დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რა პოლიტიკურ ფასად დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება 29.07.2021 18:03

საქართველოში, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა. საერთაშორისო საზოგადოება ჯერ 5 ივლისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და რასაც მედია ორგანიზაციების საპროტესტო აქციები მოჰყვა. მომხდარის გამო, ხელისუფლებამ არაერთი კრიტიკული გზავნილი მიიღო. თუმცა, აღნიშნული მოვლენები "ქართულმა ოცნებამ" 28 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით გადაფარა, რის მიხედვითაც, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოცხადდა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეიქმნა, რაზეც ხელი ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა და  მმართველმა გუნდმა მოაწერა. შეთანხმების შედეგად, პარლამენტში ხელმომწერი პარტიები შევიდნენ.  საბოლოოდ, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო "ნაციონალური მოძრაობაც", რომელმაც, შარლ მიშელის შეთანხმებაზე თავიდანვე უარს აცხადებდა და მას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებდა. საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავარი ოპოზიციური პარტია დოკუმენტს მაინც არ შეუერთდა.

 

მმართველ გუნდში შეთანხმების ანულირებად გამოცხადების მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა დაასახელა და განაცხდა, რომ მიშელის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.  თუმცა, პარტია" ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დასძინა, რომ მმართველი გუნდი დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს კეთილი ნებით მაინც შეასრულებს. 

 

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისგან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა და მათი ნაწილი სანქციების დაწესებაზეც ალაპარაკდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა, "ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ მან "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა. მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა." გამოხმაურება იყო აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტისგანაც,  რომლებიც, მმართველი გუნდის მიერ შეთანხმებიდან გასვლის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. განმარტება თავად შეთანხმების ავტორმაც, შარლ მიშელმაც გააკეთა, რომელმაც, მხარეებს საკუთარი ინტერესების წინ ქვეყნის ინტერესების დაყენებისკენ მოუწოდა.

 

რატომ მიიღო "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმების გაუქმების გადაწყვეტილება არჩევნების წინ, აარიდა თუ არა ამით თავი მმართველმა გუნდმა სავალდებულო 43%-იანი ბარიერის გადალახვას, იქნება თუ არა მიღებული გადაწყვეტილება "წითელი ხაზი" საერთაშორისო პარტნიორებისთვის და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ მოცემულ სიტუაციაში, - ამ საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსს" ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ესაუბრა. 

 

- რას ნიშნავს არჩევნების წინ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებად გამოცხადება, რომელსაც ხელი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით მოეწერა? 

 

ამ შეთანხმების მთავარი მიზანი მხოლოდ კრიზისის განმუხტვა არ იყო, რომელიც, ხელოვნურად იყო შექმნილი. კრიზისის მიზეზი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მოგონილი ბრალდება იყო, რომელიც, ვერც მან და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერ დაამტკიცეს. "ენჯეოები" პირდაპირ იყვნენ ჩართული ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს განზრახ თუ უნებლიედ ხდებოდა, მაგრამ, გარკვეული ორგანიზაციების გავრცელებული ინფორმაციები იყო მთავარი საბაბი საპროტესტო ტალღისა და ბოიკოტის. ამის პარალელურად კი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და  სახელმწიფო უწყებებმა არჩევნები აღიარეს ​და "ოცნებას" გამარჯვება მიულოცეს. შეგვიძლია აქედან დავასკვნათ, რომ ეს კრიზისი "ნაცმოძრაობისა" და მისი მოკავშირეების მიერ ხელოვნურად იყო შექმნილი. მაგრამ, 19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი დეპოლარიზაცია იყო, რაც არ მოხდა. ერთის მხრივ უდავოა, რომ ამ შეთანხმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ჩაეყარა საფუძველი და შეთანხმება რომ სრულდება და ბევრი პოზიტივი მოიტანა სხვადასხვა მიმართულებით, ეს სახეზეა. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიხილეთ პოლიტიკური პროცესის გამძაფრება.

 

- რამდენად მყარია მმართველი გუნდის არგუმენტები, რომ შეთანხმების ანულირება ოპოზიციის მიერ ვალდებულებების არ შესრულების გამო მოხდა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები არახელმომწერ პარტიებს დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მუდმივად მოუწოდებდნენ?

 

ეს არის ხელისუფლების არგუმენტი. თუმცა, თუ ამას ობიექტურად შევხედავთ, კითხვა დავსვათ: შეთანხმებას, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე"ნაციონალური მოძრაობა" არ აწერს ხელს, ის მეორე მხარეს უტოვებს საბაბს და აძლევს საშუალებას, რომ ის ამ შეთანხმებიდან გავიდეს? ასევე, "ოცნებამ“ თქვა, - ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულონ. თუ ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ოპონენტებს პრეტენზიები აქვთ, ისინი პროცესში უნდა ჩართულიყვნენ. ხოლო, პროცესში ჩართულობა კი, ხელის მოწერით გამოიხატება და არა - საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებით. მოეწერათ ხელი და "ქართულ ოცნებას“ არ დარჩებოდა არგუმენტი და სივრცე იმისათვის, რომ ამ შეთანხმებიდან გასულიყო, უმარტივესია. თან ფაქტი სახეზეა, რომ 100 დღის განმავლობაში დასავლელი პარტნიორები "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებდნენ, შეთანხმებაზე მოეწერათ ხელი.

 

-  რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "ოცნების" ამ გადაწყვეტილებაში დიდი წილი გიორგი გახარიას ფაქტორს უკავია, ვინაიდან, როგორც ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, მისი ოპოზიციაში გადასვლით მმართველი გუნდი სავალდებულო 43%-იანი ბარიერის გადალახვის რისკის წინაშე დადგა.

 

მთელი ეს პერიოდი ოპოზიცია ცდილობს, გახარიას ფაქტორით ითამაშოს; რაც, ყველაზე ცუდია, ამ შეთანხმებამ გამოიწვია ის, რომ ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთა მიეცა და ამან პოლიტიკური პროცესი უფრო გაამძაფრა. აქცენტი გაკეთდა ამ 43% ზე აქცენტზე. ოპოზიციურ პარტიებს უკვე ის კი არ ადარდებდათ, რა პროგრამებით წარდგებოდნენ ამომრჩევლებთან, მოიგებდნენ თუ არა არჩევნებს, არამედ, მათთვის მთავარი იყო ხელისუფლების დაზიანება, რათა 43% პროცენტი ვერ მიეღო. რომელიმე ქვეყანაში მსგავსი აბსურდი გინახავთ? გახარიას ფაქტორი ერთ-ერთი იყო, რომელსაც, ოპოზიცია ათამაშებდა. სამწუხაროდ, ამას გახარიამ თავისი განცხადებებით თავადაც შეუწყო ხელი. რამდენ პროცენტს აიღებს გახარია, ყველაზე ზუსტად არჩევნები დაგვანახებს. ამიტომ, მე ამ ყველაფერზე ნაკლებად ვაკეთებ აქცენტს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას გვთავაზობენ პოლიტიკოსები. ქვეყანაში ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურაა. ერთის მხრივ, პოლიტიკოსები აპელირებენ, ხალხის აზრით მანიპულირებენ და მეორეს მხრივ - არ ადარდებთ, რას ფიქრობს და რა აინტერესებს მოსახლეობას. ამას ამტკიცებს ის, რომ არ გვესაუბრებიან პროგრამებით. ახლაც იგივეა, ამ 43%-ზე ჩაციკლულები იყვნენ და ოპოზიციის მთავარი საფიქრალი ეს იყო. ეს ციფრიც ხელოვნურია, რატომ 43% და არა 50%, ან 35%? ერთის მხრივ გვინდა, რომ კოალიციური მთავრობების კულტურა დავამკვიდროთ და მეორეს მხრივ, ასეთი მაღალი თამასა დააწესეს და ამას მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს. ეს აბსურდია და არ ვიცი, რომელი არგუმენტით დამისაბუთებენ, რომ ეს ნორმალურია და ამან ჯანსაღი პროცესები გამოიწვია. 

 

- როგორ შეაფასებთ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ გზავნილებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კრიტიკა არაერთხელ მოგვისმენია, ეს ხომ არ აღმოჩნდება ზღვარი მათთვის და რა პოლიტიკურ ფასად დაუჯდება "ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა?

 

ეს რიგითი კრიტიკა არაა და ვინც ამას ასე უყურებს, რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, ამაზე "ქართულმა ოცნებამ" უნდა იფიქროს. ეს არაა საზოგადოების საზრუნავი და დარწმუნებული ვარ, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, მათ ეს გააზრებული ჰქონდათ. რაც შეეხება პარტნიორობას, თავად რომელიმე პარტნიორმა სახელმწიფომ თუ არ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის მიტოვება და დიდ ოკეანეში არ გაგვიშვა, ჩვენი პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. გარდა ამისა, დასავლეთის კურსი კონსტიტუციაშია გაწერილი. რაც ხდება, ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და გარკვეული ძალების მიერ შექმნილი ცრუ რეალობაა, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნორმალურად ვერ აანალიზებენ. გარდა ამისა, გამაღიზიანებელია ჩვენი პოლიტიკოსებისა და საექსპერტო წრეების, ასევე ჟურნალისტური საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებები, როცა უცხო ქვეყნის მხრიდან საკუთარი ქვეყნის ან რომელიმე პარტიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სუვერენული თავმოყვარეობა. დავუშვათ, სანცქიები დაწესდა, "ოცნებამ" არჩევნები წააგო და მაგით რა?! კი ბატონო, დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, ვინ გამოდის ვადამდელ არჩევნებზე?! ისევ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი სატელიტებით და რაღაც არასერიოზული პარტიები. ეს არის "ქართული ოცნების" ალტერნატივა?! ჩვენ ხომ იქითკენ უნდა გვქონდეს ლტოლვა, რომ ყოველი ხელისუფლების შემდეგ მივიღოთ მასზე უკეთესი და მე მასზე უკეთესს ვერ ვხედავ.  ახალი ძალები პოლიტიკურ სივრცეში ვერ შემოდიან. პარლამენტი 4-5%-ით განახლდა, მაგრამ მათი მომავალი და პერსპექტივა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს დღის წესრიგი, რასაც "ნაცმოძრაობა" სთავაზობს საზოგადოებას, განსაკუთრებით ვადამდელ არჩევნებს, იმას მოიტანს, რომ ეს პატარა პარტიები ისევ გაქრებიან.

 

- რაც შეეხება ოპოზიციას, ახლა, რა იქნება მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და როგორ უნდა იმოქმედონ მათ ამ სიტუაციაში?

 

ამის შემდეგ, პარლამენტს ვიღაც დატოვებს, ვიღაც ვერ გაბედავს, რომ დატოვოს. ასევე, ისინი, ვინც "ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშ არიან, მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც "ნაცმოძრაობა". თავად "ნაცმოძრაობა" გაბედავს თუ ვერ გაბედავს, ესეც საკითხავია. ამ ოპოზიციას კი რჩევებს არ ვაძლევ, ვიდრე წარსულს არ გაიაზრებენ და ვიდრე ხალხის წინაშე ახალ პროგრამებით არ წარდგებიან. გულში შესაძლოა ფიქრობდნენ და ხალხის გასაგონად თქვან, რომ წარსული გავაანალიზეთო, მაგრამ ჩვენ ეს ახალი სახეებით უნდა დავინახოთ.

 

/თათია შაიშმელაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები