დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები უკვე 100 წელია რეგიონს სტატუს-ქვოს უნარჩუნებენ - უცხოური პრესა 05.03.2021 15:22

სომხეთის გაზეთი „გოლოს არმენიი“ («Голос Армении») აქვეყნებს ინტერვიუს ვიქტორ ნადეინ-რაევსკისთან, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელთან სათაურით „მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები უკვე 100 წელია რეგიონს სტატუს-ქვოს უნარჩუნებენ“, რომელშიც იგი 1921 წლის მარტში და ოქტომბერში რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულებების შესახებ საუბრობს.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

 

- ვიქტორ ანატოლევიჩ, მიმდინარე წელს სრულდება 100 წლისთავი მოსკოვში რუსეთ-თურქეთს შორის 1921 წლის 16 მარტს ხელშეკრულების ხელმოწერიდან, 100 წელი გადის 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში თითქმის ანალოგიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდანაც. სომხეთში ამ დოკუმენტებზე დღეს ბევრს ლაპარაკობენ, თანაც აქცენტი კეთდება ნიუანსზე - თითქოსდა ყარსის ხელშეკრულებას მოქმედების ვადა უმთავრდება. სომხეთის მოსახლეობას მტკიცედ სჯერა, რომ ყარსის ხელშეკრულება დენონსირებული იქნება...

 

- ვინც ყურადღებით შეისწავლა ეს დოკუმენტები, ის კარგად გაიგებდა, რომ ტექსტში მათი მოქმედების ვადა მითითებული არაა. თუმცა ტრადიციის მიხედვით, ყარსის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე (პროლონგაციაზე) ყოველ 25-27 წლის გასვლის შემდეგ ლაპარაკობდნენ და ეს ავტომატურად ხდებოდა. მაგალითად, პირველად მისი გაგრძელების საკითხი 1945-1946 წლებში დადგა, მაგრამ იოსებ სტალინს რაიმე ნაბიჯი კონკრეტულად მისი დენონსირების მიზნით არ გადაუდგამს.

 

- შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ყარსის ხელშეკრულება ცალკე დოკუმენტია? აქვს თუ არა მას მოსკოვის ხელშეკრულებასთან მჭიდრო კავშირი?

 

- ეს ორი ხელშეკრულება, მართალია, თითქმის ერთმანეთის ანალოგიურია, მაგრამ განსხვავება მათ შორის მაინც არის. იმდროინდელი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისინი ცალკე დოკუმენტებს წარმოადგენენ, თუმცა მაინც არის აზრი, რომ ყარსში ხელმოწერილი დოკუმენტი მოსკოვში ხელმოწერილის გაგრძელებას წარმოადგენს. ყარსში კონფერენცია სწორედ მოსკოვის ხელშეკრულებაში ჩაწერილი დებულების შესასრულებლად იქნა ჩატარებული. რადგანაც დღემდე არცერთ ხელმომწერ მხარეს რაიმე ახალი ხელშეკრულება არ დაუდია და არც დენონსაციის შესახებ არ განუცხადებია, შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედად ითვლება. ასეა თუ ისე, ამჟამად ყარსის ხელშეკრულების გადასინჯვის მცდელობას შეიძლება ძალზე მოულოდნელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ჩემი აზრით, ეს უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებლობას. საეჭვოა დღეს რომელიმე ისეთი პოლიტიკოსი მოიძებნოს, რომელიც მართლაც მოისურვებს ყარსის ხელშეკრულების გაუქმებას და საზღვრების ხელახალ დადგენას. საზღვრების დელიმიტაციის საკითხები ყოველთვის მოლაპარაკებით წყდება, ტერიტორიის ავტომატური გამოყოფის ან თვითნებური დაკავების გარეშე.

 

- ბევრჯერ მოგვისმენია თქვენგანაც, რომ მოსკოვის ხელშეკრულება სომხეთ-თურქეთის საზღვრის შესახებ უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენს...

 

- დიახ, ხელშეკრულების მომზადებისას საზღვრების საკითხი ძალიან მწვავედ განიხილებოდა. მაგრამ არის ზოგიერთი მომენტი: როცა ამბობენ, რომ „ბოლშევიკებმა თურქეთს სომხური მიწები აჩუქესო“, ეს, რასაკვირველია, შთამბეჭდავად ჟღერს მათთვის, ვინც ისტორიულ ფაქტს რადიკალურად უყურებს, მაგრამ იმ დროს არსებული რეალური სიტუაციაც უნდა გავითვალისწინოთ. 1921 წლისათვის თითქმის მთელი სომხეთის ტერიტორია თურქეთს ჰქონდა დაკავებული, გიუმრის (ალექსანდროპოლის) ჩათვლით. რუსეთმა თურქეთი აიძულა უკან დაეხია და ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეტოვებინა. ისინი ჭირვეულობდნენ, ამიტომ ბოლშევიკები ქემალისტებს დაემუქრნენ, თუ არ დაიხევთ, დაპირებულ 10 ტონა ოქროს აღარ მოგცემთო... დიდი შეხლა-შემოხლა იყო აჭარის და კერძოდ ბათუმის კუთვნილების საკითხში. ამ ნავსადგურის გამო ბოლშევიკები დათმობებზე წავიდნენ. სხვათა შორის, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების მჭიდრო კავშირი სწორედ საზღვრების საკითხში გამოიხატება (...).

 

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდა, ამიტომაც სომხები დღემდე ყარსის ხელშეკრულებას „სამარცხვინოს“ უწოდებენ: რესპუბლიკამ ტერიტორიის 30% დაკარგა და სომხური იდენტურობის მნიშვნელოვანი სიმბოლო - არარტის მთა თურქეთის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა ამასაც თავისი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ: უღმერთო ბოლშევიკებისათვის არარატის მთა და სხვა საკრალური სიმბოლოები რაიმე როლს არ ასრულებდნენ.

 

- თუ სწორად გავიგეთ, 2021 წელსაც რუსეთი და თურქეთი ოფიციალურად მოახდენენ [მოსკოვისა და ყარსის] ხელშეკრულებების პროლონგაციას?

 

- 1921 წელს რუსეთი ყარსის ხელშეკრულებების დებულებების შესრულების გარანტად გამოდიოდა მასზე ხელმოწერის უფლებით, ამიტომაც ის შედგენილია არა ოთხ, არამედ ხუთ ეგზემპლარად, რუსული მხარის გათვალისწინებით (...)

 

დღეს რომ ყარსის ხელშეკრულების გადასინჯვის პროცესი დაიწყოს, ეს შეიძლება სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდოს. მაგალითად, თურქები დღემდე საოცარ ინტერესს ამჟღავნებენ 1921 წელს საქართველოსადმი გადაცემული აჭარის მიმართ.

 

თურქეთის მთავრობისათვის აჭარა თურქეთის ნაწილს წარმოადგენს და დღევანდელი გაგებით, ის თურქეთის დროებით დაკარგულ ტერიტორიად ითვლება. აჭარის მიმართ თურქეთს განსაკუთრებული მიდგომა აქვს, ანკარა გარკვეულწილად საკუთარ თავს აჭარაში მცხოვრებ მუსლიმანების მფარველად მიიჩნევს... და თუ ვინმე ასეთი სიტუაციის გლობალურად შეცვლას მოისურვებს, მას მთელი კავკასიის რუკის შეცვლაც მოუწევს. თუ რა მოჰყვება ასეთი იდეების რეალიზებას, მათი წარმოდგენა რთული არ არის. ასე რომ, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები, ვისაც როგორი ნეგატიური პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს მათ მიმართ, კავკასიის რეგიონში სტატუს-ქვოს ინარჩუნებენ.

 

სხვათა შორის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ ხელშეკრულებები, რომლებშიც სახელმწიფოების საზღვრებია დადგენილი, დენონსაციას არ ექვემდებარებიან.

 

მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს კიდევ ერთი თავისებურება აქვთ. როგორც უკვე ვთქვით, მათში მოქმედების ვადა მითითებული არ არის. გარდა ამისა, ბევრი იწერებოდა და იწერება რაღაც თან დართულ „საიდუმლო ოქმების“ შესახებ, მაგრამ დღემდე მათი არსებობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ვერავინ ვერ იპოვა. ვფიქრობ, რომ არავითარი „საიდუმლო ოქმები“ არ არსებობს.

 

წყარო: https://golosarmenii.am/article/111217/dogovory-uzhe-100-let-podderzhivayut-v-regione-status-kvo

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები