დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს 22.06.2021 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.კ. ბათუმში დააკავეს.

  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, მას ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებითა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში ედება.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ს.კ.-მ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს შესაბამისი პირობები შეუქმნა, კერძოდ ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ორგანიზება გაუწია საზღვარგარეთ მის გამგზავრებასა და უკანონოდ დარჩენას.
პოლიციამ, ს.კ.-ის საცხოვრებელი ბინისა და სამუშაო ოფისის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა მოქალაქის სახელზე გაცემული ავიაბილეთის ჯავშანი, სასტუმროს ჯავშნები, სამედიცინო კვლევების გაყალბებული შედეგები, რეგისტრაციის ბარათები და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საჭირო სხვა დოკუმენტები.


დაკავებულის ოფისის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 2500 ლარამდე თანხა.


ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებისა და ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები