დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საზღვრებმა გაიმარჯვეს 09.04.2021 14:05

 

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგარო“-ში («Le Figaro») სათაურით „საზღვრებმა გაიმარჯვეს“, გამოქვეყნებულია ინტერვიუ სტრატეგიული კვლევების ფონდის დირექტორის მოადგილესთან, გეოპოლიტოლოგ ბრუნო ტერტრესთან, რომელსაც ჟურნალისტი იზაბელ ლასერი ესაუბრება.


„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნების საზღვრებმა სამი ძირითადი რყევა გადაიტანეს: ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია. ასეთი სამმაგი შოკის შემდეგ, როცა ევროპაში ყველას ეგონა, რომ სახელმწიფოთა საზღვრები თითქმის გაუქმებული იყო, მათი კონტროლის აუცილებლობა დადგა. ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ ჩვენ ციკლის დასრულების მოწმენი ვხდებით: ღია პლანეტაზე ოცნება გაფერმკრთალდა, საზღვრებმა თავიანთი „დანიშნულება დაიბრუნეს“, მათ „გაიმარჯვეს“. ეს შესამჩნევია იმითაც, რომ ყოველი შედარებით ახალი სახელმწიფო ენერგიულად ცდილობს თავისი ტერიტორია მკაფიოდ შემოფარგლოს. მაგალითად, აფრიკაში, აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო დაპირისპირება მოწმობს, რომ ამ პრობლემამ გლობალური ხასიათი მიიღო. ასე რომ, „საზღვრების დაბრუნება“ მხოლოდ ევროპული მოვლენა არ არის“, - ამბობს ბრუნო ტერტრე ინტერვიუში.


„კაცმა რომ თქვას, სახმელეთო საზღვრების ხაზი დღეს ნაკლებად იცვლება. უკან დარჩა მე-19 და მე-20 საუკუნეები, როცა საზღვრებისა და ტერიტორიების გამო თითქმის ყოველწლიურად ომები ხდებოდა. მაგრამ რეციდივები მაინც არის: როცა ახალი სახელმწიფო იბადება, ის ცდილობს ადრე არსებულ რეგიონულ საზღვრებს დაუბრუნდეს. ამას მოწმობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიც, როცა გასულ 2020 წელს აზერბაიჯანმა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი რეალურად აღიდგინა.


საზღვრების გაუქმება ჯიჰადიზმსაც სურს: გავიხსენოთ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსკავატორები, რომლებიც 2014 წელს სირიასა დაერაყს შორის არსებული საზღვრის („საიქს-პიკოს ხაზის“) აღმნიშვნელი ატრიბუტები გაანადგურეს. დიდი სახელმწიფოები, მაგალითად, რუსეთი და ჩინეთი,  თავიანთ საზღვრებსმიღმა გაწევას ცდილობენ. რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „რუსეთის საზღვრები „არსად არ მთავრდება“. საზღვრებს მიღმა გასვლაში ვგულისხმობ იმასაც, რომ რუსეთი თავის პასპორტებს არიგებს აფხაზეთში [და სამხრეთ ოსეთში], გზავნის „თეთრმუზარადიან“ ჯარისკაცებს (სამშვიდობო ძალებს) ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში. ასევე საზღვრებს მიღმა გასვლის მცდელობას ნიშნავს, როცა ზოგიერთი ოდესღაც დიდი ქვეყანა დღეს „გულის საზღვრებზე“ ლაპარაკობს, მაგალითად თურქეთი“, - ამბობს ფრანგი გეოპოლიტოლოგი [როგორც ჩანს, თურქეთთან მიმართებით ბრუნო ტერტრე გულისხმობს 2016 წელს თურქეთის პრეზიდენტის რ.ერდოღანის გამონათქვამს რიზეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას - „გულში საზღვრების გავლება შეუძლებელია, ნუთუ შესაძლებელია რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება“ - ს.კ.).


„ხდება ხოლმე, რომ ექსპანსიონისტური სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებულ პირობას არღვევს ხოლმე. ასე მოხდა ყირიმთან მიმართებით, როცა რუსეთმა ტაბუ დაარღვია. ჩემი აზრით, ყირიმი კიდევ დიდხანს იქნება ოკუპირებული, ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მსგავსად, 1945 წლიდან 1991 წლამდე, თუმცა ისინი ჩვენს რუკებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ფიგურირებდნენ“.


„ევროკავშირისათვის დღეს დიდი პრობლემაა მისი გარე საზღვრის გამაგრება. მე ვთვლი, რომ შენგენის ზონასთან დაკავშირებით ჩვენ იგივე შეცდომა დავუშვით, რაც ევროსთან მიმართებით ჩავიდინეთ. საერთოდ, ეს ორივე ლამაზი პროექტია, მაგრამ სავალუტო კავშირი ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკის დაახლოების გარეშე შევქმენით, თავისუფალი გადაადგილება კი გარე საზღვრების დაცვის გარეშე დავადგინეთ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის შიგნით თავისუფალი მოძრაობა განმტკიცებული უნდა იყოს გარე საზღვრების გაძლიერებული დაცვით.


რასაკვირველია, არასწორი იქნებოდა, რომ საზღვრები სასწაულმოქმედ საშუალებად ჩავთვალოთ ტერორიზმთან ბრძოლაში. ბევრ სახელმწიფოში ტერორისტული აქტები იმ უცხოელების მიერ ხდება, რომლებმაც საზღვრები სრულიად კანონიერად გადაკვეთეს. საზღვრებმა შეიძლება დაამუხრუჭონ ან შეამცირონ ტერორისტთა მოქმედება, მაგრამ მათ მოქმედებას ვერ აღკვეთენ...


და ბოლოს, ისეთი ნეოიმპერიალისტური საზღვაო სახელმწიფოები, როგორიც არის, მაგალითად, თურქეთი ან ჩინეთი, თავიანთ პარტიას თამაშობენ და საზღვაო სამართალს არავიტარყურადღებას არ აქცევენ. ასეთი პრეცედენტია პეკინის მოქმედება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში... ყოველ შემთხვევაში, დღეს საზღვრებისთვის ახალ ბრძოლებს ზღვებშიც უნდა ველოდოთ“, - ასკვნის ფრანგი გეოპოლიტოლოგი.


წყარო: https://www.lefigaro.fr/international/bruno-tertrais-les-frontieres-ont-gagne-20210407

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები