დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ნატომ უკრაინაში კონფლიქტი გამოიწვია? - რას წერს ამერიკული გამოცემა 16.05.2022 12:53

ამერიკის ცნობილ გაზეთ The Hill-ში, რომელიც თავისი სარედაქციო პოლიტიკით ახლოს დგას კონგრესთან, ამ დღეებში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გამოიწვია თუ არა ნატომ  კონფლიქტი უკრაინაში?“, რომლის ავტორია ჰარლან ულმანი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მრჩეველი.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ინტერვიუში, რომელიც იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერას“ მისცა, განმარტა, თუ რატომ მოახდინა კრემლმა უკრაინასთან მიმართებით მკვეთრი რეაგირება - „ნატო უკვე რუსეთის კართან ყეფდაო“. პაპის გამონათქვამის სრული უარყოფა ახლომხედველობის გამოვლენა იქნებოდა - იმიტომ, რომ აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ზოგიერთ ნაბიჯს მართლაც შეეძლო კრემლის მკაცრი რეაგირების გამოწვევა.

 

აშშ-ის მიერ ბოლო 22 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დაშვებულმა მთელმა რიგმა მცდარმა გადაწყვეტილებებმა უარყოფითი შედეგები მოიტანა. რასაკვირველია, ამერიკის შეცდომები რუსეთის პრეზიდენტისათვის უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებაში თავის გამართლების არგუმენტად ვერ გამოდგება, მაგრამ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის ზედაპირული ანალიზიც კი ადასტურებს იმას, რომ ვაშინგტონის მოქმედება სწორედ ასეთ „მოულოდნელ“ შედეგებამდე მიგვიყვანდა.

 

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2000 წლის პირველი იანვრიდან გახდა - ანუ იმ წლიდან, როცა ჯორჯ ბუშ-უმცროსი აშშ-ის 43-ე პრეზიდენტად იქნა არჩეული. ბორის ელცინის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის დროს რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ქვეყნის მოსახლეობა ფსიქოლოგიურად იყო ტრავმირებული „ზესახელმწიფოს“ სტატუსის დაკარგვით. 2000 წლის პირველ იანვარს, ახალი ათასწლეულის პირველივე დღეს, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლისას მოსახლეობას წარუდგინა თავისი ხედვები, თუ რატომაა აუცილებელი რუსეთის დიდების აღდგენა.

 

თავდაპირველად ჯორჯ ბუში და ვლადიმერ პუტინი თითქოსდა ერთმანეთს შეეწყნენ და ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგრამ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აკვიატებამ ირანით, რომელშიც ვაშინგტონი მტერს ხედავდა, აგრეთვე იმან, რომ ამერიკამ 1972 წლის ანტირაკეტული თავდაცვის სისტემების შემცირების ხელშეკრულებიდან გასვლა განაცხადა (ამ დოკუმენტს აშშ-სა და სსრ კავშირის [რუსეთის] სტრატეგიულ ურთიერთობებში ცენტრალური ადგილი ეკავა), კრემლის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მოსკოვი თვლიდა, რომ ამერიკამ უკვე დაუშვებელ სამხედრო-ტექნოლოგიურ უპირატესობას მიაღწია. ამას ემატებოდა აგრეთვე 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შედეგად მიღებული სამხედრო-პოლიტიკური დივიდენდებიც. ყველაფერი ეს 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებამდე მოხდა.

 

და როდესაც 2001 წლის ბოლოს ამერიკამ ავღანეთში ჯარი შეიყვანა, ვლადიმერ პუტინი საშინლად განაწყენდა - ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ყურადღება არ მიაქცია მოსკოვის პოზიციას და იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საფუძველი ნამდვილად ჰქონდათ - ისინი ხომ კრემლის ავღანური გამოცდილებით იყვნენ განპირობებული. 2002 წელსაც ვლადიმერ პუტინი დაბეჯითებით ურჩევდა ჯორჯ ბუშს არ შეჭრილიყო ერაყში, რადგან ერაყის ომი მთელ რეგიონში მღელვარებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, რუსეთს ძალზე ანერვიულებდა ნატოს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი, აშშ-ის ადმინისტრაციები კი, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ საკითხს განგებ არ აქცევდნენ ყურადღებას და თვალს ხუჭავდნენ იმაზე, თუ რამდენად სერიოზული იყო ეს რუსეთისათვის.

 

2007 წელს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინი საკმაოდ მკვეთრი და მკაცრი ტირადით გამოვიდა აშშ-ის წინააღმდეგ ნატოს გაფართოების საკითხში. კონფერენციის მონაწილეები შოკირებულნი იყვნენ რუსეთის ლიდერის განცხადებით, თუმცა მთლიანობაში მისთვის ჯეროვანი ყურადღება მაინც არ მიუქცევიათ. და ეს შეცდომა იყო. ვლადიმერ პუტინმა ჩათვალა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ მის მიმართ უპატივცემლობა გამოავლინეს და მისი განცხადება „გაატარეს“, რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა რუსეთის მზარდი წყენა იმის გამოც, რომ ამერიკა და დასავლეთი მოსკოვს ქედმაღლურად, „ზემოდან“ უყურებდნენ.

 

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტი, როგორც ჩანს, გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა: საქართველომ და უკრაინამ ნატოს მიმართეს, რომ მათთვის „მაპი“ - „საგზაო რუკა“  მიეცათ, ალიანსის სრულფასოვანი წევრობისათვის მომზადების მიზნით. აშშ-ის შუამდგომლობა გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს, მაგრამ ჯორჯ ბუშმა მაინც განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ოდესმე მომავალში მაინც გახდებიან ნატოს წევრებიო. აშშ-ის პრეზიდენტი რომ ნაწყენი არ დარჩენილიყო, მისი ეს „დაპირება“ სამიტის დეკლარაციაში იქნა შეტანილი.

 

ვლადიმერ პუტინი გაბრაზდა და ჯორჯ ბუში გააფრთხილა, რომ მისი „დაპირება არ ასრულდება“, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა კრემლის რეაგირებას ყურადღება არ მიაქცია.

 

2008 წელს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პროვოცირება მოახდინა და აიძულა თბილისი სამხედრო მოქმედებები დაეწყო, შემდეგ კი სიტუაციით ისარგებლა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება განახორციელა. იმდენად, რამდენადაც საქართველოს უკვე სადაო ტერიტორიები და საზღვრები გაუჩნდა, მას უკვე, სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, ნატოს წევრობაზე პრეტენზია ვეღარ ექნებოდა. ექვსი წლის შემდეგ რუსეთმა - მას შემდეგ, რაც უკრაინაში მასობრივი პროტესტების შედეგად პრორუსული ხელისუფლება შეიცვალა -  ყირიმის ანექსია მოახდინა და ვაშინგტონი უკრაინის პრომოსკოვური რეჟიმის დამხობაში დაადანაშაულა.

 

2016 წელს ამერიკამ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა - მასშტაბური ჰაკერული ოპერაციის განხორციელების სახით. უშედეგო აღმოჩნდა დონალდ ტრამპის მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად - მოსკოვისა და ვაშინგტონის ერთმანეთთან დამოკიდებულებას, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ცივს თუ ვუწოდებდით. ზოგიერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ბრალი დასდო იმაში, რომ იგი რუსეთისათვის „სასარგებლო იდიოტის“ როლს ასრულებდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო „შხამიანი“ ხდებოდა ვაშინგტონის მთელი რიგი გადაწყვეტილებების გამო სამხედრო სფეროში...

 

სავარაუდოდ, 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების არცთუ წარმატებულმა გაყვანამ ვლადიმერ პუტინი დაარწმუნა იმაში, რომ მას შეუძლია აქტიურად დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედება, თანაც რაიმე დიდი რისკის გარეშე. თავი მოუყარა რა ჯარების დიდ დაჯგუფებას უკრაინის საზღვართან, რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს და ევროკავშირს მოთხოვნა წაუყენა ახალი ევროპული უსაფრთხოების ჩარჩოების ჩამოყალიბებისა და ნატოს გაფართოების შეწყვეტის თაობაზე - კრემლის აზრით, ალიანსს დასავლეთით უკან უნდა დაეხია და უარი უნდა ეთქვა აღმოსავლეთით გაფართოებაზე, არ უნდა მიეღო წევრებად უკრაინა და საქართველო. მოსკოვის ყველა მოთხოვნა უარყოფილი იქნა. (...)

 

როდის მიიღო ზუსტად ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილება, გაურკვეველია, მაგრამ თუ მისი პოზიციიდან ვიმსჯელებთ, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა. კრემლის აზრით, უკრაინა რუსეთის საკვანძო ინტერესებში შედის, რომლის უზრუნველყოფა აუცილებელია ყველანაირი მეთოდით, მათ შორის სამხედრო მოქმედებითაც კი. სამწუხაროდ, დასავლეთმა ამის გაცნობიერება ვერ მოახერხა.

 

შეეძლო თუ არა ამერიკას ამ კინფლიქტის თავიდან აცილება? როგორც ჩანს, არ შეეძლო. თუმცა ვაშინგტონის უუნარობა, რაც იმით გამოიხატა, რომ არ გაითვალისწინა, თუ რა მოულოდნელი შედეგი მოჰყვებოდა მის ამა თუ იმ მოქმედებას - ეს ის გაკვეთილია, რომელიც არ უნდა იყოს დავიწყებული. შესაძლოა, რომის პაპსაც ეს ჰქონდა მხედველობაში.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები