტიდან. ის, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და არ ვიღებთ არანაირ სარგებელს, როგორც დეპუტატები, ეს ცალსახაა და არ განიხილება. რა თქმა უნდა, დეპუტატის ხელფასს არ ავიღებთ.

 

აქ საუბარია პარტიის გარე დაფინანსებაზე, როდესაც ვთქვი, რომ მოდი არ შევიდეთ, ძალიან დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით. ამ გაყალბების ჟამსაც ის ოთხი მანდატი ჩვენ ხალხმა მოგვცა, ეს ხალხის ფულია, ეს ხალხი გეუბნება: გავიგე რომ არ შედიხარ, გავიგე რომ დეპუტატის ხელფასს არ იღებ, გეთანხმები, მაგრამ მე რა დაგიშავეთ, რომ ჩემი რჩეული პარტიები საერთოდ ლიკვიდაციაზე მიდიხართ, რადგან ეს აბსოლუტურ ლიკვიდაციას ნიშნავს. სრულიად ოპოზიციური სპექტრის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს იმ სპექტრის, რომელსაც ლეგიტიმაცია მისცა ხალხმა.

 

ახლა სადაც ვიმყოფებით, ჩემი მეუღლის ოფისია, მე აქ შემოხიზნული ვარ. კი ბატონო, არ გამაგდებს ნამდვილად, მაგრამ აქ საუბარია ელემენტარულ არსებობაზე, პრესსამსახურია, რეგიონებია…გამორიცხულია, რამე გააკეთო.

 

გარდა ამისა, ჩვენ, ოპოზიცია ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თუ რაიმე გაგვაჩნდა, არჩევნებისთვის ყველაფერი გავხარჯეთ, ერთი თეთრი არ გაგვაჩნია. მე თუ მკითხავთ, ნორმალურ სახელმწიფოში, სამომავლოდ გეუბნებით, სულაც არ მომწონს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიები, მაგრამ ეს ნორმალური მართვის პირობებში. დღეს არანორმალურ ვითარებაში ვართ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას, ჩარკვიანმა უპასუხა, რომ მას ლეგიტიმაცია ხალხმა მიანიჭა. ჩარკვიანის განცხადებით, დაფინანსების მიღება ნიშნავს, პატივი სცე საკუთარ ამომრჩეველს და არ გამოაცხადო თვითლიკვიდაცია.

 

„არჩევნების არალეგიტიმურობა ზუსტად მანდ არის იმიტომ, რომ კაცზე გამოყოფილი 15 ლარი რომ გაამრავლოთ, ხელისუფლებას მილიონები აქვს მოპარული ამ გაყალბების დროს. ჩვენ, ოპოზიციას რომ უნდა მიგვეღო სიტყვაზე 10-11 პროცენტი, დაგვიწერა 3 პროცენტი, რომელ ლეგიტიმურობაზე და არალეგიტიმურობაზეა საუბარი, ტოტალურად მიიტაცა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს მიზერული დაფინანსება უკვე იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ ლეგიტიმურად აღიარებ არჩევნებს, არა, იმას ნიშნავს, რომ ლიკვიდაცია არ მოხდეს და პატივი სცე იმ ამომრჩეველს, რომელმაც შენ მოგანიჭა ლეგიტიმურობა. მე ლეგიტიმაცია ხელისუფლებამ გაყალბებით წამართვა, ხოლო ხალხმა ლეგიტიმაცია მომანიჭა და რა დააშავა იმ ჩემმა ამომრჩეველმა. აი, ასე დაისვა გუშინ იურისტებთან საკითხი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები