დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია - OECD-ის კვლევის კატასტროფული შედეგი 14.06.2021 17:23

The Organization for Economic Cooperation and Development (OECD)-ის 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, როგორც ჩანს, საქართველოს განათლების სისტემაში კატასტროფული მდგომარეობაა.


საქართველო ისეთი ქვეყნების სიაშია, რომელთაც ცუდი განათლების სისტემა აქვთ.


ორგანიზაციები და სამეცნიერო ცენტრები  საუკეთესო განათლების სისტემების დასადგენად სხვადასხვა მონაცემებს იყენებენ.  OECD- საუკეთესო და ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სია შექმნა.


ამ სიიდან გამომდინარე, კანადა ყველაზე განათლებული ერია. მოზრდილთა 56% -ზე მეტმა განათლება საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გააგრძელა.  


მეორე ადგილზეა იაპონია. შემდეგ კორეა, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ..


სამაგიეროდ,  არიან ქვეყნები, რომლებსაც ცუდი საგანმანათლებლო სისტემა აქვთ. როგორც OECD აღნიშნავს, ეს შეიძლება იყოს შიდა კონფლიქტის, ეკონომიკური პრობლემების, ან არასაფინანსო პროგრამების გამო. საქართველო კი, იმ ქვეყნების გვერდითაა, როგორიცაა ბირმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ლიბერია, ლიბია, მონაკო, პაკისტანი, შრი ლანკა,ზამბია.


აღნიშნულ კვლევას აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩეველი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში ეხმაურება.


გასაგებია, რომ ეს ისტორიული "მიღწევა" შესაძლებელი გახდა სააკაშვილის მმართველობის დროს დაწყებული განათლების რეფორმით, მაგრამ იქნებ ვინმემ გვითხრას, რა გაკეთდა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ასეთი კატასტროფული შედეგი არ დამდგარიყო ...“ - წერს თემურ ბასილია.


კვლევის შედეგებს გაეცანით ბმულზე.

 

აღნიშნულ საკითხზე "ჯორჯიან თაიმსი" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, სამინისტროს ამ თემასთან დაკავშირებით დღემდე პასუხი არ აქვს.


OECD-ის კვლევას ჯორჯიან თაიმსთან საუბარში განათლების ექსპერტი, რეზო აფხაზავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში განათლების სისტემის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველამ იცის.

 

ეს არ არის ერთი კონკრეტული კვლევის შედეგად მიღებული, - მეორადი მონაცემებია. განათლების სისტემაში ნამდვილად მძიმე მდგომარეობა გვაქვს. სამწუხარო ის არის, რომ შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება და ამას პერიოდულობით  საერთაშორისო კვლევები გვიდასტურებს.   ამ მხრივ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ სამწუხაროდ, შესაბამის მკვეთრ ღონისძიებებს ვერ ვხედავთ, რომელიც განათლების სისტემაში უნდა კეთდებოდეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება მეორე ხარისხოვანია სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც განათლება მთელი მსოფლიოსთვის პირველ ადგილზე დგას. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუმცა, ასეთი დამოკიდებულება საქართველოში არაფერში არ იგრძნობა, თუნდაც განათლების პოლიტიკაში, სამინისტროსადმი დამოკიდებულებაში, დაფინანსებასა და ხარისხის კონტროლში. ყველგან პრობლემებია. სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის განათლების სისტემა არის ფერმა, საარჩევნო ხმების მოგროვების ადგილი და არა -ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება. კვლევის ეს მონაცემებიც ამის შედეგია,“ - აცხადებს რეზო აფხაზავა.


განათლების ექსპერტის თქმით, ეს მძიმე მდგომარეობაა, რომელიც ყველა სფეროზე აისახება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევეშიდა პოლიტიკასა და ეკონომიკურ განვითარებაში.


ჩვენ ცივილიზაციის პერიფერია ვართ. ასეთი ტიპის ქვეყნებთან, სადაც განათლების დონე მინიმუმზე დაბალია და მსოფლიოს ქვეყნების ბოლო ათეულშია, დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება.  პრეტენზია გვაქვს და გვინდა, რომ  ევროპული ოჯახის წევრები ვიყოთ, ასეთი განათლებითა და დამოკიდებულებით ნამდვილად შორს ვერ წავალთ,“ - აღნიშნავს რეზო აფხაზავა.


როგორც ის აცხადებს, ქვეყანაში უნდა გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც გააზრებული აქვს განათლების მნიშვნელობა.


საზოგადოებამაც უნდა გაიაზროს ის, რომ განათლებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების გარეშე ჩვენი შვილებისა და ქვეყნის მომავალი აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნება. როდესაც მთელი სამყარო განვითარების დაჩქარებულ ეტაპზეა, საქართველო იგივე სისწრაფით, პირიქით, რეგრესისკენ მიდის. ამის ფონზე კი, შესაბამის შედეგებს ვიღებთ,“- განმარტავს განათლების ექსპერტი.


როგორც რეზო აფხაზავა აღნიშნავს, საქართველოს განათლების სისტემა, თავისი ხარისხითა და ყველანაირი მაჩვენებლით მსოფლიოში  ერთ-ერთი ჩამორჩენილია.


პანდემიის სტრესულმა რეჟიმში ყოფნამ განათლების სფეროს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა და ეს ყველაფერი საბოლოოდ, მძიმე შედეგებზე გაგვიყვანს. პანდემიის ფონზე ასეთი ტიპის პრობლემებისთვის მზაობა არ არსებობდა და ამ დანაკარგების შემდეგაც, სახელმწიფოს კომპენსირების სტრატეგიაზე არ უფიქრია. სამწუხაროდ, ეს დანაკარგები მომავალში საქართველოს  განათლების სისტემასა და სხვა სფეროებზეც მწვავედ აისახება,“ - აცხადებს რეზო აფხაზავა.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები