დღე: 29

ღამე: 13

USD 2.676

EUR 2.8713

საქართველო ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს 27.05.2020 15:30

თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუ“-ს («Anadolu Ajansı») კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ელჩს თურქეთში გიორგი ჯანჯღავას, რომელშიც ქართველი დიპლომატი საუბრობს ორმხრივ ურთიერთობების იმ სასიკეთო მნიშვნელობაზე, რომელიც კიდევ ერთხელ გამოვლინდა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს თანამშრომლობით. მასალა გამოქვეყნდა სათაურით „საქართველო ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას.

 

„ინტერვიუს დროს საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქართულ-თურქული ურთიერთობები დაფუძნებულია მეგობრობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ორი ქვეყნის საზღვარზე არსებული გასასვლელები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს თურქეთსა და საქართველოს, „კოვიდ-19“-თან ბრძოლის დროს რეგიონული ხიდის ფუნქციასაც ასრულებენ, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის. „პანდემიის დაწყების დროიდან საქართველო და თურქეთი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაამარტივონ ტვირთების ტრანზიტი ჩინეთიდან, კავკასიიადან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპის ქვეყნებისაკენ და პირიქით“.

 

საქართველოს ელჩმა პოზიტიურად შეაფასა თურქეთის მიერ გაწეული დახმარება სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საქმეში. „ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის დახმარებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იქნა გამოყვანილი. ეს ნათლად მოწმობს იმას, რომ თურქეთი კორონავირუსის აფეთქების დროიდან, მძიმე დღეებში, საქართველოს გვერდით იდგა. თავის მხრივ, საქართველომაც გაუწია დახმარება თურქ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საქმეში. ასევე უნდა აღინიშნოს ის დახმარებაც, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საააგენტომ (TIKA) და წითელი ნახევარმთავრის ორგანიზაციამ, ასევე თურქი ბიზნესმენმებმა გაუწიეს საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის ინფექციის გავრცელების დროს.

 

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც აღიარა. ელჩმა ინტერვიუს დროს ვრცლად იმსჯელა იმ ღონისძიებებზე და ზალისხმევაზე, რაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში. შედეგიც სახეზეა: 26 თებერვლიდან საქართველოში მხოლოდ 731 დაინფიცირებულია და 12 გარდაცვლილი.

 

ქართველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ხორციელდება შეზღუდვებისა და იზოლაციის წესების თანდათანობითი გამარტივება და მათი მოხსნა. „პირველი ივლისიდან ჩვენ უკვე საქართველოში უცხოელი ტურისტების მიღებას ვგეგმავთ“, - თქვა გიორგი ჯანჯღავამ. ტურისტები, ბუნებრივია, საქართველოში გარკვეული წესების დაცვით შემოვლენ, რაც ვირუსთან ბრძოლით არის განპირობებული.

 

საქართველოს ელჩის თქმით, ეპიდემიის მიუხედავად, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კონტაქტები ინტენსიურად ვითარდებოდა, რაც გამოიხატა როგორც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის, ასევე  საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და მევლუთ ჩავუშოღლუს, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას და კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმედ ერსოის   სატელეფონო საუბრებში.

 

გიორგი ჯანჯღავას თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა სტრატეგიული დონით ვითარდება, „ჩვენ ყველა სფეროში საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, თურქეთი საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. ურთიერთობის გაღრმავების მიზნით შექმნილია სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო, რომლის მესამე სხდომის ჩატარება ანკარაშია დაგეგმილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამმხრივი თანამშრომლობა ფორმატით „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი“.

 

„თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ანკარა აგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში ინტეგრირების საკითხში, რასც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ქვეყნისათვის“, - აღნიშნა ქართველმა დიპლომატმა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.aa.com.tr/tr/ekonomi/gurcistan-1-temmuzdan-itibaren-turistleri-kabul-etmeyi-planliyor/1853641

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები