დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

საქართველო არჩევნების წინ: ომი, ეკლესია და „გირჩი“ 15.07.2020 12:11

გერმანულ ახალგაზრდულ ჟურნალ „დერ იუნგრეპორტერ“-ში («Der Jungreporter») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არჩევნების წინ: ომი, ეკლესია და „გირჩი“ განხილულია ქართველი ახალგაზრდების როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში (ავტორი - იან ლანგერი).


 „საქართველოს მოსახლეობა შემოდგომაზე საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევს. შავიზღვისპირეთში მდებარე სახელმწიფოს, 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღიდგინა, მრავალი უბედურება აქვს გადატანილი - ომები, პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისები, მთავრობის ძალადობრივი ცვლილებები... ჩვენი კორესპონდენტი იან ლანგერი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და მათში ახალგაზრდა თაობის როლზე მსჯელობს: რას ფიქრობენ საკუთარ ქვეყნაზე ახალგაზრდები?“, - ნათქვამია სტატიის შესავალში.


პუბლიკაციაში საუბარია პარტია „გირჩის“ საქმიანობაზე, კერძოდ კი - ახალგაზრდა „გირჩელებზე“, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პარტიის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში (ამ მხრივ ავტორი ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა აქტივისტის ცოტნე ბაკურაძის პიროვნებას). სტატიაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს დაარსებულ პარტიას კარგი შანსები აქვს პარლამენტში შესასვლელად, რადგან ის ადვილად დაძლევს საარჩევნო ბარიერს.


„მიუხედავად იმისა, რომ გირჩს ამჟამად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენლები არ ჰყავს, ამ პარტიამ უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე სხვებმა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში და ჩამოთვლილია „გირჩელთა“ მიღწევები: მარიხუანის (კანაბისის) მოხმარების ლეგალიზება, სამხედრო გაწვევისაგან ახალგაზრდების გათავისუფლება და ა.შ.


სტატიაში ვრცლადაა განხილული მთავარი საკითხი - „გირჩის“ დამოკიდებულება ქართული ეკლესიის მიმართ.


„საქართველოს მოსახლეობის 95% პატივისცემით ეკიდება მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომლის მრევლს ქვეყნის მცხოვრებთა 85% შეადგენს. კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე ყველაზე პოპულარულ და პატივცემულ პიროვნებად ითვლება. ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ეკლესიას უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე მართლმსაჯულების ორგანოებს, მასმედიას, სამხედროებს და პოლიტიკოსებს. და ასეთ ღრმად რელიგიურ ქვეყანაში როგორ შეიძლება ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც უძლიერესი და გავლენიანი დაწესებულების წინააღმდეგ არის მიმართული?


„გირჩელები“ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს და თვლიან, რომ სხვა რელიგიური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, ქართული ეკლესია დაუმსახურებლად სარგებლობს სახელმწიფოს მფარველობით - ყველაზე მეტ სუბსიდიას იღებს ბიუჯეტისაგან. „გირჩელებმა“ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგვარ საპირწონედ თავიანთი რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დაარსეს. „გირჩელები“ მხარს უჭერენ აგრეთვე ერთსქესიან ქორწინებას“, - აღნიშნულია სტატიაში.


წყარო: https://jungreporter.de/politik/georgien-wahl-teil-2/

 

მოამზადა-სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები