დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საარჩევნო დაპირებები - რა მიმართულებით შეუტევს ოპოზიცია “ოცნებას” 04.06.2020 15:14

“მიმდინარე წლის წინასაარჩევნო კამპანია მალე აქტიურ ფაზაში შევა, სადაც, ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ოპოზიციის მთავარი გზავნილები და დაპირება უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნა იქნება. ახალი კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შექმნა და სწორედ ამ კრიზისის დაძლევის ერთგვარ გეგმაზე გააკეთებს აქცენტს ოპოზიცია. ის ეცდება მთავარი ბერკეტი ამ კუთხით აამუშაოს და, ხელისუფლებასთან შედარებით, უპირატესობაც მოიპოვოს. ამ ეტაპზე, ოპოზიცია მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებითაა დაკავებული. მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე კონსულტაციები ოპოზიციაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ დრომდე უცნობია, ოპოზიციური სპექტრი რამდენად შეძლებს საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საარჩევნო დაპირებები - რა მიმართულებით შეუტევს ოპოზიცია “ოცნებას”.

 

“რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიულ და მაჟორიტარულ სიაზე მსჯელობა პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით მიმდინარეობს და მიმდინარე თვეში უკვე ცნობილი გახდება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ოპოზიცია მოსახლეობას გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას შესთავაზებს. ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იქნება. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი დაპირება გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ხედვას, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ამერიკაში პროცესები როგორ განვითარდება და რა დასასრული ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ოპოზიციის გზავნილები საარჩევნოდ იქნება მომავლის ხედვა ეკონომიკური მიმართულებით. საუბარია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე. გარკვეული მომავლის დაპირება, რომ არ იქნება ოლიგარქიული მმართველობა და ხელისუფლება არ იქნება ერთი მმართველის ხელში. ასევე ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მოახდენს ხელისუფლების უზურპაციას და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება მონოპოლისტური მდგომარეობა. ამას დამატებული, გარკვეული ეკონომიკური დაპირებები - ეკონომიკურად როგორ მოხდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, რაც კოვიდ-19-თან არის დაკავშირებული. ამასთან, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით - საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და დაპირება, რომ ამ კუთხით რეალური ნაბიჯები იქნება გადადგმული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“ოპოზიციის მთავარი გზავნილები, ალბათ, ისევ ეკონომიკაზე აქცენტი იქნება. ჯერჯერობით სხვა თემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის კუთხით, ისეთი პროცესი მიდის აშშ-ში, თანაც მთელი მსოფლიო გაჩერებულია და ბევრი რამ იქნება ამ პროცესებზე დამოკიდებული. არ მგონია, ეს აისახოს მათ (ოპოზიციის) ლოზუნგებში, მაგრამ აზრი იყო იმის შესახებ, რომ ევროპისა და ამერიკისკენ მივდივართ, თუმცა უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რაც დღევანდელი დაპირისპირების ღერძია. ასეთ სიღრმეებში ქართული ოპოზიცია არ შედის და არც მომავალში შევა”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი, რომელიც 120/30 სისტემას გულისხმობს, 120 დეპუტატი - მაჟორიტარული, 30 კი პროპოციული გზით აირჩევა. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დუჭერენ და არც განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები, თუკი გიორგი რურუა არ იქნება გათავისუფლებული. თუმცა, მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ცვლილებების მიღება მათ გარეშეც შესაძლებელია და ამისათვის 113 ხმაა საჭირო”, - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები