დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მესტიაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება 28.10.2020 12:28

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სათემო სოფლების კოშკებისა და მაჩუბების სრულფასოვანი რესტავრაციის პროცესს.

 

რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საშუალოვადიანი მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობს.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამული ნუსხით გათვალისწინებული სამუშაოები 2020 წელს 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად 2 ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციასაც მოიცავს.

 

კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება.

 

ნაგებობების სტრუქტურის დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და კონსტრუქციულად გამაგრდება. იცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით იფარება. გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბების და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები.

 

მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის სახელმწიფო საშუალოვადიანი პროგრამა 2019 წელს დაიწყო. 5-წლიანი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარით დაფინანსდება. 2019 წელს პროექტმა სათემო სოფლებში 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსისა და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაცია მოიცვა.

 

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლიდან მესტიის ათეულობით სოფელში 80 – მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობაა აღდგენილი. არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რესტავრაციას კიდევ 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები