დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

რას უწევს ლობირებას ალექსანდრე ლუკაშენკო, როცა გვპირდება, რომ მისი „ძმა“ ილჰამი შურს არ იძიებს? 16.04.2021 13:07

სომხური მასმედია ყურადღებით ადევნებდა თვალს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელიც 13-14 აპრილს განხორციელდა. როგორც ცნობილია, ბელარუსის ლიდერი შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს, მხარეებმა ისაუბრეს და განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული საკითხები, განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია.

 

სომხური გამოცემის „ლრაგირ“-ის («Լրագիր») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რას უწევს ლობირებას ალექსანდრე ლუკაშენკო, როცა გვპირდება, რომ მისი „ძმა“ ილჰამი შურს არ იძიებს?“, გადმოცემულია როგორც ვიზიტის მიმოხილვა, ასევე გამოთქმულია ერთგვარი ეჭვები ალექსანდრე ლუკაშენკოს მისიის შესახებ. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ 15 აპრილს ბელარუსის ლიდერმა ვრცლად ჩააბარა ანგარიში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ იგი ბაქოში კრემლის დავალებით იმყოფებოდა?

 

„რაზე ისაუბრეს ლუკაშენკომ და პუტინმა „ბაქოში ვიზიტის’ კონტექტსში? დაავალა თუ არა პუტინმა „ბატკას“ სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა, მაგალითად, აზერბაიჯანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) „მიეპატიჟებინა“, ხოლო სომხეთი დაეთანხმებინა სიუნიკის ქედის გადაცემაზე აზერბაიჯანისათვის?

 

ბელარუსს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიაო სომხეთსა და აზერბაიჯანის კონტაქტების დაწყება-გაფართოებაშიო, - უთქვამს ილჰამ ალიევს. რასაკვირველია, მას მხედველობაში ნამდვილად არ ჰქონია მინსკის ჯგუფი, რომლის სხდომა, ბედის ირონიით, უახლოეს ხანში, სწორედ მინსკში უნდა გაიმართოს და არცხის (მთიანი ყარაბაღის) სტატუსი უნდა განსაზღვროს.

 

„ჩემი ძმისა და მეგობრის მხრიდან არავითარი ანგარიშსწორებისა და შურისძიების მცდელობა არ იქნებაო“, - განაცხადა „ბატკამ“ სომხეთის გასაგონად: იგი ამით შეეცადა ერევნისთვის ეჩვენებინა, რომ ილჰამ ალიევი უკვე დამშვიდდა, თუმცა ეს განცხადება საკმაოდ პარადოქსულად გაისმა ილჰამ ალიევის მიერ ბაქოში „ტროფეის პარკის“ გახსნის ფონზე (მხედველობაშია აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ომის დროს ხელში ჩაგდებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა, სადაც „სომეხი ჯარისკაცების“ ცვილის ფიგურებიც იდგნენ).

 

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ბაქოს იმედი აქვს ბელარუსი აქტიური მონაწილეობას მიიღებს არამარტო გათავისუფლებულ ტერიტორიის აღდგენის სამუშაოებში, არამედ როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უშიშროების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრის სახით, ერევანსა და ბაქოს შორის კონტაქტების დასაწყებად.

 

როგორც ცნობილია, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები განიხილავენ საკითხს, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის დელეგაცია, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ყაზანში 29-30 აპრილს დაგეგმილ სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომაში.

 

ბაქო ადრეც აცხადებდა, რომ საერთო ევრაზიული სივრცის იდეები მის ინტერესებში შედის. იგივე აღნიშნა ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგაც რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა პოლად ბულბულ-ოღლიმაც. მისი თქმით, აზერბაიჯანი იმიტომ არ წევრიანდებოდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რომ მთავარ დაბრკოლებას სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის „ოკუპაცია“ წარმოადგენდა. „ახლა კი, თუ სომხეთი კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს, პროცესი ძალიან დაჩქარდება“, - ხაზი გაუსვა ელჩმა.

 

ბაქოს შეუძლია ყაზანში თავისი წარმომადგენლები გაგზავნოს, მაგრამ ეს სომხეთის, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრის ნებართვით უნდა მოხდეს. მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამისთვის მხოლოდ ორი საკითხის მოგვარებაა საჭირო: ტყვეების გათავისუფლება და კომუნიკაციების აღდგენა.

 

ერევანს უკვე აქვს ტყვეების სია, რომელშიც 200 ადამიანია დასახელებული. წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით სია უკვე აზერბაიჯანს გადაეცა. რაც შეეხება კომუნიკაციებს, არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა ალექსანდრე ლუკაშენკოს პირით „მესამე“ ვარიანტი შემოგვთავაზა: დერეფანი სომხეთის გავლით, მაგრამ რუსულ-თურქული კონტროლით.

 

ალექსანდრე ლუკაშენკო, როგორც ჩანს, წარმატებით ცდილობს დიპლომატიის გატარებას და უკვე გვილოცავს კიდეც: „მე გულწრფელად ვულოცავ სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხებს იმ საშინელი ტრაგედიის დასრულებას, რომელიც 30 წელი გრძელდებოდა“. ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება „მივულოცოთ“ ალექსანდრე ლუკაშენკოს თითქმის 30-წლიანი პრეზიდენტობის დასრულება“, - წერს „ლრაგირი“ სარედაქციო სტატიაში.

 

წყარო: https://www.lragir.am/ru/2021/04/15/202529/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები