დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რა მოლოდინები აქვს სარესტორნო სექტორს შეზღდვების შემსუბუქების შემდეგ 22.06.2021 15:06

დღეიდან, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი, პირველი ივლისიდან მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარების ეფექტური მართვის მიზნით, მოქმედი რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდა, რათა, ერთის მხრივ, არ გაუარესებულიყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შეწყობოდა ეკონომიკის აღდგენას.

 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის პროცესის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ივლისიდან გაუქმდეს ღამის საათებში - 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა;

 

ამასთან, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.

 

გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, პირველი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

 

შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


რა მოლოდინები აქვთ სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ?


ამ საკითხზე ჯორჯიან თაიმსს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ესაუბრა:

 

მისი განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, დადებითად უნდა შეფასდეს


წინა პერიოდში, როცა კომენდანტის საათმა 11-მდე გადმოიწია, რა თქმა უნდა, ჩვენს სფეროზე კარგად აისახა.


ის, რომ კომენდანტის საათი მოხსნილია და რესტორნებს 12:00 საათამდე მუშაობის უფლება აქვთ, პირბადის გარეშე, გარე სივრცეში სიარული შესაძლებელია -  ეს ყველაფერი ჩვენს სფეროზე, ქვეყანასა და ეკონომიკაზე  დადებითად იმოქმედებს.


ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით ადრე უნდა მიღებულიყო. ის დადებითი მომენტები, რომლებს ჩვენ მომავალში მივიღებთ, უფრო ადრე დადგებოდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე - ხვალისთვის ლარი უფრო მყარი იქნება, ვიდრე დღეს იყო.


იმ რეალობას, რაც დღეს არის, ამყარებს არა საათების შეცვლა, არამედ ვაქცინაცია, რომელიც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა იზრუნოს ამ საკითხზე. ვაქცინა და ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, ქვეყნაში ის პრობლემები მოიხსნას, რომელიც არსებობს და შესაძლებელი იყოს ეკონომიკის სწორი მიმართულებით განვითარება,“ - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები