დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

მოსკოვის ხელშეკრულების საკითხი სომხეთმა გაეროს ტრიბუნიდან უნდა გააჟღეროს - უცხოური პრესა 03.03.2021 15:48

სომხური გამოცემა „ლრაგირი“ («Լրագիր») ყურადღებას უთმობს სომხეთის პარლამენტის წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატის ანა კოსტანიანის განცხადებას, რომელიც ქვეყნდება სათაურით „მოსკოვის ხელშეკრულების საკითხი სომხეთმა გაეროს ტრიბუნიდან უნდა გააჟღეროს“, რომელშიც საუბარია 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელმოწერილ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების შესახებ.

 

ახლოვდება ამ ისტორიული ხელშეკრულების საუკუნოვანი იუბილე, რომლის მიხედვით თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრები დადგინდა და რომელმაც სომეხ ხალხს დიდი უბედურება მოუტანა - რუსეთის თანხმობით, სომხური მიწა-წყალი თურქეთს და აზერბაიჯანს მიუერთა. ტერიტორიები დაკარგა ასევე საქართველომაც.

 

„მოსკოვის ხელშეკრულებას ხშირად ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის გარიგებას უწოდებენ. ამ უსამართლო დოკუმენტს სომხეთისათვის იურიდიული ძალა არ აქვს. მას მოჰყვა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება... რატომღაც ჩვენი ხალხის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ხელმოწერიდან 100 წლის შემდეგ ეს დოკუმენტები ძალას კარგავენ... მიმაჩნია, რომ სომხეთმა უნდა გადასინჯოს თავისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელმაც, თურქებთან გარიგებით, ნახიჩევანი აზერბაიჯანს გადასცა“, - აცხადებს დეპუტატი. მისი აზრით, ასევე დასაგმობია  1921 წლის 4-5 ივლისს რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს მიეკუთვნა „და ამ გადაწყვეტილებას, აზერბაიჯანელ კომუნისტებთან ერთად, ხმა ქართველებმაც მისცეს. თავის მხრივ, 7-9 ივლისის სხდომაზე აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს დადგენილებას წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სადმი გადაცემის თაობაზე“.

 

როგორც ანა კოსტანიანი თვლის, „სომხეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ რუსეთის მიერ ხელმოწერილი ანტისომხური ხელშეკრულებების საკითხი გაეროს ტრიბუნიდან უნდა გააჟღეროს“.

 

წყარო: https://www.lragir.am/ru/2021/03/02/199228/

 

მოამზადა  სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები