დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რუსები საქართველოში - ტურისტები თუ მიგრანტები? 12.05.2022 16:58

ევროკავშირის სამაუწყებლო კომპანია „ევრონიუსმა“ (Euronews - ოფისი ლიონში) ეთერში გადასცა რეპორტაჟი თბილისის აეროპორტიდან, რომელიც საქართველოში უცხოური ტურიზმის მდგომარეობას ეხება. ვიდეოსიუჟეტის გერმანულენოვანი ტექსტური ვერსია  გამოქვეყნებულია სათაურით „რუსები საქართველოში: ჩამოვიდნენ საცხოვრებლად დარჩენის მიზნით // ტურისტები თუ მიგრანტები?“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

 

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეში დაახლოებით 50-მდე თვითმფრინავს იღებს უცხოეთის სახელმწიფოებიდან. დედაქალაქის ქუჩები სავსეა საერთაშორისო ვიზიტორებით, თუმცა მათ შორის ტურისტი ცოტაა.

 

რას ამბობენ საქართველოში მყოფი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები:

 

„ჩვენ რუსეთიდან ვართ. ვაპირებთ, რომ საქართველოში რამდენიმე თვე დავრჩეთ“;

„მე ბელარუსიდან ვარ, მინსკიდან. აქ კიდევ 2 დღე დავრჩები“;

„ჩვენ რუსეთიდან ვართ, საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვედით“;

„ჩვენ ბელარუსიდან ვართ, საქართველოში 2 თვის წინ ჩამოვედით. აქ ძალიან მოგვწონს“;

„მე უკვე ორი კვირაა, რაც აქ ვარ. მინდა, დიდხანს დავრჩე“...

 

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ტურისტული სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა მათი მოლოდინი შეცვალა. 2022 წლის პირველ 4 თვეში 820,796 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. მათი დიდი ნაწილი რუსეთიდან და ბელარუსიდანაა, მაგრამ ისინი ტურისტები არ არიან.

 

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან ტურისტები შემოდიან, ტყუილია. ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის ტურისტად. ძირითადად, რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოდიან“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა.

 

ვიზიტორები, რომლებიც ქვეყანაში დიდხანს რჩებიან, ტურისტული სერვისებით ნაკლებად ან საერთოდ არ სარგებლობენ, რაც სტუმარ-მასპინძლობის სექტორსა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება. მკვლევრები ტურიზმის სფეროს მთავარ გამოწვევებზე საუბრობენ.

 

„პირველი და მთავარი გამოწვევა - უკრაინიდან და რუსეთიდან ტურისტები აღარ იქნებიან. მეორე არის ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკებსაც კარგი დღე არ უდგათ. მაგალითად, შუა აზიის ქვეყნები – ყაზახეთი და უზბეკეთი  დამოკიდებულნი არიან  რუსეთზე. წინა წლებში ამ ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩამოდიოდა, დრეს კი მათი არყოფნა [ქართულ ტურიზმზე მნიშვნელოვან ნეგატიურ] გავლენას იქონიებს. მესამე ფაქტორი კი არის გაუარესებული ფონი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ არაუსაფრთხო რეგიონად აღვიქმებით“, – ამბობს კახა სამყურაშვილი, კომპანია Galt & Taggart-ის  უფროსი მკვლევარი.

 

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ევროპიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა უმეტესობა რეგიონში მიმდინარე ომის გამო ჯავშნებს აუქმებს.

 

„მთავარი კითხვა, რომელსაც ევროპიდან გვისვამენ,  ომის საფრთხეს უკავშირდება. მათ აინტერესებთ, რამდენად დაცულები ვართ, რომ რაიმე საშიში მოვლენა არ მოხდეს“, – ამბობს გუჯა ნარიმანაშვილი, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.

 

რუსეთმა 2008 წლის ომის შედეგად საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია მოახდინა, მისი ჯარები თბილისიდან 40 კილომეტრზე დგანან.

 

„რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრისა და ომის მიმდინარეობის ფონზე ბევრი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ანალიტიკოსი იხსენებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს და იმ შეცდომებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს წინაშე დაუშვა [და რუსეთს აგრესიისთვის სამაგიერო არ მიუზღო]. იბადება კითხვა: გახდება თუ არა საქართველო ვლადიმერ პუტინის შემდეგი თავდასხმის ობიექტი? ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ვინ იქნება შემდეგი?“, - ამბობს საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი თინა ხიდაშელი რეპორტაჟში.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები