დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

როგორ იმოქმედებს საქართველოს პრესტიჟზე "ფრიდომ ჰაუსის" თავისუფლების ინდექსის დაწეული მაჩვენებელი 04.03.2021 17:56

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2021“ გამოაქვეყნა,რომელიც, მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს.

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად რჩება და 100 ქულიდან 60 აქვს მინიჭებული. პოლიტიკური უფლებები  40-დან 23 ქულითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებები - 60-დან 37-ით.

 

"ფრიდომ ჰაუსი" საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემას, სასამართლოსა და მედიაგარემოს აფასებს:

 

"საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს. მისი დემოკრატიის ტრაექტორიამ 2012-2013 წლებში გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, მაგრამ ბოლო წლებში ის უკუსვლას განიცდის. ოლიგარქიული გავლენები ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მედიაგარემოზე, ხოლო პოლიტიზებულობა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო თავისუფლებები კი არათანმიმდევრულად არის დაცული"- აღნიშნულია ანგარიშში.

 

ქვეყნისთვის რა მნიშვნელობისაა გავლენიანი საერთაშორიო ორგანიზაციის ანგარიში  და რაზე მიუთითებს თავისუფლების ინდექსის დაწეული მაჩვენებელი,  ამ საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ესაუბრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებელი გასაკვირი არ არის:

 

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ფრიდომ  ჰაუსის" ეს ანგარიში და  რეიტინგში საქართველოს უკუსვლა, ბოლო პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით, გასაკვირი არ იყო.  სასამართლოს ნაწილით რომ დავიწყოთ, ფაქტობრივად ეს ანგარიში  კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემა არ არის საბოლოოდ დამოუკიდებელი და ის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე აქცენტის გაკეთება. მაგალითად, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის საქმე. ფაქტობრივად, ამ საქმეებზე ნებისმიერი მოქმედება გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენას უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი "ფრიდომ ჰაუსს" იმას აფიქრებინებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებელი არ არის,"- აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

 

 საიას თავმჯდომარემ ჯორჯიან თაიმსთან " ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში ასახულ  ნიკა მელიას დაკავების ფაქტზეც ისაუბრა და საარჩევნო სისტემაც შეაფასა:

 

"თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანებში დემოკრატიული  პროცესები ყველა მხარის მონაწილეობით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პოლიტიკური აქტორების  კონსესუსით მიიღება. ამ შემთხვევაში კი, როდესაც პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია, ნიკა მელიას დაკავებით, მეტად პოლარიზება ხდება. "ფრიდომ ჰაუსმა" ნიკა მელიას დაკავება უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია, რადგან, ეს პოლიტიკური მოლაპარაკებების ჯანსაღად წარმართვას ხელს არ შეუწყობდა.

 

ჩვენს ქვეყანაში, სამართლიანი საარჩევნო სისტემა და გარემო ,ჯერ კიდევ, არ გვაქს. ნახევრად პროპორციული და ნახევრად მაჟორიტარული სისტემა, რაც ბოლო არჩევნებზე ვიხილეთ, სამართლიანი არ იყო."

 

ნიკა სიმონიშვილს მიაჩნია, რომ მედიაგარემოს გაუარესებასთან დაკავშირებითაც ანგარიშში სწორადაა აქცენტი გაკეთებული.

 

"ფრიდომ ჰაუსის" მიერ მედიასთან მიმართებაში გაკეთებული აქცენტიც მნიშვნელოვანია.  სამწუხაროდ, აქ ვხდებით იმაზე მითითებას, რომ საქმეები რომლებიც ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხებოდა, დაუსჯელობის სინდრომს აჩენს.  ასეთი პროცესების შედეგად აღარ გვიკვირს ის, რომ საქართველომ არათუ შეინარჩუნა პოზიცია, რაც ჰქონდა ან გაიუმჯობესა, არამედ, რეიტინგში ერთით დაქვეითდა."

 

საიას თავმჯდომარეს ასევე მიაჩნია, რომ დაწეული რეიტინგი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე ნეგატიურად აისახება.

 

"საერთაშორისო პრესტიჟზე რა თქმა უნდა, აისახება. საერთაშორისო პრესტიჟზე  ბოლო პერიოდის მოვლენები უკვე აისახა. ნიკა მელიას დაპატიმრებასთან  დაკავშირებული მოვლენებთან, სასამართლოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებთან, საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გვესაუბრებიან.  ის, რომ ეს ჩვენი სუსტი წერტილებია, ამან  საერთაშორისო დონეზე აღიარება ჰპოვა," - განაცხადა მან.

 

„ჯორჯიან თაიმსთან“ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ. ის თვლის, რომ მედიაგარემოს თავისუფლების მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს, სასამართლო და საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზები კი მოგვარების გზას ადგას:

 

„მე ვერ ვატყობ, რომ მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველას, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს, თავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ჰქონდეს. სასამართლო ჩვენი მუდმივი სატკივარია და ამ მხრივ რა პრეტენზიებიც არსებობს, ყველაფერი გასათვალისწინებელია. როდესაც ვკითხულობ, თუ ვის მონაცემებს ეყრდნობიან, ეს უკვე ცალკე საფიქრალია. ჩვენ ცხადად ვხედავთ უკვე, რომ  საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს. საქართველოს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების უფლებების დამცველი ჰყავს. გარკვეული ტელევიზიის ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს, მაგრამ, ზოგიერთ სხვა ჟურნალისტებზე ძალადობა არ აწუხებს.როდესაც "ფრიდომ ჰაუსი" ასეთი ადამიანების  ინფორმაციებს ეყრდნობა, ჩემთვის გარკვეული დეტალები კითხვებს ბადებს. ყველა ნორმალური ადამიანი იმის მომხრეა, მივიდეთ იმ დონემდე, რომ ამ საკითხებზე საუბარი აღარ იყოს, მოსყიდვაზე და ნდობაზე როგორც სასამართლოს მიმართ, ასევე, არჩევნებთან მიმართებაში. სასამართლო,  წლებია, რაც ჩვენი პრობლემაა, თუმცა, მეორე მხარეა უმჯობესდება თუ არა ეს სისტემა.საარჩევნო სისტემას რაც შეეხება საკმაოდ სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს.

 

ამირან სალუქვაძე "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშს ანგარიშგასაწევ დოკუმენტად მიიჩნევს და ხელისუფლებას მისი გათვალისწინებისკენ მოუწოდებს:

 

ხელისუფლებას მოვუწოდებდი,  ეს ანგარიში კარგად გააანალიზოს  და სათანადო ზომები მიიღოს, რადგან ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პრესტიჟს განსაზღვრავს. ნამდვილად ანგარიშგასაწევია, მაგრამ კითხვებიც ძალიან ბევრია.

 

 

"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშს  ფეისბუქის გვერდზე ექსპერტი გიორგი ცუცქირიძეც გამოეხმაურა:

 

"ფრიდომ ჰაუსმა" ახალი ინდექსი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ხშირად ტენდენციურია (განსაკუთრებით ნაცებისადმი საეჭვოდ მიკერძოებული, და დამახინჯებული ფაქტებით დახუნძლული), მაგალითისათვის  კი თუნდაც  2019 წლის კვლევაც გამოდგება- სახელით “დემოკრატიის უკუსვლა", რომლის მიზეზად, არასწორი ინტერპრეტირებებით,  გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებდა, საინტერესო  და მაინც სასარგებლო აქცენტების გამოყოფა შეიძლება:

 

1. ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც საქართველოს დემოკრატია ფრიდომ ჰაუსის მიერ 60-70 ქულამდე შუალედში ფასდება ისევე როგორც ევროკავშირის, ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა ( უნგრეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და ა.შ.) და მხოლოდ მინიმალური სხვაობით,  რამდენიმე ერთეული ქულით განსხვავდება მათგან.

 

2. საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ 4 სახელმწიფოს აქვს უკეთესი შეფასება.

 

3. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ქვეყანამ თუნდაც ამ ინდექსის მიხედვით მკვეთრი პროგრესი განიცადა ბოლო ცხრა წლის მანძილზე. შედარებისათვის, 2012 წლის ინდექსის მიხედვით საქართველოს ისეთივე ქულა ჰქონდა, როგორიც იმ პერიოდის იანუკოვიჩის რეჟიმის უკრაინას, ანუ იმ პრორუსი ავტოკრატიის რეჟიმის, რომელიც სააკაშვილმა 2013 წელს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა."- წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის "ფრიდომ ჰაუსის" მონაცემების მიხედვით, საქართველოს შეფასება ბოლო წლებში უარესდება: 2020 წელს ქვეყანაში თავისუფლების მაჩვენებლი  61 ქულა იყო, 2019 წელს -63 იყო, 2017-18 წლებში კი  64.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები