დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ოკუპირებულ გალში დაკავებულ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება 22.06.2021 12:32

ოკუპირებულ გალში დაკავებულ  ირაკლი ბებუას ჯანმრთელობას საფრთხე  ემუქრება - ინფორმაციას  „უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.
 
 
„უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“სახელმწიფო უწყებებს, მოუწოდებენ  უზრუნველყონ, ოკუპირებულ  გალში, აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას საკითხის 29-30 ივნისს, დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილვა და ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზომის მიღება ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებისთვის.  
 
ირაკლი ბებუას ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დაკავებიდან 8 თვის შემდეგაც კი ბებუას არ გაუვლია სამედიცინო შემოწმება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს.  
 
"ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად  მომხდარიყო ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.
სხვადასხვა სტრუქტურების და პირების ილუზორული დაპირებების გამო, ირაკლი ბებუას და მის ოჯახს წაერთვა შესაძლებლობა, მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის   დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომელიც მას საკუთარი უფლებების და უსაფრთხოების მყისიერი დაცვის შესაძლებლობას მისცემდა.",-ნათქვამია  განცხადებაში.
 
„უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ირაკლი  ბებუას დაკავების პირველივე დღეებიდანვე ჩაერთნენ საქმეში და გაატარეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო ირაკლის ბებუას სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაზე.
 კერძოდ, „უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაუკავშირდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სხვადასხვა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციას და სთხოვეს, ირაკლი ბებუას საქმით დაინტერესება, რაც გარკვეულწილად იყო იმის გარანტია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ირაკლი ბებუა არ დაექვემდებარებოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას და დაცული იქნებოდა მისი სიცოცხლის უფლება.
 
ირაკლი ბებუას საკითხზე ერთხელ უკვე იმსჯელეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში, თუმცა რაიმე ქმედითი შედეგი აღნიშნულ განხილვას არ მოჰყოლია.  
 
„უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აგრძელებენ ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისთვის ბრძოლას და მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომა,  ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაცემად.
 
აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არარსებობის მიუხედავად, ჩვენს სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები, გაატაროს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მას სათანადო გულისხმიერებით მოქმედებისა და ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებების მიღების ვალდებულებებს აკისრებს, როგორც ზოგადად რეგიონის მიმართ, ისე კონკრეტული უფლებათა დარღვევის მსხვერპლთან მიმართებით.
სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის, მათ შორის, არ არის სათანადოდ დანახული დე ფაქტო მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რის გამოც მთლიანობაში სახელმწიფოს მცდელობები კვლავ ფრაგმენტული, სუსტი და უფრო რეაქციული რჩება.    
 
ცნობისთვის,ირაკლი ბებუა,  ოკუპირებულ  გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს

 აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე.  ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „სურს ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა“.
 
ირაკლი ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, ოკუპირებული გალის,  დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც თითქოსდა ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ირაკლი ბებუას, ოკუპირებული  აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები