დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში: წარმატებები და წარუმატებლობები 26.10.2020 12:28

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში: წარმატებები და წარუმატებლობები“, რომელშიც საუბარია გერმანული „ბერტელსმანის ფონდის“ ეგიდით მომზადებულ გამოკვლევაზე ევროპის ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსაც ეხება.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


„სად უფრო მეტია კორუფციის დონე - საქართველოში თუ იტალიაში? პირველმა „კორუფციის აღქმის ინდექსში“ (საერთაშორისო ორგანიზაცია  Transparency International-ის მიხედვით) 44-ე ადგილი დაიკავა, მეორემ - 51-ე, გასული წლის შედეგებით. საქართველომ თავისი ანტიკორუფციული ბრძოლის წარმატებით გაუსწრო ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა მალტა, სლოვაკია, საბერძნეთი, ხორვატეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ბულგარეთი - რომ არაფერი ვთქვათ მის სამხრეთკავკასიულ ორ მეზობლეზე - სომხეთზე (77-ე ადგილი) და აზერბაიჯანზე (126-ე ადგილი), აგრეთვე ბელარუსზე (66-ე) და უკრაინაზე (126-ე) დარუსეთზე (137-ე ადგილი).


ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველომ საპარლამენტო არჩევნების წინ შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია პოსტსაბჭოური უბედურების - კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში? და ვინ უფრო მეტად ისახელა თავი წარმატების მიღწევაში - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდმა (2004-1012 წლებში) თუ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საქართველოს 8 წლის განმავლობაში მართავს ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით?


სისტემური კორუფცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში


„დოიჩე ველე“ ესაუბრა იმ გერმანელ სპეციალისტებს, რომლებმაც „ბერტელსმანის ფონდისთვის“ შედარებითი გამოკვლევა მოამზადეს სახელწოდებით „კორუფციასთან ბრძოლა და მისი პროფილაქტიკა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“. მისი ინგლისურენოვანი ვერსია ნოემბერში გამოქვეყნდება.


როგორც პროექტის ინიციატორი მარიამ კოსმელი ამბობს, „სისტემური კორუფცია ყოველთვის არის დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან და შესაბამისად, მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებული მხოლოდ წინა ხელისუფლების სტრუქტურების შეცვლა-დამსხვრევის შედეგად იქნება“. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მდგომარეობის კვლევისას ყურადღება მიექცა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სპეციფიკას, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას და სხვა ფაქტორებს.


„საქართველო ამ მხრივ საინტერესო მაგალითს წარმოადგენს, - აღნიშნავს მარიამ კოსმელი, - ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლამ ზოგიერთ სფეროში წარმატება მოიტანა, ზოგიერთში კი ანტიკორუფციულმა რეფორმებმა მდგრადი, გრძელვადიანი ეფექტი ვერ მოიტანა, თუმცა ტრანსფორმაცია სამართლებრივი სახელმწიფოსაკენ გრძელდება“. ამასტან დაკავშირებით ნიშანდობლივია კვლევის იმ ნაწილის სათაურიც, რომელიც საქართველოს ეხება: „ანტიკორუფციული ბრძოლის ნიმუშს ბზარი გაუჩნდა“.


მიხეილ სააკაშვილის შედეგი: ყოფითი კორუფციის დასასრული


„ბერტელსმანის ფონდმა“ კვლევის ერთ-ერთ ავტორად მიიწვია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტი, ჯურნალისტი სილვია შტოიბერი, რომელიც გერმანიის ტელევიზიის „არდ“-ის (ARD) საინფორმაციო პროგრამა „ტაგესშაუ“-ში (Tagesschau) მუშაობს, ხშირად დადის საქართველოში და ამ ქვეყნის განვიტარებას 2007 წლიდან აკვირდება.


სილვია შტოიბერის აზრით, „საქართველოს მიერ განვლილი გზის შესაფასებლად, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, თუ როგორი ქვეყანა იყო ის 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დასასრულს: იმ დროისთვის საქართველო არშემდგარ, ქმედითუუნარო სახელმწიფოდ ითვლებოდა“. როგორც იგი წერს გამოკვლევაში, „საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ასეთი სახელმწიფოც კი შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში ძირფესვიანად გარდაქიმნას, ქვეყნის მართვაში ეფექტური თანამედროვე სტანდარტების დანერგვით“.


„ქვეყნის მოდერიზების პროცესში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა თითქმის შეძლო ყოფითი კორუფციის აღმოფხვრა“, - ხაზს უსვამს სილვია შტოიბერი „დოიჩე ველეს“-სთან საუბარში. მისი თქმით, საგზაო პოლიცია, რომელიც ადრე მძღოლებისაგან ქრთამს იღებდა და ის ჩინოვნიკები, რომლებიც მოსახლეობისაგან დოკუმენტების გაცემაში ფულს ითხოვდნენ, უკვე წარსულში დარჩნენ.


ელიტური კორუფციის გაძლიერება


„კორუფცია ყოფით დონეზე საქართველოში ნამდვილად აღარ არის“, - ადასტურებს ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, - „მაგრამ იმავდროულად მოსახლეობა ხედავს, რომ კორუფცია ძლიერდება უფრო მაღალ დონეზე, მაგალითად, სახელმწიფო დაკვეთების დროს, რომელიც ხდება სრულიად ღიად და უსინდისოდ“. მან ეს განაცხადა სექტემბერში, კელნში გამართულ ონლაინ-კონფერენციაზე.


სილვია შტოიბერი ამგვარ შეფასებას ეთანხმება. მის კვლევაში მსგავსი მოვლენები განიხილება იმ თავში, რომელშიც ელიტურ და პოლიტიკურ კორუფციაზეა საუბარი: „მიხეილ სააკაშვილი ამ პრობლემების მიმართ არასაკმარისად იბრძოდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ამგვარი კორუფცია გაძლიერდა“, - ამბობს იგი „დოიჩე ველე“-სთან საუბარში.


ჟურნალისტმა დაიმოწმა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი აღიარებს კორუფციასთან ბრძოლაში დაშვებულ შეცდომებს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რომლის რეფორმირება არ მომხდარა. „მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, შესაბამისად, პოლიტიკოსები  გავლენას ახდენდნენ მართლმსაჯულების სისტემაზე. თავის დროზე სააკაშვილის გარემოცვა წინ აყენებდა თავის ბიზნეს-ინტერესებს, რასაც დღევანდელი პოლიტიკოსებიც აგრძელებენ. მოკლედ, ისინი ვერადავერ გადაეჩვივნენ ხელისუფლების ბოროტად სარგებლობას“, - აცხადებს სილვია შტოიბერი


ჯანდაცვა საქართველოში: მონოპოლიური სტრუქტურები


ჟურნალისტ-ექსპერტის აზრით, „ქართული ოცნება“ შეეცადა სხვადასხვა სფეროებში სიტუაციის გაუმჯობესებას, მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვაში, რაც კორონავირუსთან ბრძოლაშიც გამოიკვეთა, უმეტესად პირველი ტალღის დროს. საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მისმა მეზობლებმა. ეს იმიტომ, რომ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მუშაობენ არა პროტექციით დანიშნული პირები, არამედ მათი პროფესიონალიზმის და კომპეტენციის მიხედვით. შესაბამისად, ქართული საზოგადოება ნდობით განეწყო სამედიცინო ექსპერტების და საერთოდ, სახელმწიფო ორგანოების მუშაობის მიმართ. მაგრამ ისევე როგორც საქართველოს ცხოვრების სხვა სფეროებში, ჯანმრთელობის დაცვაშიც წარმატებებთან ერთად წარუმატებლობაც არსებობს. მაგალითად, მთავრობის მიერ გატარებული რადიკალური პრივატიზაცია და დერეგულაცია, რომლის მიზანს კორუფციის აღმოფხვრა წარმოადგენდა, საზოგადოებას უკან შეუბრუნდა მონოპოლიური სტრუქტურების წარმოქმნით - მაგალითად, საქართველოში მედიკამენტებზე ძალიან მაღალი ფასებია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.


ამტომაც გამოკვლევის ავტორები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას რეკომენაციას აძლევენ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება მიაქციონ და მიაღწიონ ჯანდაცვის რეფორმის დასრულებას ისე, რომ ბოლო მოეღოს სიტუაციას, როცა სამედიცინო მომსახურების ბაზარს მხოლოდ რამდენიმე კომპანია აკონტროლებს.


გავლენის არაფორმალური სტრუქტურები


გამოკვლევა შეიცავს აგრეთვე რიგ რეკომენდაციებს ევროპული სტრუქტურებისთვის, რომ მათ, „ევროპული მეზობლობის“ პროგრამის რეალიზების დროს, ყურადღება მიაქციონ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს, კერძოდ, საქართველოს. მაგალითად, ეუთოს ეგიდით საპარლამენტო დებატების გამართვას მოსამართლეტა დამოუკიდებლობის შესახებ.


„დოიჩე ველეს“ კითხვაზე, როგორ შეაფასებდით მთლიანობაში „ქართული ოცნების“ მთავრობის ანტიკორუფციულ  მოქმედებას, სილვია შტოიბერმა უპასუხა, რომ „ოცნებას“ რამე დიდი წარმატებეისთვის არ მიუღწევია, განსაკუთრებით პოლიტიკურ სფეროში, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.


„გარეგნულად საქართველოში დემოკრატიული სისტემა არსებობს, მაგრამ შიგნით, ფასადის მიღმა, ეს სისტემა ინგრევა იმით, რომ ფორმალურ ინსტიტუტებთან და პროცედურებთან ერთად არსებობას აგრძელებენ არაფორმალური სტრუქტურები და გავლენის არხები. ამის ნათელი სიმბოლოა ის, რომ მინისტრები რჩევების მისაღებად ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დადიან. ეს თანამედროვე საქართველოსთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - თვლის სილვია შტოიბერი, „ბერტელსმანის ფონდის“ ეგიდით შექმნილი გამოკვლევის ავტორი.


წყარო: https://p.dw.com/p/3kCYt

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები