დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველო ახალი აფეთქების ზღვარზე 14.04.2021 10:34

ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო, საავადმყოფოები დიდი ნაკადების მისაღებად ემზადებიან

“საავადმყოფოები მზად არიან ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის მისაღებად. საკოორდინაციო საბჭო ახალი შეზღუდვების შემოღებას ჯერ არ გეგმავს, თუმცა საბჭოს წევრები მიანიშნებენ, რომ შესაძლო შეზღუდვები პირველ რიგში მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული და მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეეხება.

სამშაბათს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის ნახტომისებური ზრდის გარდა, განსაკუთრებულ შეშფოთებას ის იწვევს, რომ ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი კორონავირუსის ე.წ. ბრიტანულ შტამს უკავშრდება, რომელიც ჩვეულებრივ კორონავირუსზე უფრო მეტად გადამდებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში -  საქართველო ახალი აფეთქების ზღვარზეა - ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო, საავადმყოფოები დიდი ნაკადების მისაღებად ემზადებიან.

 საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ გადასცდა ათასს - 1 374 ახალი შემთხვევა 24 საათში. საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დაკვირვება საქალაქთაშორისო და მუნიციპალურ ტრანსპორტზე, თუმცა ამ ეტაპისთვის დამატებითი რეგულაციების განხორციელება არ იგეგმება.

 

ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით ახალი შეზღუდვები დამანგრეველი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ხოლო ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად ვირუსის მზარდი რაოდენობისა, ქვეყანაში მისი უკონტროლო გავრცელება აღარ მოხდება.

 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდების დაწესება ამ ეტაპზე არ განუხილავთ, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროების გათვალისწიენბით ერთ-ერთი პირველი შეზღუდვა მობილობის შემცირება იქნება.

 

„შეზღუდვები თუ საჭირო გახდა, ეს პირველ რიგში მობილობის შემცირებას შეეხება, ზოგადად კი შეზღუდვებთან მიმართებით ყოვედღიურად მიმდინარეობს მსჯელობა. ეს არის დაფუძნებული ანალიზზე და არსებულ ეპიდვითარებაზე. აღნიშნულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე საუბარი და განხილვა არ ყოფილა, თუმცა გამორიცხული არაფერია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ზომების როგორც გამკაცრება, ისე შემსუბუქება", - განაცხადა ღიბრაძემ.

 

საკითხზე, რეგულაციების გამკაცრების შემთხვევაში, შეეხება თუ არა შეზღუდვა ტრანსპორტის გადაადგილებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება, თუმცა, თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს სიტუაციაზე დაკვირვება.

 

„დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7-დღიანი ინტერვალებით, თუ ტენდენცია როგორ განვითარდება. გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ ქვეყანა ე.წ. კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადადის.

 

„დღეს ყველა რეგიონში უკვე, ჩვენ გვაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში, ამიტომ სიფრთხილე და ყველა იმ ღონისძიების დაცვა, რომელსაც გეუბნებით და განსაკუთრებით დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება, ამას ემატება კიდევ მეტი ინტენსიფიკაცია აცრების.

 

„გასაგებია, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება და ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი - ეს იცოდეთ და აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი, რაც მეტი იქნება 55-წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ადამიანი გადარჩება ხანდაზმული", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

პარლამენტი ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თავდაპირველი პროგნოზით ახალი შეზღუდვების შემოღების საკითხი სავარაუდოდ მაშინ იქნებოდა საჭირო თუ დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადააჭარბებდა, თუმცა ის „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მიუხედავად 1374 შემთხვევისა, ახალი რეგულაციებს თავი უნდა ავარიდოთ, რადგან ის დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ახალ შეზღუდვებს, რადგან ეს დამანგრეველი იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის.

 

„რამდენიმე ათასი მაინც უნდა იყოს ყოველდღიური შემთხვევა, რომ ახალ შეზღუდვებზე იფიქროს ჯანდაცვის სექტორმა. ამ შემთხვევაში მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ - იქნება თუ არა ახალი რეგულაციები, თუმცა ვფიქრობ ჯერჯერობით არსებული შეზღუდვების კონტროლი უნდა მოხდეს და თანმიმდევრულად შესრულდეს," - ამბობს აკაკი ზოიძე.

 

„პირველ რიგში მკაცრად უნდა აღიკვეთოს თავშეყრის ადგილები და უნდა კონტროლდებოდეს დისტანცირების დაცვა, რადგან ახალი შტამის პირობებში ვირუსის გავცელება უფრო ინტენსიური იქნება.

 

„ახალი შეზღუდვები რომ თავიდან ავიცილოთ, რომელიც დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვისაც და თითოეული ადამიანისთვისაც, აუცილებელია არსებული შეზღუდვების დაცვა,"- ამბობს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

 

საკითხზე არის თუ არა მოსალონდელი, ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყოს ინფექციონისტი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ უკონტროლო გავრცელება, როგორიც ნოემერ-დეკემბერში შეინიშნებოდა, აღარ მოხდება, რადგან ახლა უკვე ჯანდაცვის სექტორი ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებელ ბერკეტებს ფლობს, ასევე დაწყებულია ვაქცინაცია.

 

„არ მგონია უკონტროლო გავრცელება იყოს. ჯანდაცვის სისტემა უკვე სხვანაირად ხვდება ამ პროცესებს და უფრო მეტ ბერკეტებს ფლობს ეპიდემიის შესაჩერებლად. გარდა იმისა, რომ მოხდა მედპერსონალის გადამზადება, ასევე უკვე გვაქვს ვაქცინა და საკმაოდ ბევრ ადამიანს უტარდება ვაქცინაცია, ამიტომ აპოკალიფტურ მდგომარეობას არ ველოდები," - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები