დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველომ რუსებისათვის საზღვრები გახსნა - შეძლებენ თუ არა ტურისტები ჩამოსვლას? 25.02.2021 13:39

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც ანტიკოვიდური ზომების მოხსნა-შესუსტებას და საზღვრების გახსნას ეხება (იმ ქვეყნების, მათ შორის რუსეთის დასახელებით, რომელთა მოქალაქეებს, კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის არსებობის პირობებში, საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ), რუსულ მასმედიაში და ტურიზმის საექსპერტო წრეებში საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა.


გავეცნოთ რამდენიმე კომენტარს:


რუსულ რადიოსადგურ „მოსკვა-24“-ის («Москва-24») ეთერში ისაუბრა რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იური ბარზიკინმა, რომლის ტექსტი ვებ-საიტზე გამოქვეყნებული სათაურით „საქართველომ რუსებისათვის საზღვრები გახსნა. შეძლებენ თუ არა ტურისტები იქ მოხვედრას?“.


იური ბარზიკინის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსაკენ ტურისტული ნაკადი განახლდება. „ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ამისათვის აუცილებელია რუსული მხარის გადაწყვეტილებაც. გარდა ამისა, საქართველოსთან ავიამიმოსვლა დღემდე დახურულია. მიმდინარე სიტუაციაში, თუ „როსავიაცია“ და „როსპოტრებნადზორი“ შესაბამის დადებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მაშინ შესაძლოა ჩვენს ქვეყნებს შორის საქმიანი და ოჯახური მისვლა-მოსვლა აღდგეს“, - აღნიშნა ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა.


როგორც იური ბარზიკინი ამბობს, ტურისტული ნაკადის განახლებაზე გადაწყვეტილება ორმხრივი უნდა იყოს. „ჯერ-ჯერობით რუსული მხარე დუმს, ანუ საქართველოს გადაწყვეტილება ცალმხრივია, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებაც სწორი ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ უცხოეთის ქვეყნები აღიარებენ - რუსეთი უსაფრთხო მიმართულებას მიეკუთვნება“, - განაცხადა ექსპერტმა.


წყარო: https://www.m24.ru/news/turizm/24022021/154192

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები