დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მარიამ უგრელიძე - ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესორი ქალი და ქართული პედიატრიის ფუძემდებელი 28.07.2021 13:23

მარიამ უგრელიძე (1885 - 1960) - ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესორი ქალი და ქართული პედიატრიის ფუძემდებელი. როცა მარიამ უგრელიძე სამედიცინო განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, ამ პერიოდს დაემთხვა რუსეთში 1905 წლის რევოლუცია. მარიამი ქუჩებში დახმარებას უწევდა დაჭრილებს,რის გამოც 1906 წელს დააპატიმრეს.სასჯელი მეტეხის ციხეში მოიხადა,სადაც დაახლოებით 9 თვე იჯდა. გათავისუფლების შემდეგ მარიამ უგრელიძე უცხოეთში გაემგზავრა, დაამთავრა მონპელიეს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს და ლოზანას (შვეიცარია) უნივერსიტეტი 1914 წელს. 1918 წელს ის დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო თავიდან სამხედრო ჰოსპიტალში,მოგვიანებით კი ქალაქის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში. 1921 წელს მარიამმა თბილისის უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრა დაარსდა,რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.არსებობს მარიამის შვილიშვილის მაია ჩაჩავას მოგონება ბებიის შესახებ:

 

"თურმე, ერთ დღეს, სახლში გაისმა ტელეფონის ზარი, რეკავდა ვინმე ვანიჩკა ჩოხელი. მან შეატყობინა ბებიას, რომ თბილისის რკინიგზის სადგურში იდგა ვაგონი, რომელსაც ეს-ესაა გაუშვებდნენ რუსეთში და რომ ეს ვაგონი სავსე იყო უპატრონოთა სახლებიდან გამოყვანილი ბავშვებით. ეს ბავშვები რეპრესირებული მშობლების შვილები იყვნენ. გვიან ღამით, მარიამი სადგურის უფროსთან შევარდნილა და უთქვამს, რომ ბავშვები დიზენტერიით არიან დაავადებულნი და მათი ტრანსპორტირება, ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, არ შეიძლებაო. სადგურის უფროსმა თავიდან უარი უთხრა. რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. უფროსი დათანხმდა და სადგურშივე გააფორმა დოკუმენტი. ამ საბუთს ხელი მოაწერა ძალიან ცნობილმა ინფექციონისტმა ბესო ოქროპირიძემ. მან გაამყარა ბებიას მოსაზრება, მისი ხელმოწერა ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. როცა ბებიას თხოვნით, ვაგონის კარი გააღეს, უამრავი ატუზული, ნამტირალევი ერთმანეთზე აკრული ბავშვი შეშინებული თვალებით იყურებოდა. არ იცოდნენ, რა ხდებოდა მათ თავს და ვერც იმას ხვდებოდნენ, რომ იმ ღამით, სამუდამოდ დაკარგვას და ბევრი მათგანი, ვინ იცის, ალბათ, სიკვდილსაც გადაურჩა. ბავშვები ვაგონიდან ჩამოიყვანეს, სპეციალურად მოყვანილ სასწრაფო მანქანებში ჩასვეს და სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს. ამის შემდეგ, სამწუხაროდ, ვანიჩკა ჩოხელის შესახებ არავის არაფერი სმენია. მისი, მარიამ უგრელიძისა და ბესო ოქროპირიძის საქციელი იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო. ამ ამბის გახმაურების შემთხვევაში, მათ პასუხს სიცოცხლით აგებინებდნენ. ბებიას ჩვენთან ამაზე არასდროს უსაუბრია, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ეს ფაქტი ცნობილი''.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები